„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი მთავრობას და საზოგადოებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული, სადავო ქონების საკითხზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, მიმართავს.
„მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების აბუჩად აგდებას ბოლო უნდა მოეღოს. როგორც ამ ქვეყნის ბევრ მოქალაქეს, როლანდ ბლადაძესაც 2012 წელს გაუჩნდა იმედი, რომ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებოდა. იგი რამდენიმე წელია იბრძვის სამართლიანობის აღსადგენად, მაგრამ უშედეგოდ. მეც, როგორც მის ადვოკატს და მასაც გვესმის, რომ უსამართლობასთან სამართლიანობის აღდგენის დევიზით შეუძლებელია უკანონოდ და იმავე მეთოდებით ბრძოლა, რასაც წინა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება მიმართავდა. კანონის და სამართლიანობის არსის თანახმად, სიმართლის პოვნა კი გასაგებია, რომ ძნელია.
მიუხედავად ამისა, დღევანდელ დღეს, როცა დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან, ანუ 90–იანი წლებიდან დღემდე მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა წინ გადადგმული სამართლიანობის დასამკვიდრებლად, დაუშვებელია, რომ კანონისა და კონსტიტუციის აღსრულების გარანტი, ინსტიტუციის სათავეში იდგეს ადამიანი, რომელიც უკანონოდ წართმეული ქონების მფლობელია და სხვის კუთვნილ სახლში ცხოვრობს. რომელ კონსტიტუციაზე და სამართალზეა საუბარი? ჩვენ ხომ ბრიუსელიდან ჩამოსული გულუბრყვილო ბიუროკრატები არა ვართ, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ, რა მზაკვრობებზე არის წამსვლელი ოდესის გუბერნატორის მარიონეტი და მოძალადე ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, რომელსაც თავისი თანამდებობა, თავის დროზე თავგასულმა და კანონზე მაღლა მდგომმა ნერონებმა ხონჩით მიართვეს.
არადა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ქვეყენაში ავტორიტეტული პროფესიონალი იურისტი უნდა იყოს, გამოცდილი და მაღალი ზნეობრივი სტანდარტებით მცხოვრები. არც ერთი ეს და სხვა კრიტერიუმი ბატონ პაპუაშვილს არ ახასიათებს. მას ნირი არ შეუხრია და შეთავაზებული მანტია ისე მოისხა, არც უფიქრია, მისი პროფესიული უნარჩვევებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ეკუთვნოდა თუ არა მას ეს თანამდებობა. მეტიც, სააკაშვილის და მისი რეჟიმის მიერ, კონსტიტუციისა და სამართლიანობის ფეხქვეშ გამთელავი ხელისუფლების პირობებში, ერთხელაც კი არ ამოუღია ხმა და დამოუკიდებელი, მართალი და ობიექტური გადაწყვეტილება არ გამოუტანია. არ დაუცავს შეურაცხყოფილი და სააკაშვილის მიერ თავის თავზე მორგებული კონსტიტუციის პრინციპები, თვალს ხუჭავდა მართლმსაჯულების ძალადობაზე მოქალაქეების მიმართ. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ბატონი პაპუაშვილი თითქოსდა მიეწება თავის სკამს, ცდილობს წასვლის წინ მაქსიმალური სამსახური გაუწიოს უსამართლობას და სააკაშვილს. უფრო მეტიც, ის არასგზის არ გამოდის მის მიერ ზნეობრივი პრინციპების ყოველგვარი დარღვევით, სიმბოლურ 1000 ლარად მიტაცებული საცხოვრებელი ფართიდან და რომ შეინარჩუნოს ეს ქონება, იაფფასიან სპექტაკლებს აწყობს და სკანდალური განცხადებებით მანიპულირებს.
პაპუაშვილის ქმედებები გასაგებია, მაგრამ საზოგადოებისთვის არ არის საცნაური დღევანდელი ხელისუფლების გარკვეული უმოქმედობა, რომელიც ვერასგზით ვერ ახერხებს ,,ნაციონალების“ აქტივისტის ალაგმვას.
ცხადია, თავისი აქტიურობით პაპუაშვილი ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიტაცებული ქონების შენარჩუნებას, მაგრამ მდგომარეობის სავალალო სახე იქ ჩანს, სადაც იწყება დაზარალებული როლანდ ბლადაძისთვის ალტერნატიული ფართის მიცემაზე საუბარი. მოქალაქე ბლადაძეს თავისი კუთვნილი ბინის დაბრუნება სურს და არა რაიმე საცხოვრებელი ფართი და ესეც რომ არ იყოს, თუ მეტი არ შეუძლია სახელმწიფოს, ის მაინც გააკეთოს, რომ ეს ალტერნატიული ფართი მოქალაქე პაპუაშვილს შესთავაზოს.
ყველასთვის გასაგებია, რომ ეს მარტივი სასამართლო დავა საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების გამოვლენას, რაც ვფიქრობ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, პრობლემა არ უნდა გამხდარიყო და ჩვენ, მოდავე მხარეს არ გვინდა პერსპექტივაში საქმის ინიცირება ,,როლანდ ბლადაძე საქართველოს წინააღმდეგ“.
მე ვფიქრობ, ჩვენი მართლმსაჯულება სათანადო პოლიტიკური ნების დაფიქსირების შემთხვევაში გადაწყვეტს საკითხს სამართლიანად. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს ქვეყანაში უნდა დამთავრდეს სხვათა ქონების მიმტაცებლების ცემა–ტყეპა აეროპორტებში და ქუჩებში, დანანებით ამოოხვრა იმ ავბედით წარსულზე, როცა აჭარაში და მთელ საქართველოში სისხლის აღების და დამნაშავისთვის სამაგიეროს მიგების მიზნით მტრობდნენ მოქალაქეები ერთმანეთს. მე მზად ვარ ბოლომდე დავიცვა ჩემი კლიენტის ინტერესები, რომელიც ყველა სხვა გარემოებაზე მაღლა დგას“ – ნათქვამია არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაში.