„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვითხოვთ, გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტის მიმართ ზეწოლის ფაქტი განმარტოს

5 ოქტომბერი, 2012

უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ გაზეთ „გურია ნიუსის“ აჭარის რეგიონალური კორესპოდენტის, ტარიელ ცეცხლაძის მიმართ „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, გიორგი თარგამაძის მხრიდან განხრციელებულ ქმედებას ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტად და გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევად აფასებს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ ზეწოლის ფაქტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თავად ჟურნალისტთან გადაამოწმა. როგორც ტარიელ ცეცხლაძემ ორგანიზაციის იურისტებს განუცხადა, გიორგი თარგამაძემ მას მკაცრად და კატეგორიულად მოსთხოვა თავი შეეკავებინა და „ჭკუით ყოფილიყო“ სოციალურ ქსელებში ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ამჟამინდელი პოლიტიკური მდგომარეობის კრიტიკისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თარგამაძე მოიქცეოდა სხვაგვარად, რომ არა პოლიტიკოსისათვის დამახასიათებელი თმენის ვალდებულება.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ ტარიელ ცეცხლაძემ აცნობა, რომ ქდმ–ს ლიდერის გაღიზიანება განპირობებული გახლდათ სოციალურ ქსელ Facebook-ში გაკეთებული განცხადების გამო. კერძოდ, ტარიელ ცეცხლაძემ გიორგი თარგამაძის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ–ერთი მომხმარებლის შეტყობინებაზე: „ეს კიდევ უფრო დაპატარავდა, ცრუ გიორგი“ – საპასუხოდ დაწერა, რომ „რა ქნას, პოლიტიკაში ყველაფერი დაკარგა და ჟურნალისტიკაში აღარ დაებრუნება".

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვგმობთ ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას და მოვითხოვთ, ქდმ ოფიციალურ განმარტებას ბათუმში დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც გიორგი თარგამაძე აჭარა–გურიის პარტიულ მხარდამჭერებს შეხვდა. ასეთი ქმედება კიდევ უფრო მეტად მიუღებელია იმ პოლიტიკური ლიდერისგან, რომელიც პოლიტიკაში მედიიდან მოვიდა, ტელეკომპანია „იმედის“ დახურვის სისატიკე საკუთარ გამოცდილებად მიიღო და ყველაზე მეტად უნდა აცნობიერებდეს ჟურნალისტის თავისუფლების პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ ტარიელ ცეცხლაძის განცხადებაში არსად ჩანს ცილისწამება. ჟურნალისტის მოსაზრება მისი პროფესიული და მოქალაქეობრივი გამოხატვის თავისუფლების კლასიკურ მაგალითადაც შეიძლება მივჩნიოთ.

 



კომენტარები