ცნობილია საბოლოო ვერდიქტი - ს.ს. „პროკრედიტ ბანკი“ ანა მაჩიტაძეს აღადგენს და 37,232 ლარს გადაუხდის

18 ოქტომბერი, 2016

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ წინააღმდეგ მოქალაქე ანა მაჩიტაძის პრეცედენტულ შრომით დავასთან დაკავშირებით, საქმეზე დამასრულებელი და ბანკის მიმართ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ქართულ სასამართლოებში, კლიენტების მიმართ „ღმერთმა დაგლოცოს“ მიმართვის გამო, ბანკიდან გათავისუფლებული თანამშრომლის გახმაურებული და ცნობილი საქმეზე, სამართალწარმოება დასრულდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის შეტყობინებით გახდა ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა ცნობილი დაუშვებლობის გამო. სასამართლომ გადაწყვეტილება 2016 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით მიიღო. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სასამართლოს გაადწყვეტილებით, 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, ანა მაჩიტაძე ს.ს. „პროკრედიტ ბანკიდან“ იძულებითი შრომის ანაზღაურებისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების სახით, 37,232 ლარს მიიღებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, აგრეთვე ბათილად იქნა ცნობილი ბანკის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და ანა მაჩიტაძე აღდგენილ იქნა ბანკის ვაკის სერვის-პუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის ან სასამართლოს აღსრულების მომენტისთვის, ტოლფასს თანამდებობაზე.

გვსურს საზოგადოებას შევახსენით საქმეზე სამართალწარმოების პროცესი და მიღებული გადაწყვეტილებები, ვინაიდან თვალსაჩინო გახდეს საკითხის ისტორია:

  1. 2015 წლის 26 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ანა მაჩიტაძის სარჩელი. ანა მაჩიტაძემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით;
  2. 2015 წლის 21 დეკემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ანა მაჩიტაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ს.ს. „პროკრედიტ ბანკმა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესს სასამართლოში;
  3. 2016 წლის 19 აპრილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფლდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;
  4. 2016 წლის 27 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანა მაჩიტაძის საჩივარი დაკმაყოფილდა სრულდა, 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ს.ს. „პროკრედიტ ბანკმა“ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა;
  5. 2016 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა ცნობილი დაუშვებლობის გამო.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბანკიდან თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი გახდა დასაქმებულის არაკვალიფიციურობა და მისი უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ პოზიციასთან. ბანკმა „არაკვალიფიციურობის“ გამომხატველ გარემოებად მიიჩნია ანა მაჩიტაძის მხრიდან ბანკის მიერ დადგენილი სამუშაო ფინანსური გეგმის შეუსრულებლობა, საქმიანობის შესახებ შიდა პრეზენტაციების ჩაუტარებლობა, ხოლო „უნარ-ჩვევების“ შეუსაბამობაში იგულისხმა კლიენტებთან ზედმეტი ფამილარობა, რაც გამოიხატებოდა სიტყვებით: „ღმერთმა დაგლოცოთ“.

სასამართლოებმა დადასტურებულად მიიჩნია გათავისუფლების ერთ-ერთი მოტივი. კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ანა მაჩიტაძის მხრიდან კლიენტებისადმი მიმართვა სიტყვებით „ღმერთმა დაგლოცოს“ არ წამოადგენს ფამილარულ დამოკიდებულებას. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მიმართავა „ღმერთმა დაგლოცოს“ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობის სტანდარტებიდან და ფორმებიდან გამომდინარე, არ შეიძლება შეფასდეს ფამილარულ დამოკიდებულებად. აგრეთვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისთვის, რომ ეს გათავისუფლება მომხდარიყო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საერთო სასამართლოების მიერ პრეცედენტულ დავაზე მიღებულ გადაწყვეტილებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, დიპლომატიურ კორპუსაა და სამეცნიერო ორგანიზაციებს გადაუგზავნის. გადაწყვეტილებაზე აღსრულების პროცესი გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ დაიწყება.

ანა მაჩიტაძის კანონიერ ინტერესებს საერთო სასამართლოებში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდა. 



კომენტარები