სად ცხოვრობს "პაპუაშვილის საქმის" განმხილველი მოსამართლე და რა ვითარებაში შეიძინა ოჯახმა ბინა

23 სექტემბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და სახელმწიფოს სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული, სადავო ქონების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, დიანა ფარქოსაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და მოსამართლეს მიმართავს, საზოგადოებისთვის განმარტებები გააკეთოს ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე, რომელიც კითხვებს აჩენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული 2016 წლის 11 აგვისტოს წერილის თანახმად, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მიმართ არ გაიცემა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის თანხა. მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანახმად, დიანა ფარქოსაძე რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ არ არის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში მოსამართლის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის თაობაზე მითითება. ასეთი მითითება აუცილებელია, როდესაც მოსამართლე არ სარგებლობს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ბინის დაქირავების უზრუნველყოფით.

ორგანიზაცია ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია 54,20 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირზე, რომელიც რიცხულია მოსამართლის დის, ხათუნა ფარქოსაძის სახელზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2016 წლის 20 თებერვალს. უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთულია ს.ს. „საქართველოს ბანკის“ მხრიდან. უძრავი ნივთის სარეგისტრაციო წარმდგენ მხარედ დაფიქსირებულია თამარ ლონდარიძე შპს „რეესტრი+“-ის სახით. აღნიშნული კომპანია 2014 წლის იანვრიდან საქმიანობს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელია „საქართველოს ბანკების ასოციაცია“. კომპანიის მოქმედი დირექტორიც „საქართველოს ბანკების ასოციაციის“ ოფიციალურ გვერდზე მითითებული პროექტების მენეჯერია. „საქართველოს ბანკების ასოციაცია“ ეფუძნება, მათ შორის საკონსტიტუციო, საერთო და საარბიტრაჟო სასამართლოებში ბანკების ინტერესების დაცვას. ასოციაცია და მისი წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან. ცნობისთვის: იპოთეკური კრედიტის ღირებულება შეადგენს: 40000,00 დოლარს.

მოსამართლე დიანა ფარქოსაძის ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე დეკლარაციაში ხათუნა ფარქოსაძის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შეძენის პერიოდი ემთხვევა პერიოდს, როდესაც მოსამართლე დიანა ფარქოსაძე განიხილავს როლანდ ბლადაძის ქონების ჩამორთმევის საქმეს. 2016 წლის თებერვალი და მარტის თვე, როლანდ ბლადაძისთვის არსებითი მნიშვნელობის გადაწყვეტილებებითაა საყურადღებო. კერძოდ, დიანა ფარქოსაძემ 2016 წლის 5 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, არ დააკმაყოფილა გიორგი პაპუაშვილის საჩივარი 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე ყადაღის უზრუნველყოფის შესახებ და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადაგზავნილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ხოლო 2016 წლის 18 აპრილს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ როლანდ ბლადაძის განმეორებითი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე, არ დააკმაყოფილა და გიორგი პაპუაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაცია პატივს სცემს მესაკუთრის უფლებებს და ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის ამონაწერით აღნიშნული უტყუარობის პრინციპით, თუმცა იმავდროულად ხელმძღვანელობს როლანდ ბლადაძის საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესით და საზოგადოების უფლებით, ფლობდეს ინფორმაციას და თავად აკეთებდეს ანალიზსს.

ორგანიზაცია ყურადღებას მიაპყრობს მოსამართლე დიანა ფარქოსაძის შრომითი ანაზღაურებისა და ფინანსური შემოსავლების საკითხს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დიანა ფარქოსაძის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 4000 ლარით. მოსამართლე ღებულობს თანამდებობრივ სარგოზე დანამატს 700 ლარის ოდენობით. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლის 2013 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 13,650 ლარს, 2014 წელს – 28,120 ლარს, ხოლო 2015 წელს – 58,453,75 ლარს. ჯერ–ჯერობით, გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი არ არის მოსამართლის 2016 წლის შემოსავლების თაობაზე ინფორმაცია. დეკლარაციის მიხედვით, ცნობილია მხოლოდ ის გარემოებაც, რომ მოსამართლემ 2015 წლის მარტში სესხის სახით 8000.00 ლარი მიიღო „რესპუბლიკა“ ბანკიდან და აღნიშნული სესხის ხელშეკრულების დაფარვის ვადად მითითებულია 2018 წლის მარტი.

ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ მოსამართლე განმარტებებს გააკეთებს საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებულ საკითხზე და საზოგადოებას ექნება მეტი ინფორმაცია.

ცნობისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის 2015 წლის 26 აპრილის #1/19 გადაწყვეტილებით, დიანა ფარქოსაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილებას 2015 წლის 1 მაისიდან ახორციელებს. მოსამართლე დანიშნულია 3–წლიანი გამოსაცდელი ვადით. სწორედ დიანა ფარქოსაძემ განიხილა როლანდ ბლადაძის სარჩელი და 2016 წლის 5 აგვისტოს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე, მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. როლანდ ბლადაძე სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დამდეგ კვირას გაასასჩივრებს.  



კომენტარები