პრეზიდენტმა კანონდამრღვევ დავით მჭედლიშვილს ღირსების მედალი გადასცა

7 ოქტომბერი, 2012

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური წერილით მიმართავს და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოითხოვს განმარტებას, თუ რა მიზეზით, დამსახურებითა და მოტივაციით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორ დავით მჭედლიშვილს მინიჭებოდა საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მაღალი ჯილდო – ღირსების მედალი. ამის შესახებ არჩილ კაიკაციშვილმა დღეს, ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს კანონით „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ ღირსების მედალს 13 სახელმწიფო ჯილდოს შორის ერთ–ერთი საპატიო ადგილი უჭირავს, ხოლო „სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების“ შესახებ დებულების თანახმად, „ღირსების“ მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს მოქალაქენი საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის ღირსების მედლით დაჯილდოება შეურაცმხყოფელია, რადგანაც დავით მჭედლიშვილის საქმიანობაში არაერთი კანონდარღვევის ნიშანი იკვეთება. იმ პერიოდში, რა დროსაც დავით მჭედლიშვილის წინააღმდეგ სასამართლო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნილი მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის სარჩელს სწორედაც პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო განიხილავს, დირექტორის ღირსების მედლით დაჯილდოება მხოლოდ უღირსი საქციელია. დავით მჭედლიშვილმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილებები, შეასრულა პოლიტიკური დავალება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა თამარ კაიკაციშვილი და გააყალბა კონკრეტული ნორმატიული აქტები, რომლითაც ყოფილი მოადგილის თანამდებობიდან დათხოვნა და სამსახურიდან გაძევება მოჰყვა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დავით მჭედლიშვილმა კოლეჯიდან მმართველობის 15–წლიან პერიოდში არაერთი თანამშრომელი უკანონოდ დაითხოვა და ერთპიროვნული მმართველობა ჩამოაყალიბა. ადვოკატის განცახდებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი რომელი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის დაიმსახურა დავით მჭედლიშვილმა ღირსების მედალი. ადვოკატი აცხადებს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კოლეჯის მოქმედმა დირექტორმა ღირსების მედალი დაიმსახურა, საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა და ერთგულება იყო. ცნობილია, რომ მჭედლიშვილი ყოფილი მმართველი პარტიის ერთ–ერთი აქტიური კოორდინატორი გახლდათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, იგი აქტიურად მონაწილეობდა ყოფილი მმართელი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გელა ცხომელიძის წინასაარჩევნი შეხვედრებში, პროფესიული სასწავლებლის შენობა მთელი არჩევნების პერიოდში გამოყენებულ იქნა ყოფილი მმართელი პარტიის საუბნო კომისიის წევრების შეხვედრებისთვის და კონსულტაციებისთვის და მჭედლიშვილი მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ყოფილი მმართელი პარტიის სასარგებლოდ იმყოფებოდა სამსახურეობრივ შვებულებაში. მეტიც, საჯაროდ ცნობილი ფაქტია ისიც, რომ კოლეჯმა თავისი თანამშრომელი თეონა მენაფირე წინასაარჩევნო პერიოდში ყოფილი ოპოზიციის საწინააღმდეგო ჟურნალისტურ ჯგუფში წარგზავნა. კერძოდ, მენაფირე რამდენიმე თვე ფსევდო „ინფო9“–ის ჟურნალისტს წარმოადგენდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

შეგახსენებთ, რომ თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს, კოლეჯის დირექტორმა, ოფიციალური ვერსიით, სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, მოსარჩელე მხარემ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა. დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს. საქმეზე უკვე მოსამართლე მესამედ შეიცვალა და მთავარ სხდომას უკვე ხათუნა ბოლქვაძე გაუძღვება, რომელიც 2012 წლის 22 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 15:00 საათზე გაიმართება.

მოსარჩელე მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის განკარგულებით, დავით მჭედლიშვილს ღირსების მედალი 2012 წლის 30 სექტემბერს გადაეცა.



კომენტარები