არჩილ კაიკაციშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სპეციალური წერილით მიმართა

28 ოქტომბერი, 2016

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს სპეციალური განცხადებით მიმართავს და სახელმწიფოს სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე განმხილველი ახალი კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობის დანიშვნას, საქმესთან შემხებლობაში არმქონე მოსამართლეებისგან მოითხოვს. მიმართვა ოფიციალური წესით უკვე დარეგისტრირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 

„როლანდ ბლადაძის საქმე ქართული მართლმსაჯულების სისტემაში, ერთ-ერთი გახმაურებული და რეზონანსულია. საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესი განპირობებულია ქონებაჩამორთმეულის მიმართ დაშვებული სისტემური დანაშაულის ფაქტებით. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების აბსოლუტური საფუძვლები. ამასთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბერს უკვე მიემართა საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მიმართ კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის შესწავლასთან დაკავშირებით. ყველა გარემოება მიუთითებს იმ ფაქტს, რომ დღეს სასამართლოს სისტემა ცდილობს როლანდ ბლადაძის საქმეზე არ დადგეს კანონიერი გადაწყვეტილება. საქმის განმხილველი ცალკეული მოსამართლეების მოქმედებები მიუთითებს, რომ სასამართლო მოწოდებულია არა უფლების აღდგენაზე, არამედ მოქალაქის საკუთრების უფლების შელახვისკენ“ - ნათქვამია განცხადებაში. 

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმეზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის არსებითი და საეტაპო მნიშვნელობა გააჩნია. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე პასუხისმგებელია არამხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლები, არამედ სასამართლოს თავმჯდომარე. საქმეზე დგას ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობი საკითხი. მოცემულ ეტაპზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ერთი რამ ცხადია, რომ 2004 წლის 30 აგვისტოს მინდობილობის საფუძველზე, თქვენ უშუალოდ ახორციელებდით ბრალდების მხარის უფლებამოსილებას და მონაწილეობდით როლანდ ბლადაძის ქონების ჩამორთმევის საქმეში. წლები გავიდა, დღეს კი თქვენ გაკისრიათ მაღალი მორალური და პროფესიული, თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოთ დამოუკიდებელი მართლმსჯაულება საქმეზე. 2013 წლის 12 აპრილის აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილებით, ცალსახად დადასტურდა, რომ დანაშაული, რომლის საფუძველზეც მოქალაქე როლანდ ბლადაძეს ქონება ჩამოართვეს, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, აღნიშნული დანაშაული არც არასდროს ჩადენილა და არსებულა. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე, სწორედ სასამართლოს თავმჯდომარეს გაკისრიათ მთავარი პასუხისმგებლობა, რომ საქმეზე მოქალაქის უფლების დაცვისთვის მაღალი სტანდარტის მართლმსაჯულება უზრუნველყოთ. წარსულში, სისტემური დანაშაულებების შედეგებს, დღეს მთელი საზოგადოება იმკის, თუმცა დღევანდელ ვითარებაში, სიმართლის მაძიებელი ადამიანები პირადი და შეგნებული მოსაზრებებით, არ უნდა იჩაგრებოდნენ. ამიტომაც, მხარე მოგმართავთ და მოითხოვს, სწორედ თქვენი ინსტიტუციური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან კანონის თანახმად, ამჟამად თქვენ უნდა განსაზღვროთ საქმეზე ახალი განმხილველი კოლეგია, საქმე განსახილველად გადასცეთ იმ მოსამართლეთა შემადგენლობას, რომლებიც არც ერთ ეტაპზე, საქმესთან შემხებლობაში არ ყოფილან“ - ნათქვამია მიმართვაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ამჟამად არსებული 13 მოსამართლიდან, მხოლოდ 6 მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა საქმის განხილვა განახორციელოს. 13 მოსამართლიდან 7 მოსამართლეს, სხვადასხვა დროს და საქმის სხვადასხვა ეპიზოდზე, უკვე მიღებული აქვს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. მხარე მოთხოვს, არ მოხდეს ახალი სამოსამართლო უფლებამოსილების საქმეზე განსაზღვრა ისე, ვიდრე არ იქნება გათვალისწინებული ზემოაღნიშნული სამართლებრივი გარემოება და მოცემულობა. 

როლანდ ბლადაძის საქმეზე განხილვისთვის ახალ შემადგენლობაში მონაწილეობის მიღების ლეგიტიმური საფუძვლები გააჩნიათ შემდეგ მოსამართლეებს: გიორგი გოგიაშვილი, ნათია ქუთათელაძე, თეა თადაშვილი, მერაბ ლომიძე, გიორგი ტყავაძე და შოთა გეწაძე. 

როლანდ ბლადაძის საქმეზე ახალ შემადგელობაში, საქმეზე სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ეპიზოდზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო, მონაწილეობის მიღების უფლება არ გააჩნიათ მოსამართლეებს: მირანდა ერემაძეს, ლევან მურუსიძეს, ქეთევან დუგლაძეს, ირაკლი შენგელიას, თეა ძიმისტარაშვილს, მანანა ჩოხელსა და ნინო ქადაგიძეს.

ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მომხსენებელი მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა და საქმეზე დანიშნული განმხილველი მოსამართლეები: მანანა ჩოხელი და ნინო ქადაგიძე საქმის განხილვას ჩამოშორდნენ. მხარეს არ ჰქონია საქმის განმხილველი მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის აცილების მოთხოვნა. კანონის თანახმად, საქმეზე ახალი განმხილველი მოსამართლეები სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძემ თავიდან უნდა დანიშნოს. 



კომენტარები