დღეს ადამიანის უფლებების დამცველი მთავარი ინსტიტუცია სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს

10 დეკემბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას მიმართავს, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციური განვითარებისთვის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღოს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, დღეს ადამიანის უფლებების დამცველი მთავარი ინსტიტუცია სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი და თავისუფალი მოსამართლეები. ხელისუფლებამ უნდა შექმნას სასამართლოს დამოუკიდებლობის რეალური გარანტიები, მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა კი არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელება და უკანონო გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებების შეგნებული დარღვევა. სამწუხაროდ, ჩვენი სასამართლო საქმიანობის გამოცდილება, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე მიგვითითებს გარემოებებზე, როდესაც ცალკეული მოსამართლეები, საქართველოს სახელით, აგრძელებენ სისტემური დანაშაულებების დაკანონებას, რაც რეაგირების გარეშე რჩება. სასამართლო სისტემაში საუბარია სავარაუდო კორუფციულ სამართალდარღვევებზე, რაზედაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სდუმს. მნიშვნელოვანია, ამ საკითხებზე სასამართლოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ყურადღება დაუთმოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. სახელმწიფომ შექმნას დაუცველი მოქალაქის დაცვის რეალური გარანტიები, როდესაც უფლების აღმდგენი ინსტიტუცია სასამართლოა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა მომდევნო საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის მეტი გარანტოებისთვის, შექმნას დამატებითი დაცვის მექანიზმები. პარლამენტი სათანადოდ უნდა აფასებდეს იმ მდგომარეობას, რომ საზოგადოებამ წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობის სახით მიიღო სისტემური დანაშაულებები, რომელთა მტკიცებას, საერთო სასამართლოებში, სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობა. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი დაუბრუნდება ახლადაღმოჩენილი და ახლადგამოვლენილი გარემოებების დროს, საქმისწარმოების განახლების ვადების გაზრდის ინიციატივას. დღეს არაერთი საქმეა, როდესაც კანონში არსებული დათქმების გამო, მოქალაქეები სამოქალაქო უფლებებში აღდგენას ვერ ახერხებენ. ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის მეტი ეფექტური მოქმედებების აუცილებლობაზე და მიიჩნევს, რომ საჭიროა საზოგადოება გრძნობდეს, რომ ინსტიტუციურად არსებობს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ ვითარებაზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას ნდობა უნდა დაუბრუნდეს იმ სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სახელით, საზოგადოების ანტიგანწყობებს იმსახურებს. ორგანიზაცია შენიშნავს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემაა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას შერჩევითი პრინციპის გარეშე განახორციელებენ. ფინანსურად ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ მიმართულია კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე, რაც, თავისთავად, მიუღებელი არ არის, მაგრამ ქვეყანაში ტენდენციის სახე იღებს ერთი ან რამდენიმე უფლების დაცვის პროპაგანდა, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ჰქონდეს საყოველთაობის მიზანი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ემყარება სამ ძირითად ფასეულობას - ღირსებას, თავისუფლებას და თანასწორუფლებიანობას. ჩვენმა ორგანიზაციამ 2012 წლიდან დღემდე არაერთი წარმატებული საქმით წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დაცვისთვის თავდადება, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ნიშნავს საზოგადოებისა და ჩვენი პროფესიის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“, როგორც ყველაზე აქტიური უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია, არც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე და არც საქართველოს მთავრობამ პრემიერის სახელით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, არ იქნა მიწვეული, არ ცვლის ჩვენს ფასეულობებს და მოტივაციას, წარმატებით გავაგრძელოთ ადამიანის უფლებების დაცვა და უფლებების დაცვის სფეროში ყველას შევახსენოთ, რომ მთავარი ღირებულებაა - ადამიანი! 



კომენტარები