„ახალგაზრდა ადვოკატების“ კანონპროექტით, მოსამართლეებს სახლები საკუთრების უფლებით აღარ გადაეცემათ

8 თებერვალი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების დაზუსტებისთვის, მოსამართლების მიმართ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობის თაობაზე, კანონმდებლობაში არსებული უზუსტობების აღმოფხვრას მოითხოვს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს საჯარო უფლებამოისლების ფარგლებში, მოსამართლეების მიმართ საცხოვრებელი ფართების გადაცემას დროებით სარგებლობაში, მოსამართლედ საქმიანობის ვადით. კანონპროექტის მიზანი ემსახურება სამართლის ნორმის მიზნიდან გამომდინარე, სწორ და არაერთგვაროვან გადაწყვეტილებების მიღებას და შესაბამისობაში მოდის საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი პრინციპებთან, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. არაფულადი სახის შეღავათებით მოსამართლეთა უზრუნველყოფამ შესაძლოა ხელყოს მოსამართლის დამოუკიდებლობის საკითხი.  შესაბამისად, შესაძლოა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეები გადაწყდეს მიკერძოებულად, რაც უშუალოდ ეწინააღმდეგება სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპს, ცვლილება კანონპროექტში კი ეფექტურია იმ მხრივ, რომ დაკონკრეტდება კანონის მიზანი, მოქმედების სფერო, რაც ამავდროულად დიდ წვლილს შეიტანს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებობასა და მიუკერძოებლობაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ქართულ სასამართლო სისტემაში არსებობს ფაქტი, რომელიც დღემდე საზოგადოებრივი განსჯის და პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის საფუძვლებს იძლევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის ივნისში მიღებული განკარგულების თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქ. ბათუმში გადატანასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს, სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, უძრავი ქონებები საკუთრების უფლებით გადასცა. ამასთან, 2016 წელს, სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნის განხორციელება დაისახა არსებული პრაქტიკის მიხედვით, როდესაც ახალი მოსამართლის მიმართ საცხოვრებელი ფართი, ასევე საკუთრების უფლებით უნდა გადაცემულიყო, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. 2016 წელს სახელმწიფოს მცდელობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან აქტიური პროტესტის გამო, აღარ განხორციელებულა, თუმცა სახელმწიფოს უარი არ უთქვამს მოსამართლეების მიმართ უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად, საკუთრების უფლებით გადაცემის პერსპექტივაზე. 

ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილში. ამასთან, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონს უნდა დაემატოს 11 პრიმა მუხლი, რომლის თანახმადაც, „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, საკონსტიტუციო სასამართლოს მართლმსაჯულების განხორციელების ადგილას, სახელმწიფო დროებითი სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ვადით“. კანონპროექტის ამოქმედების სავარაუდო თარიღად მითითებულია 2017 წლის 1 მაისი.

ორგანიზაციის მხრიდან საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა განხორციელდა ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის მონაწილეობით და არ ყოფილა შეზღუდული რომელიმე დონორი ორგანიზაციის განსაკუთრებული მოთხოვნით. აღნიშნული „ახალგაზრდა ადვოკატების“ უკვე მეოთხე საკანონმდებლო წინადადებაა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

 



კომენტარები