„ახალგაზრდა ადვოკატები“ თამარ ჩუგოშვილის განცხადებას და პარლამენტის დამოკიდებულებას ეხმაურება

12 დეკემბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „საპარლამენტო უმრავლესობა გულწრფელადაა დაინტერესებული არასამთავრობო სექტორის კრიტიკული მოსაზრებები მოისმინოს“ და აღნიშნავს, რომ თუკი საპარლამენტო უმრავლესობას რეალურად სურს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე კონკრეტული წინადადებები მოისმინოს, შეხვედრაზე მხოლოდ ლობისტი არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა მიიწვიონ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პირველი სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც გაგრძელდა ტრადიცია და ქვეყნის მმართველი პირველი პირების მიმართ, კითხვის დასმის უფლებით, მხოლოდ ოფიციოზისთვის მისაღები სამოქალაქო სექტორის წრე სარგებლობდა. აღნიშნული ეწინააღმდეგება მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების მხრიდან გაცხადებულ პოზიციებს სამოქალაქო ორგანიზაციების ფართო ჯგუფებთან ინსტიტუციური დიალოგის თაობაზე. ხელისუფლება არ უნდა უსმენდეს არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ ერთ ჯგუფს, რომელთა მოსაზრებებიც, საზოგადოებისთვის, თავისთავად ცნობილია. მნიშვნელოვანია, ყურადღება დაეთმოს სასამართლოსთან პრაქტიკული გამოცდილების მქონე იმ ჯგუფებს, რომლებსაც კონკრეტული კითხვები გააჩნიათ სამართლიანიობის აღდგენის პრობლემურ მხარეებზე, მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე, სავარაუდო კორუფციულ სამართალდარღვევებზე სასამართლო სისტემაში, პოლიტიკურად მოტივირებულ თუ მაღალი საჯარო ინტერესის საქმეებზე, სისტემურ დანაშაულებებზე, შრომით ურთიერთობებიდან წარმოშობილ საკითხებზე, უკანონო გათავისუფლებებზე, უთანასწორო პრემიებზე და ხელფასებზე, სამინისტროების მუშაობაზე, ლარის გაუფასურებაზე და მასზე პასუხიმგებელ პირებზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ ვითარებაზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას ნდობა უნდა დაუბრუნდეს იმ სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სახელით, საზოგადოების ანტიგანწყობებს იმსახურებს. ორგანიზაცია შენიშნავს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემაა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას შერჩევითი პრინციპის გარეშე განახორციელებენ. ფინანსურად ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ მიმართულია კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე, რაც, თავისთავად, მიუღებელი არ არის, მაგრამ ქვეყანაში ტენდენციის სახე იღებს ერთი ან რამდენიმე უფლების დაცვის პროპაგანდა, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ჰქონდეს საყოველთაო მიზანი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს დაშვებულ შეცდომას და მოუსმენს ყველა ცნობილ და აქტიურ ორგანიზაციას თუ სპეციალისტს, რომელსაც სურს გამოცდილება გაუზიაროს ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის მმართვა 4 წლით ანდეს და სექტორთან ინსტიტუციური დიალოგი შერჩევითი პრინციპებით არ ეკადრებათ. 



კომენტარები