„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება უფლებადამცველ დაჩი ცაგურიას ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებასთნ დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ მის დაკავებას და ცემის ფაქტს. ხელისუფლება დაჩი ცაგურიას ადმინისტრაციული დაკავებით ცდილობს გაანეიტრალოს ის საყოველთაო პროტესტი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით თბილისში, 19 სექტემბრიდან მიმდინარეობს, თუმცა პირიქით, წარმოუდგენელია საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მომხდარმა შეაჩეროს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვგმობთ დაჩი ცაგურიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევას. კერძოდ, სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებაში, დაჩი ცაგურიასთვის 10–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების დროს არ ეფუძნებოდა მტკიცებულებებს. სასამართლოს არ გააჩნია არავითარი სამხილი, რითაც დამტკიცდებოდა პოლიციისთვის წინააღმეგობის გაწევა. სასამართლო პროცესზე არ დაკითხულა მოწმეებიც, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ მართლმსაჯულება შერჩევითი პრინციპით მოქმედებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, დაჩი ცაგურიას დაკავებაც პროვოცირების გონივრულ ეჭვს ასაბუთებს და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღემდე საზოგადოების მღელვარებას, ქუჩაში მასობრივ გამოსვლას ემსახურება და არჩევნების ჩატარებას საფრთხის ქვეშ აყენებს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობა პროტესტის მონაწილეებსა და ცნობილ უფლებადამცველებზე. შეწყვიტოს საზოგადოების დამატებითი მღელვარების გამოწვევა. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, გათავისუფლდეს დაჩი ცაგურია!