„ახალგაზრდა ადვოკატები“ – ცილისწამების და შეურაცხყოფის სისხლის სამართლის წესით დასჯადობას პარლამენტის მხარდაჭერა არ უნდა მიეცეს

19 დეკემბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტს მიმართავს, მხარი არ დაუჭიროს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების წინადადებას, რომელიც ეხება ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შემთხვევების სისხლის სამართლის წესით დასჯას, რაც ქვეყანაში პოლიტიკური დებატების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიის სტანდარტის დათრგუნვას ნიშნავს.

ორგანიზაციის შეფასებით, საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მოსაზრებებს აქვს არსებობის უფლება, თუმცა ცილისწამების ინსტიტუტს სათანადოდ არეგულირებს მოქმედი კანონმდებლობა, მისი თავის დროზე სისხლის სამართლის კოდექსში გაუქმება იყო დემოკრატიული გადაწყვეტილება და ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, უნდა მიმართავდეს სასამართლოს და დარღვეული უფლების დაცვას ცდილობდეს სამოქალაქო წესით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფისა თუ ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართულებით, სასამართლოებს მნიშვნელოვანი პრაქტიკა გააჩნია. ცილისწამების სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნება იქნება ადამიანის უფლებების ფუნდამეტური, კონსტიტუციური პრინციპების შეზღუდვისკენ მიმართული გადაწყვეტილება.

ცნობისთვის: ა(ა)იპ „საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია“ მიიჩნევს, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები სისხლის სამართლის წესით დასჯადი უნდა გახდეს. მათ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს უკვე მიმართეს. მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის კოდესში უნდა გაჩნდეს 148-ე (ცილისწამება) და 148-ე პრიმა (შეურაცხყოფა) მუხლები.



კომენტარები