„ახალგაზრდა ადვოკატები“ გურიაში მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

12 აგვისტო, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაციის ფარგლებში, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრო. პროგრამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილე, გიგა გიორგაძემ. შეხვედრას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობოსა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც პრეზენტაციაზე გურიის გუბერნატორმა განაცხადა, პროგრამის მიზნები და ამოცანები, გურიის რეგიონის მოსახლეობისთვის ცნობილი სოფლის რწმუნებულების მეშვეობით გახდება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ სამშობლოში დაბრუნებულ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს. კერძოდ, ისინი უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები საქართველოში ბინადრობის უფლებით, რომლებიც იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ 1 წელზე მეტი ვადით არალეგალად ან საზღვარგარეთ გააჩდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში. აღნიშნული ადამიანები ორგანიზაციის მხრიდან სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე უფასო იურიდიულ და წარმომადგენლობით მომსახურებას მიიღებენ. საქმეებზე მომზადდება განცხადებები, მიმართვები, სარჩელები, შესაგებლები, კერძო სარჩელები, საჩივრები და გაიგზავნება შესაბამის ადრესატებთან. მოხდება მათზე მიდევნება და გადაწყვეტილებების შესაბამისი რეაგირება.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს ექვს რეგიონში – აჭარა, სამეგრელო–ზემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლსა და კახეთში მოხდება არალეგალური მიგრაციის შესახებ პრეზენტაციები – თუ რას გულისხმობს არალეგალური მიგრაციის ძირითადი გზები, რომელია ადამიანთა ვაჭრობის ყველაზე გავრცელებული სახეები, რა საკანონმდებლო სიახლეებია ეროვნულ და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების მქონე ქვეყნებში, რა პრევენციას ანხორციელებს საქართველო და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების მქონე ქვეყნები, როგორ იცავს და ეხმარება საქართველო არალეგალური მიგრაციის შედეგად დაზარალებულ პირებსა და მსხვერპლთ, ტრეფიკინგის შემთხვევებთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს უფლებამოსილ ორგანოებთან/პირებთან დაკავშირება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფს. პროექტი ხორცილდება საქართველოს მთელ ტერიტორაზე. გათვალისწინებულია არანაკლებ 20 ბენეფიციარის იურიდიული მომსახურება.

ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის გამოყოფილი თანხის მაქსიმალურ ათვისებას, რაც გულისხმობს, რომ თითოეულ ბენეფიციარზე მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, სრულად დაიხარჯება 500 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციართა ინტერესები (სახელმწიფო ბაჟი, ექსპერტიზის მომზადება, სანოტარო მოქმედებები, ინფორმაციის მიღება და სხვა) მოითხოვს გამოყოფილ 500 ლარზე მეტი თანხის დახარჯვას, ორგანიზაცია აღნიშნულ ბენეფიციარებს უარს არ ეტყვის მომსახურების გაწევაზე ბენეფიციარის თანადაფინანსების მონაწილეობით.

აღნიშნული პროექტი გაგრძელდება 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით. ორგანიზაციაში ბენეფიციარებთან ურთიერთობისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 599 291202.

ორგანიზაცია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრატთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიგრანტთა იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფის პროექტს, უკვე მეორედ ახორციელებს.

სახელმწიფომ 2016 წლის იანვარში „ახალგაზრდა ადვოკატებს“ პროექტის საუკეთესოდ განხორციელებისთვის, სპეციალური ჯილდოც გადასცა. 



კომენტარები