„ახალგაზრდა ადვოკატები“ – 2017 წელს ჩვენი საქმიანობისთვის სასამართლოს წლად ვაცხადებთ

29 დეკემბერი, 2016

ჩვენი საქმიანობისთვის 2017 წელი იქნება მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის შეფასებისა და კვლევის წელი, ვინაიდან მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა და სასამართლოს კანონიერ გადაწყვეტილებებზე საჯარო დისკუსია ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის, ერთ-ერთ შესაძლებლობად რჩება.  აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ორგანიზაციის 2016 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცახდა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დღეს ადამიანის უფლებების დამცველი მთავარი ინსტიტუცია სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი და თავისუფალი მოსამართლეები. ხელისუფლებამ უნდა შექმნას სასამართლოს დამოუკიდებლობის რეალური გარანტიები, მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა კი არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელება და უკანონო გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებების შეგნებული დარღვევა.

„სამწუხაროდ, ჩვენი სასამართლო საქმიანობის გამოცდილება, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე მიგვითითებს გარემოებებზე, როდესაც ცალკეული მოსამართლეები, საქართველოს სახელით, აგრძელებენ სისტემური დანაშაულებების დაკანონებას, რაც რეაგირების გარეშე რჩება. სასამართლო სისტემაში საუბარია სავარაუდო კორუფციულ სამართალდარღვევებზე, რაზედაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სდუმს. მნიშვნელოვანია, ამ საკითხებზე სასამართლოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ყურადღება დაუთმოს საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა. სახელმწიფომ შექმნას დაუცველი მოქალაქის დაცვის რეალური გარანტიები, როდესაც უფლების აღმდგენი ინსტიტუცია სასამართლოა“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა და ამ მიმართულებით, ორგანიზაციის აქტიურ როლზე ისაუბრა.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდისთვის 2014 წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად, 2015 წელი სამართლიანობის აღდგენის პრობლემებზე მუშაობის წლად, ხოლო 2016 წელი ბანკების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე მუშაობის წლად იქნა მიჩნეული. ორგანიზაცია საქმიანობის პრაქტიკიდან გამოყოფს პრობლემას ან ინსტიტუციას, რომელიც ყველაზე მეტ ძალისხმევას და აქტუალიზაციას მოითხოვს.



კომენტარები