"ახალგაზრდა ადვოკატები" - ნდობა, იდეა და გუნდი

29 დეკემბერი, 2016

ჩვენ, ორგანიზაციის ახალი და ახალგაზრდული გუნდი, ყოველდღიურად ვმუშაობთ საკითხებზე, რომელიც ეხება სამართლის, პოლიტიკის, საზოგადოების პრობლემებს. 2016 წელიც აღმოჩნდა ნაყოფიერი და შემოქმედებითად დატვირთული. ამაზე მოწმობს ჩვენი ღონისძიებები და საქმიანობის სტატისტიკა. ჩავატარეთ 22 პრესკონფერენცია, გავრცელდა 210 ორგანიზაციის საჯარო პოზიცია-განცხადება, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან ურთიერთობის პროცესში, ორგანიზაცია წარმოდგენილ იქნა 30-ზე მეტ შეხვედრასა და სადისკუსიო მაგიდასთან,  მოამზადა და წარმოადგინა 5-ზე მეტი სარეკომენდაციო ხასიათის წინადადება საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, ორგანიზაციამ განახორციელა 2 პროექტი, სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე გამართა 2 კონფერენცი, 1 მედია-ფორუმი და 1 წარმომადგენლობითი საპროტესტო აქცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სისტემური დანაშაულების საქმეზე, გამოსცა 1 კვლევა, საქართველოს პარლამენტში დაიცვა წარდგენილი 2 საკანონმდებლო წინადადება, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგინა 3 მოსამართლის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების საჩივარი, საპარლამენტო არცევნების მიმართ საზოგადოების განწყობის დადგენის მიზნით, მოამზადა 1 სოციოლოგიური გამოკითხვა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გამართა 20-ზე მეტი სამუშაო შეხვედრა, მიგრაციის საკითხებზე, მოამზადა 5 რეგიონული შეხვედრა, გამოსცა 2 სამეცნიერო ჟურნალი. ამასთან, ორგანიზაცია მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შერჩევის პროცესში და საბჭოს წევრად წარდგენილ იქნა საერთაშორისო გამოცდილების მქონე კანდიდატი თემო ჭეიშვილი, მხარი დაუჭირა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილ ირაკლი ყანდაშვილის კანდიდატურას, განახორციელა ფართომასშტაბიანი საარჩევნო დაკვირვება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არჩევითი ორგანოების არჩევნებში, მოამზადა საჯარო უწყებების გამჭვირვალობაზე 7-ზე მეტი შეფასება, გახდა 10-ზე მეტი ინიციატივის მხარდამჭერი და პარტნიორი.

ორგანიზაციის გუნდი 2016 წლის მანძილზე, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ადამიანის უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საქმეში. 2016 წელს, ორგანიზაციის უფასო იურიდიული კონსულტაცია მიიღო 119 მოქალაქემ. ამ მიმართულებით, აქტიურად იქნა გამოყენებული თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები საქართველოს რეგიონებში თუ საზღვარგარეთ ჩვენს თანამოქალაქეებთან. საერთო სასამართლოებში უძრავი ქონების, სახელშეკრულებო ურთიერთობების, საოჯახო-სამემკვიდრეო, შრომით-სამართლებრივ და ვალდებულებითი სამართლის დავებზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა „კაიკაციშვილი და ადვოკატების“ იურისტებმა, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს არაერთი საქმე. ორგანიზაციამ განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართა როლანდ ბლადაძისა და რამაზ ახვლედიანის საზოგადოებრივად მაღალი ინტერესის მქონე დავების ყოვლისმომცველ ადვოკატირებაზე. პრეცედენტი დადგა საბანკო სფეროდან გათავისუფლებული ანა მაჩიტაძის საქმეზე. ორგანიზაციამ წამოიწყო ინსტიტუციური და პრინციპული დავა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სწავლების ცენტრის მიმართ, რომელსაც მედიამ უკვე უწოდა ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმე. ჩვენი სტრატეგიული სამართალწარმოება ეფუძნება ხელმისწავდომი მართლმსაჯულების, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და პიროვნული დამოუკიდებლობის პრინციპებს.

2016 წელს, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მაღალი მაჩვენებლის სტატისტიკისთვის საკმარისია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ორგანიზაციამ უზრუნველყო 422 კორესპოდენცია, სხვადასხვა უწყებების მხრიდან მიიღო 150-ზე მეტი  გამოხმაურება. აქტიური კომუნიკაცია მომზადდა მსოფლიოს 18 საერთაშორისო ორგანიზაცისთან და სამთავრობო უწყებასთან. მაღალი იყო „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ ინტერესი ბეჭდვურ, ელექტრონულ და სატელევიზიო მედიაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელები და იურისტები, 80-ჯერ იქნენ წარმოდგენილი სხვადასხვა არხზე მომზადებულ სიუჟეტებსა თუ ღია ეთერებში, პრესამ 54-ჯერ დაბეჭდა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ინტერვიუ თუ გააშუქა ორგანიზაციის საქმიანობა, ელექტრონულ მედიაში - 100-ზე მეტი ინფორმაცია განთავსდა ორგანიზაციის საქმიანობაზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენი საქმიანობით დაინტერესებულია და ვინც „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ენდობა. ჩვენ არ ვართ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ ჩვენ ვართ მდიდარი ღირებულებებით და საქმიანობის სტილით. ორგანიზაციაში საქმიანობამ კიდევ მეტად დამარწმუნა, რომ მთავარია იდეა და გუნდი. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ამ ორი ფასეულობის გარეშეც წარმოუდგენელია. 



კომენტარები