„ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი - პასუხისმგებლობა საზოგადოების და პროფესიის წინაშე

29 დეკემბერი, 2016

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობის წარმატებას, მიღწევებსა და შედეგებს თანაბრად იზიარებს ორგანიზაციის ყველა წევრი. ორგანიზაციის გუნდი მთავარი მოტივატორია. ისინი მოდიან, ქმნიან ორგანიზაციის ისტორიას და პროფესიაში იჭერენ ღირსეულ და საპატიო ადგილს. ორგანიზაციის ისტორია ეკუთვნის ყველა წევრს, რომელიც დაფუძნებიდან დღემდე საკუთარ ნაბიჯს ტოვებდა მისი განვითარებისთვის. ორგანიზაციაში თაობათა ცვლილებების მიუხედავად, უცვლელი რჩება საფუძვლები, პრინციპები და ღირებულებები, რომლითაც იქმნება გუნდი და რომელიც იქმნება ორგანიზაციის ისტორია - პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და პროფესიის წინაშე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სირთულეც და განსაკუთრებულობაც იმაშია, რომ გახდე გუნდის წევრი, ნიშნავს გქონდეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, პატივს სცემდნენ ინდივიდუალიზმსა და აზროვნებას, ფასდებოდეს არამხოლოდ კანონის ცოდნა ან სამართლის ფილოსოფია, არამედ ხედვა, აზრი, მიზანი. ასეთი გუნდი წარმატებულია. ასეთი გუნდი ქმნის საზოგადოებრივ აზრსს და ამკვიდრებს თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგის კულტურას. ორგანიზაციის ახალი გუნდიც აგრძელებს ორგანიზაციის ყველა მნიშვნელოვან ტრადიციას და აქტიურად მონაწილეობს  საზოგადოებრივი, სამართლებრივი, პოლიტიკური საკითხების განხილვაში, წარადგენს შეფასებებსა და განცხადებებს, შეიმუშავებს ინიციატივებს, მიმართვებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს და ახორციელებს მათ ლობირებას. ზრდის მოქალაქეების ჩართულობას ღია მმართველობის განხორციელების პროცესში, ამზადებს დამოუკიდებელ კვლევებს, დასკვნებს, პროექტებს, ანგარიშებს. გამოსცემს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო დაიჯესტებს, ახორციელებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესწავლას და მონიტორინგს, ხელს უწყობს სამოქალაქო კამპანიების ჩატარებას, სამართლისა და ადამიანის უფლებების მიმართ მოსახლეობის ინფორმირებას და ჩართულობას, დაცვის ინსტიტუტის პოპულარიზაციას, ორგანიზებას უწევს კონფერენციების, სემინარების, ტრენინგებისა და მრგვალი მაგიდების ჩატარებას, თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ ჯგუფებთან და გაერთიანებებთან.

ორგანიზაციას ქმნიან ახალგაზრდები, ნიჭიერი, განათლებული და პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც სიკეთე უნდათ საქართველოსთვის, მომავლისთვის, ადამიანებისთვის. ჩვენი პროფესიაც და საქმიანობაც სავსეა სირთულეებითა და წინააღმდეგობებით, თუმცა ჩვენი მთავარი ღირსება სამართლიანობის განცდაშია, მთავარი ვალდებულება საკუთარ პროფესიასთან პირისპირ და პასუხისმგებლობა ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში. საქმიანობის ოთხი წელიწადი, ნდობა და აღიარება, კრიტიკაც და რიდიც, ყველაფერი ერთად ჩვენს შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვქმნით ორგანიზაციას, რომელიც ეფუნება ღირებულებებსა და არა ინტერესებს, ეფუძნება პროფესიას და პროფესიონალებს. გუნდი გუნდია - ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის! 



კომენტარები