2017 წელს „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“ ალიანსი გაფართოვდება

29 დეკემბერი, 2016

ჩვენს მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“, 2017 წლიდან ახალი წევრებით ჩამოყალიბდება და ევროინტეგრაციის პროცესზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სრულფასოვან მონიტორინგს წარმოადგენს. აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ორგანიზაციის 2016 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცახდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსის განახლებული შემადგენლობის დაკომპლექტებას ღია კონკურსის წესით, წარმოდგენილი აპლიკაციების მიხედვით გეგმავს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ალიანსის დამფუძნებელი ორგანიზაცია ყურადღებას განსაკუთრებით დაუთმობს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომელთა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და საქმიანობის ფორმები მიმართული იქნება ევროინტეგრაციის მხარდაჭრის მიმართულებით. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ალიანსის ახალი წევრებით შევსებისთვის განაცხადების მირება 2017 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ალიანსს ექნება სტრუქტურა და შემოღებული იქნება თანათავმჯდომარე ორგანიზაციის სტატუსიც.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“ არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი 2015 წლის 30 აპრილს ჩამოაყალიბეს. ორგანიზაციული გაერთიანების მიზანი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენდა.

ალიანსის წევრმა ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას და აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების მიმართ გამოქვეყნეს სარეკომენდაციო წინადადებათა პაკეტი:

  • დაიწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა, გაძლიერდეს საჯარო მმართველობის გამჭვირვალობა, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი რეფორმების გზით, მყარი გახდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, მმართველობის სისტემამ უზრუნველყოს კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობა და არჩევითი დემოკრატიის მიმართ ერთგულება;
  • პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესში, უზრუნველყოფილ იქნეს ხალხის რეალური თანამონაწილეობა. მნიშვნელოვანია, გაიზარდოს საზოგადოების პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვის პროცესშიც და გაძლიერდეს საზოგადოებრივი კონტროლი დემოკრატიული რეფორმების მიმართ;
  • საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ, მნიშვნელოვანია სწრაფი ცვლილებები განახორციელოს, რომელიც შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში აუცილებელ რეფორმებს დააჩქარებს.
  • საქართველოს პარლამენტმა, გონივრულ ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულებით ნაკისრი ეროვნული სამართლებრივი სივრცის ახალ, ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • საქართველოს სასამართლო სისტემა უნდა გახდეს მაღალი დემოკრატიული სტანდარტის შემომტანი, სადაც მხარეთა თანასწორუფლებიანობა და შეჯიბრებითობა იქნება პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებელი. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური ნების მართლზომიერების შემოწმება და რეალური არბიტრის როლის შესრულება;

ალიანსი წარმოადგენს პერიოდულ ანგარიშებს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით, 2017 წელს, სხვადასხვა აქტიურობა იგეგმება.

 

 



კომენტარები