„ახალგაზრდა ადვოკატები“ - ს.ს. „პროკრედიტ ბანკი“ ანა მაჩიტაძეს სამსახურში 19 დეკემბრიდან აღადგენს

15 დეკემბერი, 2016

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების მიხედვით, ს.ს. „პროკრედიტ ბანკმა“ რელიგიური დისკრიმინაციის საფუძველზე გათავისუფლებული ანა მაჩიტაძის სამსახურში აღგენის პროცედურები ნებაყოფლობით დაიწყო. 2016 წლის 15 დეკემბერს, ბანკის წარმომადგენლებმა ანა მაჩიტაძესთან შეხვედრა გამართეს. ანა მაჩიტაძე ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ სათავო ოფისში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელ, ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილთან ერთად მივიდა, თუმცა ბანკმა შეხვედრა სამსახურში აღდგენილ თანამშრომელთან პირისპირ გამართა. არჩილ კაიკაციშვილი შეხვედრაზე არ დაუშვეს, რაც ბანკის მხრდან განმარტებულ იქნა სიტყვებით, რომ „სასამართლო სხდომა დასრულებულია და ბანკს სურდა აღდგენილ თანამშრომლეთან პირისპირ ურთიერთობა“.

ანა მაჩიტაძე სამსახურში საქმიანობას 2016 წლის 19 დეკემბრიდან შეუდგება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ წინააღმდეგ მოქალაქე ანა მაჩიტაძის პრეცედენტულ შრომით დავასთან დაკავშირებით, საქმეზე დამასრულებელი და ბანკის მიმართ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება 2016 წლის 13 ოქტომბერს მიიღო, რითაც ქართულ სასამართლოებში, კლიენტების მიმართ „ღმერთმა დაგლოცოს“ მიმართვის გამო, ბანკიდან გათავისუფლებული თანამშრომლის გახმაურებული და ცნობილი საქმეზე, სამართალწარმოება დასრულდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, აგრეთვე ბათილად იქნა ცნობილი ბანკის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და ანა მაჩიტაძე აღდგენილ იქნა ბანკის ფიზიკური პირების მრჩევლის თანამდებობაზე.

გვსურს საზოგადოებას შევახსენით საქმეზე სამართალწარმოების პროცესი და მიღებული გადაწყვეტილებები, ვინაიდან თვალსაჩინო გახდეს საკითხის ისტორია:

  1. 2015 წლის 26 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ანა მაჩიტაძის სარჩელი. ანა მაჩიტაძემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით;
  2. 2015 წლის 21 დეკემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ანა მაჩიტაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ს.ს. „პროკრედიტ ბანკმა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესს სასამართლოში;
  3. 2016 წლის 19 აპრილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფლდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;
  4. 2016 წლის 27 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანა მაჩიტაძის საჩივარი დაკმაყოფილდა სრულდა, 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ს.ს. „პროკრედიტ ბანკმა“ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა;
  5. 2016 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა ცნობილი დაუშვებლობის გამო.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბანკიდან თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი გახდა დასაქმებულის არაკვალიფიციურობა და მისი უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ პოზიციასთან. ბანკმა „არაკვალიფიციურობის“ გამომხატველ გარემოებად მიიჩნია ანა მაჩიტაძის მხრიდან ბანკის მიერ დადგენილი სამუშაო ფინანსური გეგმის შეუსრულებლობა, საქმიანობის შესახებ შიდა პრეზენტაციების ჩაუტარებლობა, ხოლო „უნარ-ჩვევების“ შეუსაბამობაში იგულისხმა კლიენტებთან ზედმეტი ფამილარობა, რაც გამოიხატებოდა სიტყვებით: „ღმერთმა დაგლოცოთ“.

სასამართლოებმა დადასტურებულად მიიჩნია გათავისუფლების ერთ-ერთი მოტივი. კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ანა მაჩიტაძის მხრიდან კლიენტებისადმი მიმართვა სიტყვებით „ღმერთმა დაგლოცოს“ არ წამოადგენს ფამილარულ დამოკიდებულებას. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მიმართავა „ღმერთმა დაგლოცოს“ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობის სტანდარტებიდან და ფორმებიდან გამომდინარე, არ შეიძლება შეფასდეს ფამილარულ დამოკიდებულებად. აგრეთვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისთვის, რომ ეს გათავისუფლება მომხდარიყო.

სასამართლოს გაადწყვეტილებით, 2014 წლის 1 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე, ანა მაჩიტაძე ს.ს. „პროკრედიტ ბანკიდან“ იძულებითი შრომის ანაზღაურებასა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებასაც მიიღებს, რაც ამ ეტაპზე 37,232 ლარს აღემატება.

ანა მაჩიტაძის კანონიერ ინტერესებს საერთო სასამართლოებში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდა. 



კომენტარები