სააპელაციო სასამართლო დღეს „პაპუაშვილის საქმეზე“ ბოლო სხდომას გამართავს

30 იანვარი, 2017

2017 წლის 31 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე დამასრულებელ სხდომას გამართავს.

სასამართლო პროცესი ახსნა–განმარტებითი ეტაპიდან გაგრძელდება. პალატა იმსჯელებს შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე, რომელიც როლანდ ბლადაძეს გააჩნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეთა განხილვის დროს და არ დაკმაყოფილდა და შუამდგომლობებზე, რომელებიც წარმოიშვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ადვოკატმა უკვე გააკეთა საჯარო განცხადება და საზოგადოებას 31 იანვრის სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდა. ამასთან, სასამართლოს მიმართ გაკეთდა მიმართვა სხდომის დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სხდომას საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქმეს განიხილავს მერაბ ლომიძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე), თეა ძიმისტარიშვილი და ამირან ძაბუნიძე. 13 იანვრის სხდომაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა სასამართლოს შემადგენლობის უმრავლესობის – მერაბ ლომიძისა და თეა ძიმისტარაშვილის აცილების შესახებ, რომლებსაც როლანდ ბლადაძის საქმის განხილვასთან წარსულში მონაწილეობა აქვთ მიღებული. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აუდიო–დოკუმენტის გამოთხოვაზე, სადაც გიორგი პაპუაშვილი სამთავრობო კომისიაზე სადავო ბინის შესახებ მსჯელობს და აღნიშნავს, რომ მორალურ უხერხულობას არ გრძნობდა სადავო ქონებაში ცხოვრების გამო. სასამართლომ დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის მხოლოდ ერთი შუამდგომლობა, რომლითაც საქმეს დაერთო ახალი მტკიცებულებები, რომელიც მხარემ გამოითხოვა 10–მდე საჯარო უწყებიდან და ამტკიცებს, რომ მაშინდელი ხელისუფლების ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ მოახდინეს როლანდ ბლადაძის საქმის სრულფასოვანი შესწავლა და რეაგირება, როდესაც როლანდ ბლადაძის ოჯახი პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, პროკურატურასა და იუსტიციის უმაღლესს საბჭოს ჩამორთმეული ქონების გასხვისების თავშეკავებისკენ მიმართავდნენ. აგრეთვე, ახალი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პრეზიდენტის მხრიდან ქონების პრივატიზაცია კანონით დადგენილი წესების დარღვევით მოხდა.

როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში საჩივარი შეიტანეს.

როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეზე პირველი სხდომა 2016 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა, სადაც როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - საქმის განხილვას ჩამოშორდნენ მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი. გადაწყვეტილება მოსამართლეთა აცილების შესახებ საქმის მომხსენებელმა მოსამართლე გიორგი გოგიაშვილმა მიიღო. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მტკიცება ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის მიკერძოების და საქმისადმი დაინტერესების შესახებ. მოსამართლეთა აცილების შემდგომ, საქმე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თამჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს, რომელმაც სააპელაციო საჩივრის განმხილველი ახალი შემადგენლობა დანიშნა. პალატის ამჟამინდელ შემადგენლობაში, თავიდანვე მონაწილეობდა მოსამართლე მირანდა ერემაძე, თუმცა 13 იანვრის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოსამართლე შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეზე სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

 



კომენტარები