საზოგადოებას ვიზალიბერალიზაცია სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს უწესებს

2 თებერვალი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები’’ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის პარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ულოცავს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური რეფორმების შედეგია და აგრეთვე, ქართველი დიპლომატების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი. ევროკავშირის პარლამენტის მიერ 2017 წლის 2 თებერვალს, მიღებული გადაწყვეტილება მთავრობას ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს, განახორციელოს შემდგომი ინსტიტუციური რეფორმები და უზრუნველყოს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსჯაულება.

 ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატების’’ აზრით, აუცილებელია ქვეყანის მთელი მასშტაბით გაგრძელდეს და ეფექტური გახდეს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი მიზნობრივი პროექტები და კამპანიები, რათა ყველა მოქალაქეს სრულფასოვანი ინფორმაცია ჰქონდეს, როგორც ევროკავშირისა და მისი ცალკეული ინსტიტუციების თაობაზე, აგრეთვე ევროპაში მკვიდრი მოქალაქეების ცხოვრების წესსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს კრიმინალთან ბრძოლის პოლიტიკის გაუმჯობესებაზეც იმდენად, რამდენადაც ევროკავშირის წევრ თუ პარტნიორ სახელმწიფოში, საქართველოს მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაულში თანამონაწილეობა, შესაბამისი რეგულაციებით მკაცრად გაკონტროლდეს და ამ მიმართულებით, არსებობდეს მკაცრი დათქმები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რაც საერთო ჯამში, ქვეყნის რეპუტაციისა და იმიჯის საკითხია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ მიუხედავად ევროკავშირის პარლამენტის მიერ  მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, ვიზალიბერალიზაციის პროცესის სრულად დასრულებამდე დარჩენილია გარკვეული ტექნიკური პროცედურებიც. კერძოდ, შემდგომში უნდა მოხდეს შეთანხმება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პარლამენტს შორის ინსტიტუციურად, ხელი მოეწეროს შეთანხმებას ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, რომელიც უკვე ნათარგმნია ევროკავშირის ყველა სამუშაო ენაზე. სწორედ ამ პროცედურების შემდეგ, დოკუმენტი ქვეყნდება ევროკავშირის პარლამენტის ე.წ საკანონდმებლო მაცნეში, ხოლო გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში შედიოს კანონიერ ძალაში. 



კომენტარები