ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიმართ, ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესს სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაციის მხრიდან გასაჩივრების გადაწყვეტილებას გააჩნია საჯარო მმართველობის შემდგომი განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულება, რადგანაც სააპელაციო პალატა წაახალისა და ლეგიტიმაცია გაუკეთა შემთხვევას, როდესაც საჯარო უწყებებს ადმინისტრაციული წარმოების დროს, საქმესთან დაინტერესებული პირების დარბაზიდან გაძევება თავისუფლად შეეძლებათ და აღნიშნულით, საქმის განხილვის საჯაროობის პრინციპის დარღვევა არ ჩაითვლება კანონმდებლობის დარღვევად.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მნიშვნელოვანია, როგორ განმარტავს საქართველოს უზენაესი სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სადავო გარემოებებს. მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოც, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ერთად, ეთანხმება „ახალგაზრდა ადვოკატებს“, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორგანიზაცის ადმინისტარციული საჩივრის განხილვის დროს, მნიშვნელოვნად დაარღვია სხდომის საჯაროობის პრინციპი, თუმცა პალატაც იზიარებს მიდგომას, რომ დარღვევას გავლენა არ მოუხდენია ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებზე და მიღებული აქტის მართლზომიერებაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თავიდანვე დააფიქსირეს პოზიცია, რომლის მიხედვითაც, მიღებული გადაწყვეტილება უკიდურესად მიკერძოებულია და თუკი საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში წამოჭრილი მსჯელობა კანონიერ ძალაში დარჩა, აღნიშნული მომავალში საფუძველს მისცემს არამხოლოდ ცესკო–ს, არამედ ნებისმიერ საჯარო უწყებას, ადმინისტარციული სხდომებიდან საქმის განხილვასთან დაკავშირებული დაინტერესებული პირები გააძევონ, რაც დემოკრატიისა და გამჭვირვალობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იქნება.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის განმავლობაში, ორჯერ მიიღეს მონაწილეობა ცესკოს დაქვემდებარებული სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. ორგანიზაციის საპროექტო წინადადება არც ერთ ეტაპზე არ დაფინანსდა. ორგანიზაცია საკითხის ანალიზმა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს სწავლების ცენტრში ჩამოყალიბდა, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის არაკეთილსინდისიერი ფორმით ახლობელ ორგანიზაციებზე გაცემის ფაქტები და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირების ყოფილ ხელისუფლებასთან და ყოფილ სახელისუფლებო პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბიოგრაფიულად დაკავშირებული კონტაქტები, რომელიც არც ახლა ქმნის სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკის გამჭვირვალობას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არ შეიძლება დაძლეულიყო ან შეცვლილიყო საზოგადოებრივი აზრის სწორი ფორმირების გარეშე, რეალობის მხილებისა და თანამდებობრივი ცვლილებების გარეშე. სწორედ ამიტომაც, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი სტრატეგიული მოსაზრებით დაენახა, საკითხი ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, გამხდარიყო საერთო სასამართლოების განხილვის საგანი და საქართველოს მთავრობასთან ინსტიტუციური დიალოგის პროცესში, სწავლების ცენტრის უთანასწორო და დისკრიმინაციული საგრანტო პოლიტიკის შესაცვლელად, საქმიანი წინადადებებით წარმსდგარიყო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განაკუთრებული მოტივაციით აგრძელებს ბრძოლას ანტიდისკრიმინაციული სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკისა და იმავდროულად, გამჭვირვალე საჯარო ინსტიტუტების არსებობისათვის. ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმე იქნება ცვლილებებისა და მომავალი საკადრო გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი საფუძველი. ჩვენ, ამ ბრძოლაში, საზოგადოებასთან ერთად ვართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე, ქეთევან დუგლაძე, გიორგი ტყავაძე) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიმართ, ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმეზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.