ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს განცხადებას საზოგადოების მორიგ შეურაცხყოფად, მოსამართლის გადაწყვეტილების თაობაზე სასამართლოს განმარტებას კი საქმის უცოდინრობით და სამართლებრივი დასაბუთებით, ნონსენსს უწოდებს.
1 არასწორია სასამართლო განმარტება, თითქოსდა საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ უფლებამოსილმა ორგანომ 2007 წლის 21 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გიორგი პაპუაშვილთან გააფორმა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ან/და სახელმწიფო არ იყო უფლებამოსილი განეკარგა თავისი საკუთრება. მოცმეულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 12 აპრილის აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილება როლანდ ბლადაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, დადასტურებულია, რომ სახელმწიფომ როლანდ ბლადაძეს უკანონოდ ჩამოართვა ქონება. როლანდ ბლადაძის კანონიერი წარმომადგენლის, მარინა ესელიძის 2007 წლის საქართველოს პრეზიდნეტის მიმართ გაგზვანილი წერილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ამავე წლის მიმართვები, რომლებიც ცალსახად მიუთითებდნენ, რომ ჩამორთმეული ქონება იყო სადავო და სახელმწიფო ქონების გასხვისებას აპირებდა გიორგი პაპუაშვილის მიმართ. შესაბამისად, ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შემდგომ ეკონომიკის სამინისტრო, ვალდებული იყო საკითხის გამოკვლევის გარეშე არ წამოეწყო ქონების გასვისების პროცესი. სახელმწიფო უფლებამოსილი არ იყო განეკარგა ის ქონება, რომელიც მიღებული იყო დანაშაულის არარსებობის პირობებში. სწორედ აღნიშნულზე არ იმსჯელა მოსამართლემ.
2 დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, თითქოსდა სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა ქონების გაუუქმებელ და კანონიერ ძალაში არსებულ სხვა ადმინისტრაციული აქტების არსებობას. სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში მოისმინა დასაბუთება, რომ წარსულში სადავოდ გამხდარი პრეზიდენტის განკარგულება, მინისტრის ბრძანება, საკუთრების მოწმობის აქტი, რომელიც 2013 წლის გადაწყვეტილებით კანონიერ ძალაში დარჩა, მხოლოდ ერთადერთი მოტივით არ იქნა გაუქმებული, რომ მათი ბათილობისთვის გასული გახლდათ ხანდაზმულობის ვადები.
3 არასწორია სასამართლოს განმარტება, როდესაც მიუთითებს, რომ მოთხოვნა ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არის ხანდაზმული, ვინაიდან მხარეებს ხანდაზმულობის საკითხზე არც ერთ ეტაპზე არ უმსჯელიათ. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმული ვერ იქნება, ვინაიდან ა) ნასყიდობის ხელშეკრულება არც ერთხელ არ ყოფილა დავის საგანი, ბ) დავა ჩამორთმეული ქონების თაობაზე მიმდინარეობდა მუდმივად, 2004 წლიდან დღემდე. სასამართლო ამ მიდგომაშიც შერჩევით მართლმსაჯულებას გვთავაზობს.
შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს პრეს–სამსახურის განცხადებები, რომელიც ერთხელაც არ დაინტერესებულა დასწრებოდა სხდომას და საქმის განხილვის პროცესში არსებულ დარღვევებზეც მიექცია ყურადღება. სასამართლოს პრეს–სამსახური არ უნდა გადაიქცეს პროპაგანტისტულ ინსტრუმენტად და მიგვაჩნია, რომ ვიდრე გადაწყვეტილება არ იქნება გასაჯაროებული, არ უნდა მოახდინოს კონტექსტიდან ამოგლეჯილი მსჯელობის მიწოდება საზოგადოებისთვის. სასამართლოს პრეს–სამსახური, უმჯობესია საზოგადოების მსახური გახდეს, ვიდრე ასრულებდეს უკანონო გადაწყვეტილებების გადაფარვის და სიცრუის ტირაჟირებას.