პრემიები, დანამატები და სამივლინებო ხარჯები თინათინ ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის ყოფილ სამინისტროებში

15 სექტემბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს მთავრობის ორი უწყების – საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მინისტრის, მინისტრის მოადგილის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის უფროსების მიმართ, გაცემული პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯვითი ნაწილის საკითხს ეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, მარიამ სვიმონიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მხრიდან ორი სამინისტროს საბიუჯეტო ხარჯვითი ნაწილის შესწავლა და შეფასება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც განხორციელდა პოლიტიკური ცვლილება და მინისტრები შეიცვალნენ. მისივე განცხადებით, მინისტრების ცვლილების მიუხედავად, ინტერესის საგანი გახდა არა მხოლოდ მათი საქმიანობის პერიოდში გაცემული პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯვითი ნაწილის საკითხები, არამედ ამ მიმართულებით არსებული ვითარება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 27 ივლისის მდგომარეობით, წლების მიხედვით.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2016 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯის სახით, სულ დახარჯა: 146,267,08 ლარი. აქედან 69 012,85 დანამატის, 3 500 პრემიისა და 73 754,23 მივლინების სახით. 2015 წელს, აღნიშნულმა ხარჯმა, მთლიანობაში შეადგინა 229, 863,81 ლარი. აქედან პრემია: 14 090,00, დანამატი – 112 620,94 და მივლინება – 103 152,87. 2014 წელს, აპარატის ხარჯვითი ნაწილი, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯის სახით, შეადგენდა, სულ 234,005,37, 2013 წელს – 230,713,40 ლარი, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 94,004,49 ლარი. მართალია, მინისტრს, კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2014 წლიდან არ მიუღია პრემია, თუმცა 2014 წელს, დანამატის სახით მიიღო – 32 520 ლარი, 2015 წელს, ასევე 32 520 ლარი, ხოლო 2016 წლის 7 თვის მონაცემით, 18 970 ლარი. რაც შეეხება მინისტრის პრემიას 2012–2013 წლებში, მიღებულია: 14,075 ლარი, ხოლო ამავე პერიოდისთვის, დანამატმა შეადგინა – 43 350 ლარი.

გაცილებით კოლოსალურია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯები. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგი ეხება მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნამდე არსებულ მდგომარეობას, 2012–2016 წლებში კი, საქართველოს თავდაცვის უწყებას სამი სხვადასხვა მინისტრი ჰყავდა – ირაკლი ალასანია, მინდია ჯანელიძე და თინათინ ხიდაშელი. ორგანიზაცია შენიშნავს, რომ არც ერთ დასახელებულ სამ მინისტრს არ უსარგებლია პრემიის მიღებით, თუმცა თითოეულმა მათგანმა მათი საქმიანობის პერიოდში, მიიღო ხელფასზე დანამატი. კერძოდ, თინათინ ხიდაშელმა 2016–2015 წლებში მინისტრად მოღვაწეობის დროს – 64,545 ლარი, მინდია ჯანელიძემ 2015–2014 წლებში – 19,582,95 ლარი, ხოლო ირაკლი ალასანიამ 2014–2012 წლებში – 83,782,52 ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, პრემიები, დანამატები და სამივლინებო ხარჯი, წლების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2016 წელი, 1 აგვისტომდე, დანამატი: 334878,47 ლარი; პრემია: 9336 ლარი; მივლინება: 141248,67 ლარი.
  • 2015 წელი: დანამატი: 476489,43 ლარი; პრემია: 24026,40 ლარი; მივლინება: 306069,90 ლარი;
  • 2014 წელი: დანამატი: 432277,40 ლარი; პრემია: 67102,40 ლარი; მივლინება: 277338,95 ლარი;
  • 2013 წელი: დანამატი: 377331,71 ლარი, პრემია: 93816,96 ლარი, მივლინება: 312639,19 ლარი;
  • 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – დანამატი: 32777,43 ლარი; პრემია: 68080 ლარი; მივლინება: 44545,80 ლარი.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, 2016 წლის 27 ივლისს მიმართა. სამინისტროებმა ორგანიზაციის მიმართ გამოხმაურებები 2016 წლის 5 აგვისტოს მოამზადეს. წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზი, ორგანიზაციამ სექტემბერში დაასრულა. 



კომენტარები