„ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“ ცნობილი გახდა ჟურნალისტ მაკა დეკანოსიძის მიმართ 22 და 23 სექტემბერს სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ქმედება. პოლიციამ მაკა დეკანოსიძე დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა, დღეს კი სამართალდამცავები ჟურნალისტის სასამართლოს წინაშე წარდგენას ცდილობდა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ მაკა დეკანოსიძის გაზეთი „ქართული სიტყვა.“ განცხადებაში მოყვანილი მსჯელობა „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ჟურნალისტმა თავადაც დაუდასტურა სოციალური ქსელით საუბრის დროს 22 სექტემბერს. კერძოდ:
22 ივნისს, საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან ახალგაზრდების საპროტესტო აქცია დასრულდა, საპატრულო პოლიციამ გაზეთ „ქართული სიტყვის“ ჟურნალისტი, მაკა დეკანოსიძე დააკავა.
პოლიციამ ჟურნალისტი, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, ბორკილები ჰქონდა დადებული, შს სამინისტროს ეზოში მიიყვანა. პოლიციელები „ქართული სიტყვის“ ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, რომ უზრდელია, რადგან ის პატიმართა წამების ფაქტებს დაკავების შემდეგაც აპროტესტებდა. პატრულმა, როგორც მაკა ამბობს, შეადგინა ოქმი, თუმცა ჟურნალისტმა მასზე ხელი არ მოაწერა და, შესაბამისად, არ იცის, თუ რა ეწერა აღნიშნულ ოქმში.
მოგვიანებით, ძალოვანებმა „ქართული სიტყვის“ ჟურნალისტი სახლში მიიყვანეს და გააფრთხილეს, რომ არ გამოერთო ტელეფონი, რადგან მეორე დილით, ანუ 23 სექტემებრს, დილის 10:00 საათზე დაურეკავდნენ და სასამართლოში წაიყვანდნენ.
დღეს დილით მაკა დეკანოსიძეს ძალოვანებმა მართლაც, დაურეკეს და უთხრეს, რომ მასთან ხუთ წუთში მივიდოდნენ. ამის შემდეგ ჟურნალისტმა ტელეფონი გათიშა. მასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება.
გაზეთ „ქართული სიტყვის“ რედაქცია მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი ჟურნალისტებზე ზეწოლისა და დაშინების მორიგი მცდელობაა.
ამასთან, უცნობია, თუ რა ბრალდებით უპირებენ „ქართული სიტყვის“ ჟურნალისტს სასამართლოს წინაშე წარდგენას. ამიტომაც, გაზეთი „ქართული სიტყვა“ და მისი მთავარი რედაქტორი, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მოუწოდებს ადამიანის უფელბათა დამცველებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორს, დაიცვან ჟურნალისტი!