„ახალგაზრდა ადვოკატებმა” „პაპუაშვილის საქმეზე“ თბილისში საინფორამციო კამპანია ჩაატარეს

27 იანვარი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისში, მთავრობასთან ეკონომიკის სამინისტროს სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე, მასობრივი საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს და საქმეზე მომზადებული სპეციალური გაზეთი მოსახლეობაში გავრცელეს.

ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესიდან და მოსახლეობის ინფორმირების მაღალი მიზნიდან გამომდინარე, ხელმეორედ გამოიცა სპეციალური გაზეთი: „გიორგი პაპუაშვილი ქონებაჩამორთმეულის სახლში“. გაზეთი იხსნება განცხადებით: „სამართლიანობის აღდგენისთვის საქართველოში ისევ ტირიან!“, რომელიც ერთვის როლანდ ბლადაძის მეუღლის, მარინა ესელიძის ფოტოს. ფოტოზე მარინა ესელიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას ტირილით აპროტესტებს. „ოჯახმა სამართლიანობის აღდგენას 2012 წლის 1 ოქტომბრის მთავრობის პირობებშიც ვერ მიაღწია. კანონის არსიდან, როლანდ ბლადაძეს ჩამორთმეული ქონება უნდა დაუბრუნდეს, თუმცა როლანდ ბლადაძე დღეს კვლავ დაზარალებულია. ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებები სასამართლოშიც და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროშიც გრძელდება. როდემდე, ბატონებო?“ - ნათქვამია საგაზეთო პირველგვერდზე.

როლანდ ბლადაძის საქმეზე გამოცემული გაზეთის მეორე ნომერი ეთმობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოების პროცესის შეფასებას, 2017 წლის 13 იანვრის სასამართლო პროცესის დეტალებსა და გადაწყვეტილებებს, საქმეზე სასამართლოს პირველი პირების მიმართ მიმართვის შინაარს, სააპელაციო ეტაპზე საქმიდან აცილებული მოსამართლეების საკითხს, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლე დიანა ფარქოსაძის სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის ისტორიას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო მოხელეების პოლიტიკურ საბოტაჟის, საქართველოს პროკურატურაში გიორგი პაპუაშვილის წინააღმდეგ როლანდ ბლადაძის კუთვნილი ავტოფარეხის მისაკუთრების ფაქტზე გამოძიების პროცესს. აგრეთვე, გაზეთში დაბეჭდილია თავად ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის წერილიც საზოგადოების მიმართ.

ორგანიზაციამ საქმეზე მომზადებული გაზეთი ოფიციალური წესით უკვე მიაწოდა საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სხვადასხვა ინსტიტუციებს. თბილისში, სამოქალაქო კამპანიის ფარგლებში, 3000-ზე მეტი ეგზემპლარი უსასყიდლოდ დარიგდა.

ცნობისთვის: როლანდ ბლადაძის საქმეზე გაზეთი უკვე მეორედ გამოიცა. პირველი ნომერი 2015 წლის აპრილში გამოიცა და გაზეთის მაშინდელი ნომერი ბათუმში გავრცელდა. ორგანიზაცია უახლოესს პერიოდში გეგმავს საქმეზე უცხოენოვანი გამოცემის მომზადებასაც, რომელიც ქვეყნის შიგნით და უცხოეთში, საერთაშორისო ინსტიტუციებს გაეგზავნებათ.

2017 წლის 31 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე დამასრულებელ სხდომას გამართავს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეზე სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.



კომენტარები