ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საერთო სასამართლოთა სისტემაში მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების ოდენობის შესახებ მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მოსამართლეების საცხოვრებელი ქირისთვის დაიხარჯა 1 მილიონ 48 ათასს 141 ლარი, ხოლო მხოლოდ 2016 წლის მანძილზე, ხარჯმა შეადგინა 190 091 ათასი ლარი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, შესწავლილ იქნა საერთო სასამართლოების სისტემაში დასქმებული იმ მოსამართლეების ხარჯები, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭიროებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას.
მონიტორინგმა შეისწავლა პერიოდი 2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით. ამასთან, შესწავლილ იქნა ის გეოგრაფიული არიალიც, სადაც მოსამართლეებს სახელმწიფოს ხარჯზე საცხოვრებელი ფართები სჭირდებათ. ამჟამად საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის საჭირო თანხით უზრუნველყოფილია საერთო სასამართლოების 46 მოსამართლე. მათგან, გეოგრაფიული არეალის მიხედვით, 12 მოსამართლე საქმიანობს ქუთაისში, 6 - თბილისში, 4-4 - სიღნაღში, გორსა და ბათუმში, 3 - ზუგდიდში, 2-2 თელავში, ოზურგეთსა და გურჯაანში, ხოლო 1-1- ბორჯომში, ახალციხეში, ახალქალაქში, სენაკში, ცაგერში, ლენტეხსა და ფოთში. ამასთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილზე დაყრდნობით, მოსამართლეთა ბინის ქირით უზრუნველყოფის ხარჯებმა 2012 წელს შეადგინა -297 302 ლარი, 2013 წელს-274 579, 2014 წელს-286 169, 2015 წელს 260 828 ლარი, ხოლო 2016 წელს- 190 091 ლარი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აქცენტს აკეთებს სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტიებსა და ხარჯთეფექტურობის საჭიროებებზეც, რადგანაც კანონი ცალსახად განმარტავს, რომ მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიებისთვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შექმნას მათი საცხოვრებელი ფართით დაქირავებისთვის ღირსეული პირობები, თუმცა კანონი არ ითვალისწინებს მოსამართლეების მიმართ საცხოვრებელი ბინების ჩუქებას ან სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემას. იმ არასწორი პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, 2007 წელს საჩუქრად გადასცა საცხოვრებელი ბინები, მონიტორინგმა დასვა კითხვა, არსებობს თუ არა ფაქტი, სახელმწიფოს მხრიდან მოსამართლის მიმართ ღირსეული ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფისთვის, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შემთხვევა (2007 წლის 1 ივლისიდან – დღემდე) ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემის ფაქტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული მონაცემების მიხედვით, „სახელმწიფოს მხრიდან საერთო სასამართლოების მოსამართლისათვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია“.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის გულისხმობს კომპეტენტური სასამართლო სისტემის შექმნას, ქვეყნისა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებულ, დამოუკიდებელ და სანდო სასამართლო ხელისუფლებას. საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის, მისი მორალური ავტორიტეტისა და პროფესიული პატიოსნებისადმი პირველხარისხოვანა. შესაბამისად, აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს მაღალი სამართლებრივი გარანტი იმისა, რომ მისი უფლებები იქნება დაცული, ამ გარანტიების არსებობისთვის კი, საერთო სასამართლოს მოსამართლეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ მოქმედი სამართლებრივი ნორმები უნდა განიმარტოს მართლზომიერად, მიზნისა და მოწესრიგების სფეროს შესაბამისად, რათა არ შეილახოს სასამართლოს მორალური ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობისადმი ნდობა. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ჯერ კიდევ რეფორმის პროცესშია, მნიშვნელოვანია იმ პრობლემებზე დროული და სათანადო რეაგირებაც, რომელთა მოგვარებაც უშუალოდ განამტკიცებს მართლმსაჯულების ეფექტურობასა და ამავადროულად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობაზე.
იმისათვის, რომ სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები იყოს გაცილებით ეფექტური, მართლზომიერი და ემსაუხრებოდეს მოსამართლეთა სოციალური დაცვის ლეგიტიმური მიზნის მდგრადობას, ორგანიზაცია ორი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს:
- საქართველოს იმ ქალაქებში, რომელთა გეოგრაფიული არეალი საკმაოდ დიდია და შესაბამისად, 10-ზე მეტი მოსამართლის უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, მათი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველსაყოფად განხორციელდეს მოსამართლეთა კამპუსის მშენებლობა. ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად გაღებული თანხა, რომელიც მიმართული იქნება დანახარჯების ეფექტური მართვის, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობისა და დანახარჯების შემცირების გრძელვადიან პერსპექტივაზე;
- თვითმმართველ ქალაქებში შეძენილ იქნეს საცხოვრებელი ფართები, რომლებიც რეგისტრირდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბალანზე, დროებით სარგებლობაში გადაეცემა მოსამართლეებს და აღნიშნულ რეგიონებში გამწესებულ მომავალ მოსამართლეებსაც საშუალება ექნებათ ისარგებლონ სოციალური გარანტიებით.