თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და 2007-2016 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე 2017 წლის 13 იანვარს გამართულ სხდომაზე, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მიიღო. როლანდ ბლადაძის სამი შუამდგომლობიდან სასამართლომ 1 შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეზე დამასრულებელი სასამართლო სხდომის თარიღი გამოაცხადა – სააპელაციო პალატაში „პაპუაშვილის საქმის“ განხილვა 2017 წლის 31 იანვარს დასრულდება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის 2017 წლის 13 იანვრის სხდომაზე განვითარებული მოვლენების შესახებ.
საკითხი #1 – სასამართლო სხდომის შემადგენლობის ცვლილება სხდომის დაწყებამდე 5 წუთით ადრე
2017 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, როლანდ ბლადაძის საქმის განმხილველი ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა შემდეგი მოსამართლეებით: მერაბ ლომიძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე), მირანდა ერემაძე და თეა ძიმისტარიშვილი. სასამართლო სხდომათა დარბაზში პროცესის მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდნენ მოსამართლეები: მერაბ ლომიძე, თეა ძიმისტარაშვილი და ამირან ძაბუნიძე. მოსამართლე ამირან ძაბუნიძემ დაიჭირა მოსამართლე მირანდა ერემაძის ადგილი. როლანდ ბლადაძის სხდომის დაწყებამდე პალატა მერაბ ლომიძის, მირანდა ერემაძისა და თეა ძიმისტარიშვილის წარმომადგენლობით განიხილავდა სხვა საქმეს. შესაბამისად, სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ კარგად შეამჩნია, რომ მოსამართლე ამირან ძაბუნიძის გასწვრივ მოსამართლის აღმნიშვნელი აბრა კვლავ „მირანდა ერემაძის“ წარწერით გამოიყურებოდა. სხდომის გახსნის შემდგომ, მოსამართლე მერაბ ლომიძემ (სასამართლომ) გააკეთა განცხადება, რომ „მოსამართლე მირანდა ერემაძე ვერ ახერხებდა დასწრებას“, რაზეც როლანდ ბლადაძის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის კითხვაზე, საქმეს განიხილავდა თუ არა პალატის შემოთავაზებული წევრები ბოლომდე, სასამართლომ განაცხადა, რომ საქმეს ამირან ძაბუნიძე შემოუერთდებოდა. სწორედ ამ დიალოგის პროცესში, სხდომის მდივანმა უზრუნველყო ამირან ძაბუნიძის გასწვრივ არსებული მოსამართლის აღმნიშვნელი აბრის „მირანდა ერემაძის“ ამოღება, ახალი მოსამართლის აბრა კი, სხდომის დასრულებამდე, სასამართლოს არ წარმოუდგენია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას აცნობებს, რომ სასამართლოს არ წარმოუდგენია განმარტება, მოახდინა თუ არა საქმიდან თვითაცილება მოსამართლე მირანდა ერემაძემ. სასამართლოს განმარტება ეხებოდა საკითხს, რომ მოსამართლე მირანდა ერემაძე ვერ ახერხებდა დასწრებას. პალატის შემადგენლობაში მოსამართლის ცვლილებას სასამართლოს მხრიდან არ მისცემია კანონისმიერი დასაბუთება. 13 იანვრის მდგომარეობით, არ არსებობს არც საქმის თავმჯდომარე მოსამართლე მერაბ ლომიძის გადაწყვეტილება საქმეში მოსამართლე ამირან ძაბუნიძის მონაწილეობის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ როლანდ ბლადაძის საქმეზე პალატის შემადგენლობა განსაზღვრა მხოლოდ მერაბ ლომიძის, მირანდა ერემაძისა და თეა ძიმისტარიშვილის შემადგენლობით. სასამართლოს არ განუმარტავს მიზეზები, თუ რის გამო არ მონაწილეობდა მოსამართლე მირანდა ერემაძე საქმის განხილვაში, რაც არღვევს კანონით დადგენილ რეგულაციებს. სხდომაზე განვითარებულმა მოვლენებმა მკაფიო გახადა შემთხვევა, როდესაც მოსამართლე ამირან ძაბუნიძის ჩართვა საქმეში წარმოადგენდა სპონტანურ გადაწყვეტილებას და პალატის მანევრს, რადგანაც საქმის განმხილველ შემადგენლობაში მირანდა ერემაძის მონაწილეობა, ავტომატურად გამოიწვევდა პალატის შემადგენლობის საქმიდან აცილების ფაქტს.
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ მოსამართლე მირანდა ერემაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმიანობის დროს, ორჯერ განიხილა როლანდ ბლადაძის საქმე.
პირველ შემთხვევაში, მოსამართლე მირანდა ერემაძემ განიხილა #3/1684-13 როლანდ ბლადაძის საქმის განსჯად სასამართლოში გადაგზავნის საკითხი. მოსამართლის 2013 წლის 21 მაისის განჩინებით, საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოდან დამისამართდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლის აღნიშნული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი გამოდგა, ვინაიდან განსჯადობის საკითხმა გადაინაცვლა საქართველოს უზენაესს სასამართლოში, რომლის 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქმეზე: #ბს-425-414 (გ-13), საქმის განმხილველ ინსტანციად დადგინდა თბილისის საქალაქო სასამართლო.
მოსამართლე მირანდა ერემაძემ როლანდ ბლადაძის საქმე განიხილა ხელმეორედ, როდესაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დადაგინა, რომ სარჩელი განსჯადობით უნდა განეხილა სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
მოსამართლე მირანდა ერემაძის 2013 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე: #3/3494-13 მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები.
აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძვლად უდევს მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს ამჟამად გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. მეტიც, ამ გადაწყვეტილებაში სიტყვასიტყვითაა გადმოტანილი მოსამართლე მირანდა ერემაძის მსჯელობა. (პალატამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებასაც, რომ მოსამართლე მირანდა ერემაძისა და მოსამართლე დიანა ფარქოსაძის სხდომის მდივანიც, ერთიდაიგივე პიროვნება სოფიო აბესაძეა, რომელიც მხარისთვის ცნობილი მხოლოდ გასაჩივრებული 5 აგვისტოს გადაწყვეტილების შემდგომ გახდა მკაფიოდ ცნობილი).
შექმნილი სინამდვილე მიუთითებს, რომ მირანდა ერემაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო 2016 წლის 5 აგვისტოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოიყენა, როგორც მტკიცებულება, როდესაც მხარე შუამდგომლობით მისი საქმიდან ამორიცხვას ამჟამადაც მოითხოვს.
ამასთან, მოსამართლე მირანდა ერემაძის საქმიდან აცილების კიდევ ერთი უპირობო კანონისმიერი საფუძველი გახლდათ საქმის განხილვაში მონაწილეობის დაუშვებლობა ინსტანციური პრინციპით. კერძოდ, სსსკ–ის 29–ე მუხლის 1–ელი ნაწილის თანახმად, „მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში“.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მირანდა ერემაძის კანონით და დადგენილი პროცედურების დაცვის გარეშე საქმიდან ჩამოშორების გადაწყვეტილებით, ისე, რომ სასამართლოს განმარტება არ გაუკეთებია და საქმეში არ არსებობს განჩინება მოსამართლის თვითაცილების შესახებ, საქმის განმხილველი პალატის ლეგიტიმაცია შეინარჩუნა.
საკითხი #2 – როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა სასამართლოს შემადგენლობის უმრავლესობის აცილების შესახებ
2017 წლის 13 იანვრის სხდომაზე, როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლო შემადგენლობის უმრავლესობის აცილების საკითხი ხელმეორედ დააყენა და აღნიშნა, რომ საქმის განხილვა არ უნდა განეხორციელებინა მოსამართლეებს, რომელთა მიმართაც, მიკერძოების მაღალი საფრთხე არსებობდა. არჩილ კაიკაციშვილმა მოითხოვა მერაბ ლომიძისა და თეა ძიმისტარაშვილის საქმიდან ჩამოშორება, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა 2016 წლის 23 მაისის განჩინებით, საქმეზე: #3ბ-715-16 განიხილა როლანდ ბლადაძის სააპელაციო საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა არ დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის მოთხოვნა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განჩინება. მოსამართლემ, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებასთან ერთად, დამატებით აღნიშნა შემდეგი:
ა) საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების პირობებში (მოსამართლე: მირანდა ერემაძე) როლანდ ბლადაძე ვერ ასაბუთებდა მის მიერ აღძრულ დავასთან მიმართებაში მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას.
ბ) მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლო მართებულად მიიჩნევდა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ ისეთ პირობებში, როდესაც სადავო ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის საფუძველი (სასამართლოს გადაწყვეტილება) არ იყო გაუქმებული, სასარჩელო განაცხადის დაკმაყოფილება გამოიწვევდა სადავო ქონების სახელმწიფოს და არა როლანდ ბლადაძის სახელზე საკუთრების უფლების აღიარებას, ამ ქონებაზე კი, როლანდ ბლადაძის საკუთრების უფლების მოპოვება (აღიარება) წარმოადგენდა როლანდ ბლადაძის სამომავლო უფლებას. შესაბამისად, მოსამართლემ განმარტა, რომ ერთ სარჩელზე მიღებული სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიება არ შეიძლება ქცეულიყო პირის იმ უფლების დაცვის მექანიზმად, რომელიც არ არის უშუალოდ ამ დავის სამართლებრივი შედეგი.
მხარემ სააპელაციო პალატას მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარზე დანიშნული საქმის განმხილველი მოსამართლეს თეა ძიმისტარიშვილს როლანდ ბლადაძის საქმეში მონაწილეობით და მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსით, სადავო გარემოებების მიმართ წარმოდგენილი სამართლებრივი დასკვნებისა და მხარის იურიდიული ინტერესის პერსპექტიულობასთან დაკავშირებით, უკვე გააჩნიათ მკვეთრად ჩამოყალიბებული, აღიარებული და გამოთქმული პოზიცია, რაც ქმნიდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვის პროცესში, მათი მიკერძოებისა და გადაწყვეტილების მიმართ პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაინტერესებას.
რაც შეეხება მოსამართლე მერაბ ლომიძეს, მხარეს აქვს დასაბუთებული, გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ მერაბ ლომიძე საქმეზე იქნება მიკერძოებული მოსამართლე, როდესაც ასეთი მიკერძოება უკვე სახეზეა განსახილველი საქმის პროცესში. მერაბ ლომიძემ, მას შემდეგ, რაც გაეცნო 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებას წინა მოსამართლეების აცილების შესახებ და პალატის მითითებას, რომელიც ეხებოდა მაღალი სტანდარტის სამართალწარმოების განხორციელების აუცილებლობას წარმოდგენილ დავაზე და მოცემულ ეტაპზე, საქმეში გაჩნდა მოსამართლის თვითაცილების რეგულაციის გამოყენების საფუძვლები, რაც გამომდინარეობს სსსკ–ის 32 მუხლის დათქმიდან, მერაბ ლომიძეს არ მოუხდენია საქმიდან თვითაცილების საკითხის განხილვაც და დაყენებაც. მერაბ ლომიძემ როლანდ ბლადაძის საქმეზე 2016 წლის 30 დეკემბერს მიღო განჩინება #3ბ/1814–16, რომლითაც არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა უკვე აცილებული მოსამართლის – ნინო ქადაგიძის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ბათილობის შესახებ, რა დროსაც, ახალი განცხადებით, აცილებული მოსამართლის პირობებში, როლანდ ბლადაძე მოითხოვდა გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და ახლადაღმოჩენილი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.
არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ მერაბ ლომიძეს წინა ხელისუფლების პირობებში, უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული გაადწყვეტილებები აქვს მიღებული ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის მიმართ განხორციელებულ ჯარიმებზე. შესაბამისად, არ არსებობს მოლოდინი, რომ „პაპუაშვილის საქმეზე“ შეძლოს პოლიტიკური ზეწოლის არიდება და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილებები. როგორც მოსამართლე მერაბ ლომიძემ განმარტა, ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელია, ხოლო მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის პოზიციით, წარსულში რომელიმე გადაწყვეტილებაში გამოთქმული აზრი, არ ნიშნავს იმავე აზრზე დარჩენას, როდესაც სხვადასხვა გარემოებებში, შეხედულებების შეცვლა შეიძლება მოხდეს.
სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმის განხმილველი მოსამართლეების უმრავლესობის აცილების შესახებ.
საკითხი #3 – როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის და დართვის შესახებ
სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობას და საქმეს დაურთო მხარის სასარჩელო მოთხოვნებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. კერძოდ, სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, იმ საკითხებზე, რომელიც ეხება, თუ ა) რა რეაგირება მოახდინა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველ მარინა ესელიძის 2007 წლის მაისის განცხადებაზე, რომლითაც სადავო ქონების გასხვისების შეჩერებას ეხებოდა? ბ) რა რეაგირება მოახდინეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეების მიმართვებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და საქართველოს პროკურატურამ და გ) რომელი ერთეულის საკუთრებაში არსებობდა ჩამორთმევამდე და ჩამორთმევის შემდეგ როლანდ ბლადაძის სახლი ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა #37-ში, ბ #8
როლანდ ბლადაძემ ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენის და გამოკვლევის მიზნით, წერილობით მიმართა შესაბამისს უწყებებს და მიიღო ამომწურავი გამოხმაურება. სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები შემხებლობაშია დავის საგანთან. გიორგი პაპუაშვილის ადვოკატისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის ერთხმოვანი წინააღმდეგობის მიუხედავად, პალატამ როლანდ ბლადაძის ადვოკატის დასაბუთება გაიზიარა და საქმეს ახალი მტკიცებულებები დაურთო.
საკითხი #4 – როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა სამთავრობო კომისიაზე გიორგი პაპუაშვილთან გასაუბრების აუდიო–ოქმის გამოთხოვის შესახებ
როლანდ ბლადაძემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, სასამართლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოეთხოვა გიორგი პაპუაშვილის სამთავრობო კომისიაზე გასაუბრების ვიდეო–ოქმი (ვიდეო მასალა). არჩილ კაიკაციშვილმა 2016 წლის 2 მარტს, წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მოითხოვა აღნიშნული გასაუბრების ვიდეო–მასალის მიღება მხოლოდ გიორგი პაპუაშვილის გასაუბრების ნაწილში. მხარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია დავის საგნის და სასარჩელო მოთხოვნების მიმართულებით, ვინაიდან სწორედ 2016 წლის 29 თებერვლის სამთავრობო სხდომაზე აღნიშნავს გიორგი პაპუაშვილი, რომ "მაინცდამაინც დისკომფორტს არ გრძნობდა, როდესაც ჩამორთმეულ სახლში იწყებდა ცხოვრებას". შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მხარის ინტერესია არ შეეზღუდოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა, დისპოზიციურობის პრინციპის გამოყენება და სასამართლო ძალით მიღწეულ ყოფილიყო აღნიშნული მტკიცებულების გაცნობა, ვინაიდან მხარის სასარჩელო მოთხოვნებია გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად ცნობა და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ამორალურობა.
სასამართლოს განმარტებით, მართალია, როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ პალატამ განმარტა, რომ თუკი საქმის განხილვის პროცესში სასამართლო მივა დასკვნამდე დასახელებული აუდიო–გასაუბრების ოქმის გამოთხოვის თაობაზე, სასამართლო სამინისტროდან თავად გამოითხოვს ინფორმაციას.
საკითხი #5 – როლანდ ბლადაძის შუამდგომლობები სხდომის ფოტო–გადაღების, FacebookLIVE-ისა და უძრავ ქონებაზე ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ
სასამართლო პალატა 2017 წლის 31 იანვრის სხდომაზე დაუბრუნდება როლანდ ბლადაძის შუამდგომლობების განხილვას, რომელიც ეხება სხდომის ფოტო–გადაღებას, სხდომის FacebookLIVE-სა და სადავო ქონებაზე ექსპერტიზის დანიშვნას. მხარის შუამდგომლობას, FacebookLIVE–ის შესახებ უკვე მოჰყვა ერთ–ერთი მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის პროტესტი, რომელმაც არჩილ კაიკაციშვილს პროცესის სერიოზულობისკენ მოუწოდა. არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს მიმართა და განუცხადა, რომ ვიდრე შუამდგომლობის დასაბუთება პალატას არ ჰქონდა მოსმენილი, მოსამართლის რეაქცია სრულიად დაუმსახურებელი და დაუსაბუთებელი იყო. პალატის გადაწყვეტილებით, „პაპუაშვილის საქმეზე“ სხდომა 2017 წლის 31 იანვარს განახლდება და სასამართლო საქმის განხილვას დაასრულებს.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეზე ჩანიშნულ პირველ სხდომაზე, 2016 წლის 27 ოქტომბერს, როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - საქმის განხილვას ჩამოშორდნენ მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი. გადაწყვეტილება მოსამართლეთა აცილების შესახებ საქმის მომხსენებელმა მოსამართლე გიორგი გოგიაშვილმა მიიღო. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის მტკიცება ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის მიკერძოების და საქმისადმი დაინტერესების შესახებ. მოსამართლეთა აცილების შემდგომ, საქმე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თამჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს, რომელმაც სააპელაციო საჩივრის განმხილველი ახალი შემადგენლობა დანიშნა.
როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში საჩივარი შეიტანეს.
როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.
სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეზე სხდომა 31 იანვარს, 12:00 საათზე განახლდება.