სააპელაციო სასამართლო „პაპუაშვილის საქმეზე“ ბოლო სხდომას 20 თებერვალს გამართავს

31 იანვარი, 2017

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე სხდომა 2017 წლის 20 თებერვალს გაგრძელდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ 2017 წლის 31 იანვრის სხდომაზე განიხილა შუამდგომლობები და საქმეზე მოისმინა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის ახსნა-განმარტება. სასამართლომ როლანდ ბლადაძის სამი შუამდგომლობიდან 1 შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კერძოდ, პალატამ დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა მოპასუხე გიორგი პაპუაშვილის 2016 წლის 2 მარტის სატელევიზიო ინტერვიუს მტკიცებულების სახით საქმეზე დართვასთან დაკავშირებით. მხარე მიუთითებს, რომ გიორგი პაპუაშვილმა 2016 წლის 2 მარტს, ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2007 წელს ფლობდა ინფორმაციას როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების თაობაზე, თუმცა გიორგი პაპუაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთან კონფლიქტში ვერ შევიოდა. ეს მტკიცებულება პირდაპირი მტკიცებულებაა როლანდ ბლადაძის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, რომლითაც გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარება უნდა დადასტურდეს.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის ორი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სხდომის ფოტო-გადაღებას და FacebookLIVE-ის უზრუნველყოფას. პალატამ განმარტა, რომ სხდომის საჯაროობა სრულად იყო უზრუნველყოფილი, რაც შეეხება FacebookLIVE-ის მოთხოვნას, სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საშუალებას არ იძლეოდა. ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა საქმეზე საერთო სასამართლოების ორი მოსამართლის ქირავნობის ხელშეკრულების დართვას. მხარემ აღნიშნული მტკიცებულების დართვა საჭიროდ მიიჩნია, ვინაიდან სასამართლოს სწორი შეფასებები ჰქონოდა სახელმწიფოს საჯარო-უფლებამოსილების განხორციელების პროცესში განხორციელებულ მიზანთან დაკავშირებით. პალატამ განმარტა, რომ მოსამართლეების მიმართ ქირავნობის ხელშეკრულებების არსებობა სადავო ფაქტი არ ყოფილა. შესაბამისად, მხარეს საშუალება ჰქონდა ახსნა-განმარტების ეტაპზე წარმოედგინა შედარებითი ანალიზი.

როლანდ ბლადაძის შუამდგომლობებს არ დაეთანხმნენ მთავრობის სახით, საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურისტი სვიმონ ფირცხალაიშვილი და გიორგი პაპუაშვილის ადვოკატი გოჩა გოგიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორები, სამართლის სპეციალისტები, როლანდ ბლადაძის ოჯახი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქმეს განიხილავს მერაბ ლომიძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე), თეა ძიმისტარიშვილი და ამირან ძაბუნიძე. ამასთან, 2017 წლის 13 იანვრის სხდომაზე, არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმის განმხილველი შემადგენლობის უმრავლესობის აცილების შესახებ.

როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში საჩივარი შეიტანეს.

როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეზე პირველი სხდომა 2016 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა, სადაც როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - საქმის განხილვას ჩამოშორდნენ მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი. გადაწყვეტილება მოსამართლეთა აცილების შესახებ საქმის მომხსენებელმა მოსამართლე გიორგი გოგიაშვილმა მიიღო. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მტკიცება ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის მიკერძოების და საქმისადმი დაინტერესების შესახებ. მოსამართლეთა აცილების შემდგომ, საქმე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თამჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს, რომელმაც სააპელაციო საჩივრის განმხილველი ახალი შემადგენლობა დანიშნა. პალატის ამჟამინდელ შემადგენლობაში, თავიდანვე მონაწილეობდა მოსამართლე მირანდა ერემაძე, თუმცა 13 იანვრის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოსამართლე შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 20 თებერვალს სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.



კომენტარები