თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2016 წლის 27 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სახელმწიფოს სახით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე სასამართლო სხდომა გაიმართება. ეს არის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში პირველი სასამართლო სხდომა. საქმეს პალატა სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. კერძოდ, გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე), ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი. გიორგი გოგიაშვილმა მოსამართლის თანამდებობაზე საქმიანობა დაიწყო 2016 წლის 25 ივლისიდან და დანიშნულია 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, როლანდ ბლადაძის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი საზოგადოებას სასამართლო სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდებს და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას მოითხოვს. მისი განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე გიორგი პაპუაშვილის არამხოლოდ კოლეგაა, არამედ მეგობარი. შესაბამისად, არჩილ კაიკაციშვილი მოითხოვს საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა არ განახორციელონს შერჩევითი მართლმსაჯულება და სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძემ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ პალატას ექნება დამოუკიდებელი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფალი არჩევანი. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ საქმის წარუმატებლობის შედეგით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე უშუალოდ დაინტერესებულია, რომელიც ასევე მონაწილეა და ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურებულია წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, როდესაც ვალერი ცერცვაძემ 2004 წელს როლანდ ბლადაძის ქონების ჩამორთმევა მოახდინა. ის ფაქტი, რომ სასამართლო ცდილობს დაჩქარებული წესით საქმეზე გადაწყვეტილებების მიღებას. რჩება სრული ვარაუდი იმისთვის, რომ სასამართლო იგნორირებას უკეთებს იმ მტკიცებულებებსა და დასაბუთებას, რომელიც როლანდ ბლადაძემ სააპელაციო პალატის წინაშე დააყენა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.
სასამართლო პროცესი #8 სხდომათა დარბაზში დაიწყება.