„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ, პრეცედენტული დავა მოიგო

10 თებერვალი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ, კომპანია „ქისკოს“ საქმზე, პრეცედენტული დავა მოიგო. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა „ქისკოს“ სასარჩელო მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კომპანიას აუნაზღაურებს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებულ ზიანს და იმავდორულად, ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის მიმართ უსაფუძვლოდ დაკისრებული პირგასამტეხლო.

ორგანიზაციამ სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიმართ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულება შესაბამისად, „შპს ქისკომ“ სრულად და ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, უზრუნველყო კონკრეტული ტექნიკური საჭიროებების მიწოდება და მონტაჟი, თუმცა შემსყიდველმა არ განახორციელა საქონლის მიღება და უარი განაცხადა შესაბამისი „მიღება-ჩაბარების“ აქტის გაფორმებაზე. საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ საქონლის მიღებასა და შესაბამისი „მიღება-ჩაბარების“ აქტის გაფორმებაზე უარის თქმა, მაშინ, როდესაც შპს „ქისკომ“ სრულად წარმოადგინა საქონელი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს, წარმოადგენდა კანონისა და ხელშეკრულების უხეშ დარღვევას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცენტრს დაეკისრა ხელშეკრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5821,50 ლარი და გაუქმდა კომპანიის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო 1123,36 ლარის ოდენობით.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სასამართლოს 2015 წლის ოქტომბერში მიმართა. ორგანიზაციამ სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი და უკანონო მოქმედებების თაობაზე, ოფიციალური წერილით აცნობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. ორგანიზაცია მიმართვებში აღნიშნავდა, რომ „ჩვენს შეშფოთებას იწვევს ზემოაღნიშნული უწყებების მხრიდან საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის გათვალისწინების გარეშე, ახალგაზრდა ბიზნესს–კომპანიის მიმართ სანქციებისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის გაწყვეტის გარემობები, რომელსაც არ აქვს არავითარი საფუძვლები და მიზეზი. მთავრობა, რომელიც მხარს უჭერს ბიზნეს–გარემოს სრულფასოვან განვითარებას, ყურადღებას უნდა აქცევდეს სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან ბიზნესის მიმართ დამოკიდებულებისა და მართლზომიერების საკითხების შესწავლას, გასცემდეს შესაბამის რეკომენდაციებს და არ ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს მაშინ, როცა ბიზნესის კეთებით საქართველო, ევროპის წამყვანი ქვეყნების რიგში, ერთ–ერთ მოწინავე ადგილზეა“. ორგანიზაცია მიმართვებში კონკრეტულ თანამდებობის პირებზეც საუბრობდა, რომლებიც ხელოვნურად აფერხებდა კომპანიის საქმიანობის აღიარებას და იღებდა დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილება საქმეზე მოსამართლე კობა გოცირიძემ მიიღო.

 



კომენტარები