„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პარლამენტის წინაშე კვლავ ხანდაზმულობის ვადების გაზრდის საკითხი დააყენეს

19 დეკემბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, თემაზე: „წარსულის პირისპირ: ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევები და სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა“, გამართულ საჯარო დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა კვლევა: „წარსულის პირისპირ: სწავლა გამოცდილებათა გაზიარებით“, რომელიც თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ იქნა მომზადებული.

საჯარო დისკუსიას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. საკითხის პოლიტიკური შეფასებით წარსდგა საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. მსხვერპლთა საჭიროებებზე ისაუბრა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ნადარეიშვილმა.

საჯარო დისკუსიაში აზრი გამოთქვა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა. ორგანიზაციის პოზიციით, საქართველოს პარლამენტი უნდა დაუბრუნდეს საკანონმდებლო წინადადების განხილვას, რომლის მიხედვითაც, უნდა გაიზარდოს ხანდაზმულობის ვადები, რათა 2004-2012 წლებში სისტემური დანაშაულის მსხვერპლებმა შეძლომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2004-2012 წლებში, ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე ეფექტური და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით 2015 წლის ივლისში მიმართა. საკანონმდებლო წინადადებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილება ეხება კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას. მომზადებული ცვლილების მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დასაშვები 5 წლიანი ვადა უნდა გაიზარდოს 15 წლის ვადამდე. მოქმედი კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს აქვთ საფუძველი, წართმეული უძრავი/მოძრავი საკუთრების დაბრუნების მიმართულებით მიმართონ სასამართლოებს და დაიწყონ აქტიური სამართლებრივი მოქმედებები, მოქალაქეები დგებიან სამართლებრივი ჩიხის წინაშე და საქმეზე ხანდაზმულობის ვადების არსებობის გამო, შეუძლებელი ხდება დავა გაგრძელდეს, სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით და სასამართლოები ღებულობდნენ ობიექტურ გადაწყვეტილებებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგენილი 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გაიზრდება 15 წლის ვადით. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებსაც უკანონდ ჩამოართვეს ქონებები, საშუალება ექნებათ მიმართონ სასამართლოს და იბრძოლოდ საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. ვადის გაზრდა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება კანონიერების და სამართლიანობის დადგენის მხრივ, საქმეების განხილვა მოხდება თავიდან, სასამართლოს მიერ და საქმის განხილვის შედეგად მიღებული იქნება ახალი გადაწყვეტილება მათი გამართლების ან გაუმართლებლობის შესახებ. აღნიშნულს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ქონებაჩამორთმეულების მიმართ არ მოხდება ერთიანი მიდგომის პრინციპი, არამედ მოხდება მათი საქმეეების ინდივიდუალურად განხილვა, შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ორგანიზაციის შეფასებით, 15-წლიანი ვადა გონივრულია და ყველა მოქალაქეს, რომელიც საკუთარი დარღვეული უფლების თაობაზე მიმართავს სასამართლოს, წარუდგენს მტკიცებულებებს და დაიწყებს საკუთრების უფლების აღდგენაზე დავას, სახელმწიფო მისცემს სამართლიანი სასამართლოს განხორციელების შესაძლებლობას.

 

 



კომენტარები