თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ გარემოში არ მიმდინარეობს

25 ნოემბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცახდებას ავრცელებს და საარჩევნო უბნების პიკეტირების ფაქტს თავისუფალი არჩევნების არსიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნევს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთი ნაწილის საპროტეტსო გამოსვლების შედეგად, შექმნილმა ვითარებამ შეუძლებელი გახადა არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის რეალური უზრუნველყოფა, რაც ნებისმიერი დონის არჩევნების ჩატარებისთვის ფუნდამეტურ საკითხებს წარმოადგენს და არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხზე მეტყველებს. შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შეჩერების გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, საარჩევნო დებულებებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა ლეგიტიმურ მიზანს - არჩევნების უზრუნველყოფის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს იმის შესახებაც, რომ 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მოანწილეობას მიიღებს სტუდენტთა სრული რაოდენობის სულ ცოტა 10%. როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, თსუ-ის სტუდენტური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში 20 615 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტია. ამდენად, მნიშვნელოვანია, დაზუსტდეს, საარჩევნო დღის ბარიერების მიუხედავად, არჩევნების დღეს, რამდენმა სტუდენტმა გამოხატა საკუთარი ნება და ეს რაოდენობა რამდენად შეადგენს სტუდენტთა სრული რაოდენობის სულ ცოტა 10%-ს.

ორგანიზაცია თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების მაღალი ლეგიტიმაციისთვის, არ გამორიცხავს კენჭისყრის განახლებას ან ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე მსჯელობის საფუძვლიანობის განხილვას. ამასთან, ორგანიზაცია ცალსახად აღნიშნავს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის სამართლებრივი საფუძვლები და ინსტიტუციური მოწყობა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით, სრულიად ახლებურად უნდა დარეგულირდეს, თუმცა ინსტიტუციური რეფორმების საჭიროება არ ამართლებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, დადგენილ ვადებში, კანონის საფუძველზე უნივერსიტეტის ერთ-ერთი მმართველობითი რგოლის არჩევნების ჩაშლისკენ მიმართულ მცდელობებს, რაც არც რეფორმის მომხრე ჯგუფის მიმართ, საერთო სტუდენტურ საზოგადოებაში, ნდობის მანდატზე მეტყველებს.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“, თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნებს ოფიციალურად აკვირდება. 



კომენტარები