სააპელაციო სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეს დაურთო

31 იანვარი, 2017

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო მოპასუხე გიორგი პაპუაშვილის 2016 წლის 2 მარტის სატელევიზიო ინტერვიუ. ეს მტკიცებულება ერთ-ერთი პირდაპირი მტკიცებულებაა როლანდ ბლადაძის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, რომლითაც გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარება უნდა დადასტურდეს.

მხარე მიუთითებს, რომ გიორგი პაპუაშვილმა 2016 წლის 2 მარტს, ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2007 წელს ფლობდა ინფორმაციას როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების თაობაზე, თუმცა გიორგი პაპუაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთან კონფლიქტში ვერ შევიოდა.

სასამართლომ საქმეზე საერთო გადაწყვეტილების მიღების დროს, ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 2 მარტს, ტ/კ „მაესტროს“ ღია ეთერში, გიორგი პაპუაშვილი დასმულ შეკითხვას: „რამდენად სწორად მიგაჩნიათ მოსამართლის მხრიდან, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ანაზღაურება, მორალურად, რომ სახელმწიფოსგან მიიღოს ძვირადღირებული ქონება?“, გიორგი პაპუაშვილი ჟურნალისტს პასუხობს, რომ „კანონი სხვა ფორმას არ ითვალისწინებდა. სახელმწიფო ვალდებული იყო ასეთი უზრუნველყოფა მოეხდინა“. კითხვაზე: „რამდენად მორალური იყო მოსამართლეების მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი“, გიორგი პაპუაშვილი პასუხობს, რომ „სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ფორმის გადასინჯვის საშუალება არ იყო. სახელმწიფოსთან სპეკულაციას და ვაჭრობას ვერ დაიწყებდა“. კითხვაზე: „რამდენად მორალურად სწორი იყო?“, გიორგი პაპუაშვილი პასუხობს, რომ „მიღებული გადაწყვეტილებაზე სახელმწიფოსთან ვაჭრობაში ვერ შევიდოდნენ. ხელისუფლება ამბობდა, რომ სხვა ფორმით მოსამართლეთა დაკმაყოფილება ძვირი უჯდებოდა. თან, ის სხვა მოსამართლეებს ვერ მიცემდა იმის მაგალითს, რომ აყოლიება მოეხდინა და პრობლემები შეექმნა ხელისუფლებისთვის ქონებებთან დაკავშირებით“.

პალატის მიერ 2017 წლის 31 იანვარს დაკმაყოფილებულ მტკიცებულებასთან ერთად, საქმეში ასევე არსებობს მტკიცებულება საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცახდების სახით. გიორგი პაპუაშვილმა 2016 წლის 29 თებერვალს სამთავრობო კომისიაზე გასაუბრების დროს დასმულ კითხვაზე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანი ამ განცახდებაში აღნიშნავს, კითხვაზე: „ჰქონდა თუ არა დისკომფორტი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილისგან სიმბოლურ ფასად ძვირადღირებული ბინა მიიღო და გარეთ დატოვა ორი თუ სამი არასრუწლოვანი ბავშვი“, სამთავრობო კომისიამ გიორგი პაპუაშვილისგან მიიღო პასუხი, რომ „დისკომფორტი მაინც და მაინც ვერ ექნებოდა“. გიორგი პაპუაშვილის მხრიდან დასმულ კითხვაზე მიღებული პასუხი მოსარჩელე როლანდ ბლადაძის მეორე სასარჩელო მოთხოვნის მტკიცების და ნამდვილობის არსებობისთვის არსებითი ხასიათისაა, ვინაიდან გიორგი პაპუაშვილის ამ პასუხშიც ჩანს გარემოება, როდესაც მან იცოდა, რომ სადავო ქონების მიღებით ქონების პირვანდელი მესაკუთრის მცირეწლოვანი შვილები რჩებოდა სახლ-კარის გარეშე, ასეთი ცოდნის მიუხედავად, დათანხმდა და მიიღო სადავო ქონება, ხოლო სადავო ქონებაში ოჯახით გადასვლის გამო, მაინცდამაინც დისკომფორტს ვერ გრძნობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 მარტის საქმეზე: №ას-1269-1116-2010 გადაწყვეტილებით, ცალსახად იქნა დადგენილი, რომ „დავის განმავლობაში, ნივთის გასხვისებისას მყიდველს შეიძლება არ ჰქონდეს ინფორმაცია შეძენილ ქონებასთან დაკავშირებული დავის შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემძენი ითვლება კეთილსინდისიერად და მისი უფლება დაცულია კანონით (სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლები). თუ შემძენი ინფორმირებულია შესაძენ ნივთთან დაკავშირებული დავის თაობაზე, იგი ხდება იმ რისკის მატარებელი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დადგეს ამ ნივთის მიმართ. თუ დაკმაყოფილდება სარჩელი, შემძენს მოეთხოვება კანონიერ მესაკუთრედ ცნობილი მოსარჩელისათვის ნივთის დაბრუნება”.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქმეს განიხილავს მერაბ ლომიძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე), თეა ძიმისტარიშვილი და ამირან ძაბუნიძე.

როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში საჩივარი შეიტანეს.

როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 20 თებერვალს სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

 

 



კომენტარები