„ახალგაზრდა ადვოკატები“ გიორგი პაპუაშვილის 10–წლიანი სამოსამართლეო ვადის დასრულებას აფასებს

29 სექტემბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სამოსამართლეო 10–წლიანი უფლებამოსილების დასრულებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გიორგი პაპუაშვილმა სასამართლოს თავმჯდომარედ საქმიანობის მანძილზე, გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ნდობას და დამოუკიდებლობის საკითხს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007–2012 წლებში, პრინციპული და აქტიური პოზიცია არ გამოუთქვამს ქვეყანაში ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დარღვევის სისტემურ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის საკუთრების უფლების, გამოხატვისა თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური უფლებების შეალახვის შემთხვევებთან დაკავშირებით. ქვეყანაში საკონსტიტუციო მართლმსაჯულებამ გიორგი პაპუაშვილის მეშვეობით, ადამიანის უფლებების დაცვის რეალური ფუნქცია ვერ შეასრულა. მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე ანგარიშვალდებული აღმოჩნდა აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე, რომელმაც მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებისთვის, თითოეულ მათგანს საცხოვრებელი სახლები აჩუქა. აღნიშნული შემთხვევა უპრეცედენტოა და ანალოგი მხოლოდ ერთპარტიული დემოკრატიის ქვეყნებში მოეძებნება. აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან დაშვებულმა ელიტური კორუფციის ფაქტმა, მთლიანად გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა სასამართლოს ავტორიტეტსა და დამოუკიდებლობას. შესაბამისად, 2007–2012 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო მართლმსაჯულება ვერ პასუხობდა იმ სტანდარტს, რითაც საზოგადოების კონსტიტუციური უფლებების სტაბილურობა იქნებოდა გარანტირებული.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ერთმნიშვნელოვნად განაპირობა გიორგი პაპუაშვილის ფაქტორმა. საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობდა აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირი და პარტიული ერთ–ერთინ ლიდერი, ვინაიდან გიორგი პაპუაშვილი მოსამართლედ და თავმჯდომარედ გახდომამდე, წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს და სარგებლობდა უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნდობით. შესაბამისად, 2012–2016 წლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა, რომელშიც გახდა პოლიტიკური კონტექსტებით ნაკარნახევი, გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო არც ხელისუფლებისთვის, არც საზოგადოებისთვის და არც ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის.

გიორგი პაპუაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ მხარედ აქცია, სასამართლო სტრუქტურა გადაიქცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისა თუ აქტივისტების დასაქმების ადგილად, რასაც არც ერთი მოსამართლე არ გამიჯვნია, გიორგი პაპუაშვილის ბოლოდოირნდელმა განცხადებებმა კი მოსამართლეების მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს მიაყენა გამოუსწორებელი შედეგი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს საკონსტოტუციო სასამართლოს ახალი წევრები და ახალი თავმჯდომარე, რეალურად შეძლებენ საკონსტიტუციო მართმსაჯულების ნდობის აღდგენას. ამასთან, ხელისუფლება დროულად გამოიძიებს მოსამართლეების მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს. საზოგადოების დღევანდელი მოთხოვნაა, ქვეყანას გააჩნდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, სადაც ინდივიდუალური მოსამართლის როლი, რეალურად არ იქნება პოლიტიკის სამართალში დამკვიდრება. ვფიქრობთ, აღნიშნული მიღწევა რთული, მაგრამ შესაძლებელია. 



კომენტარები