არჩილ კაიკაციშვილი არც ერთ საქმეზე დიანა ფარქოსაძეთან წარმომადგენლობას არ განახორციელებს

5 აგვისტო, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძეს სრულ უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ არც ერთ ადვოკატს მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, მათ შორის ქონებრივ დავებთან დაკავშირებით, მოსამართლე კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს.

არჩილ კაიკაციშვილი აღნიშნავს, რომ დიანა ფარქოსაძემ 34 წლის ასაკში პროფესიული ბიოგრაფია დაასრულა, დადგა პოლიტიკურად ანგაჟირებული და სისტემური დანაშაულებების გამთეთრებელი მოსამართლეების რიცხვში და საფრთხეს წარმოადგენს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემისთვის.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, დიანა ფარქოსაძემ მოსამართლის გამოსაცდელი 3–წლიანი ვადა დღეს დაასრულა, როდესაც ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

არჩილ კაიკაციშვილის გადაწყვეტილებით, საადვოკატო წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არ განახორციელებს არც ერთ საქმეზე, სადაც დიანა ფარქოსაძე, დარჩენილ სამოსამართლო ვადაში, იქნება მოსამართლე. აღნიშნულის თაობაზე ყველა კლიენტს წინასწარ ეცნობება.

არჩილ კაიკაციშვილი ოფიციალურად მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომ საქმეთა განაწილების დროს, დიანა ფარქოსაძესთან არ დამისამართდეს ორგანიზაციიდან წარმოებული არც ერთი საქმე.

ამასთან, ორგანიზაცია სრულფასოვნად დაიწყებს დიანა ფარქოსაძის გადაწყვეტილებების საზოგადოებრივ ექსპერტიზას და მისი პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დასმის პროცედურებს.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, დიანა ფარქოსაძე ქართულ საზოგადოებაში უკვე დაკავშირდა უკანონო გადაწყვეტილებებთან, ხოლო მისი სიმტკიცე და კომპეტენტურობა არ აღმოჩნდა საკმარისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებისთვის. მისი თქმით, ყველა ადვოკატმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ქალბატონის პრინციპულად მნიშვნელოვან საქმეებზე აცილება, კლიენტის და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია. 



კომენტარები