საქართველოს პარლამენტმა უნდა შეძლოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალიზაცია და პარლამენტმა უნდა შექმნას მეტი საკანონმდებლო საფუძვლები სამართლიანობის აღდგენისთვის. საკმარისია თუ არა ძალისხმევა სამართლიანობის აღდგენისთვის? რა თქმა უნდა, გატარებულ რეფორმებთან ერთად, არსებობს პრაქტიკული პრობლემები და დღეს თამამად უნდა ითქვას, რომ სამართლიანობის აღდგენისთვის მცდელობები საკმარისი არ არის. აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშილმა თემაზე: „წარსულის პირისპირ: ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევები და სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა“, გამართულ საჯარო დისკუსიაში გამოსვლისას განაცხადა.
არჩილ კაიკაციშვილის განცახდებით, პარლამენტმა უნდა განახორციელოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებზე კონტროლი და მონიტორინგი. მას შემდეგ, რაც პროკურატურა დაზარალებულის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას, დავა ინაცვლებს საერთო სასამართლოებში, არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება სამართლიანობის აღდგენაზე, სახელმწიფოს სახით, ამ პროცესის ერთ-ერთი მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პროცესის შედეგამდე მიყვანას აფერხებს. გაუგებარია, რატომ არ შედის სამართლიანობის აღდგენის ინტერესები იმ ქვედა რგოლის მოხელეების ინტერესებში, რომლებსაც ხელეწიფებათ, ცალკეულ საქმეებზე დავები მორიგების აქტით გადაწყვიტონ. რატომ ხდება, რომ არ არის კონტროლი, რა სტატისტიკა გვაქვს ამ მიმართულებით სამინისტროს მხრიდან? რამდენ საქმეზე მიიღებს მორიგების გადაწყვეტილება? არსებობს მნიშვნელოვანი ვარაუდები, რომ ქვედა რგოლის ხელმძღვანელები ყოფილი ხელისუფლების ინტერესებს ატარებენ. პარლამენტმა ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობაზე კონტროლი უნდა გააძლიეროს.
არჩილ კაიკაციშვილის განცახდებით, პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, თუ რა ხდება ქონებაჩამორთმეულ დავებზე საერთო სასამართლოებში. ვინ განიხილავს ამ საქმეებს, რამდენად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეები? რატომ არ ხდება მათი გადაწყვეტილებებით სისტემური დანაშაულებების დადასტურება. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, როდესაც საუბარია მსხვერპლთან ურთიერთობის განსაკუთრებულ საკიხებზე, არსებობს სრულიად სამარცხვინო პრაქტიკა, როდესაც საერთო სასამართლოებში, დღეს პრეზიდენტის, სამინისტროების, თვითმმართველობების ინტერესების დამცველი პირები, ელემენტარული ურთიერთობის ფორმებს არ არჩევენ დაზარალებულებთან მიმართვების დროს. მათი ყველა პასუხია - სარჩელს არ ვცნობთ. რა გამოდის, სად იკარგება სამართლიანობის აღდგენა?
არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძის გამოსვლასაც გამოეხმაურა და სთხოვა, დაინტერესებულიყო, თუ პრეზიდენტის რამდენი ბრძანებულება თუ განკარგულებაა საერთო სასამართლოებში დღეს გასაჩივრებული, რატომ აქვს პრეზიდენტის ამჟამინდელ ადმინისტრაციას სამართლიანობის აღდგენის საწინააღმდეგო პოზიცია და როგორ იქცევინ მათი წამომადგენლები სხდომათა დარბაზებში.
არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, საქართველოს პარლამენტი უნდა დაუბრუნდეს საკანონმდებლო წინადადების განხილვას, რომლის მიხედვითაც, უნდა გაიზარდოს ხანდაზმულობის ვადები, რათა 2004-2012 წლებში სისტემური დანაშაულის მსხვერპლებმა შეძლომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2004-2012 წლებში, ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე ეფექტური და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით 2015 წლის ივლისში მიმართა. საკანონმდებლო წინადადებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილება ეხება კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას. მომზადებული ცვლილების მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დასაშვები 5 წლიანი ვადა უნდა გაიზარდოს 15 წლის ვადამდე. მოქმედი კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს აქვთ საფუძველი, წართმეული უძრავი/მოძრავი საკუთრების დაბრუნების მიმართულებით მიმართონ სასამართლოებს და დაიწყონ აქტიური სამართლებრივი მოქმედებები, მოქალაქეები დგებიან სამართლებრივი ჩიხის წინაშე და საქმეზე ხანდაზმულობის ვადების არსებობის გამო, შეუძლებელი ხდება დავა გაგრძელდეს, სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით და სასამართლოები ღებულობდნენ ობიექტურ გადაწყვეტილებებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგენილი 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გაიზრდება 15 წლის ვადით. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებსაც უკანონდ ჩამოართვეს ქონებები, საშუალება ექნებათ მიმართონ სასამართლოს და იბრძოლოდ საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. ვადის გაზრდა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება კანონიერების და სამართლიანობის დადგენის მხრივ, საქმეების განხილვა მოხდება თავიდან, სასამართლოს მიერ და საქმის განხილვის შედეგად მიღებული იქნება ახალი გადაწყვეტილება მათი გამართლების ან გაუმართლებლობის შესახებ. აღნიშნულს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ქონებაჩამორთმეულების მიმართ არ მოხდება ერთიანი მიდგომის პრინციპი, არამედ მოხდება მათი საქმეეების ინდივიდუალურად განხილვა, შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ორგანიზაციის შეფასებით, 15-წლიანი ვადა გონივრულია და ყველა მოქალაქეს, რომელიც საკუთარი დარღვეული უფლების თაობაზე მიმართავს სასამართლოს, წარუდგენს მტკიცებულებებს და დაიწყებს საკუთრების უფლების აღდგენაზე დავას, სახელმწიფო მისცემს სამართლიანი სასამართლოს განხორციელების შესაძლებლობას.