რუსთავში მიმდინარე პროცესები არამხოლოდ ბიზნესის, არამედ შრომის და სისხლის კოდექსებით უნდა შეფასდეს

17 თებერვალი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, კომპანია „რუსთავის აზოტის“ ქარხანასთან დაკავშირებულ მოვლენებთან, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ქიმიურ ქარხანა „რუსთავის აზოტში“ შექმნილი სიტუაცია დაძაბული რჩება. საწარმოდან გათავისუფლებული თანამშრომლების და დარგობრივი პროფკავშირების ორკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად ქარხნის ადმინისტრაცია მცირეოდენ დათმობებზე წავიდა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს დათმობები მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათისაა. ასე, მაგალითად, ახლა ის აცხადებს, რომ თანახმაა მუშებს 3 -ის ნაცვლად, 4 თვის კომპენსაცია გადაუხადოს. მაგრამ მასობრივი მოხსნების პრაქტიკაზე უარის თქმაზე ლაპარაკიც არ არის. მუშებს, კომპენსაცია კი არა, სამუშაო სჭირდებათ. თუმცა, საწარმოდან მიღებული  და პროფკავშირების წარმომადგენლების ცნობებით, მოლაპარაკებების პარალელურად ადმინისტრაცია ცდილობს აიძულოს გათავისუფლებული და  გასათავისუფლებელი თანამშრომლები ხელი მოაწერონ კაბალურ დოკუმენტებს კომპენსაციის მიღებით გათავისუფლების შესახებ.

ადვილი შესამჩნევია, რომ  დიდ ეჭვს იწვევს თავად მასობრივი მოხსნების მიზანშეწონილობა.  რა თქმა უნდა, საბაზრო კონიუქტურა დღეს არც თუ საუკეთესოა -გაზის ფასი ქარხნისთვის იზრდება, ხოლო მის ძირითად პროდუქტზე, ამონიუმის გვარჯილაზე ფასი იზრდება, მაგრამ გაცილებით ნელა. თუმცა ამაში არაფერია ექსტრაორდინალური: საბაზრო პირობები ცვალებადია, და არც თუ ისე ხშირად იცვლება ხელსაყრელი მიმართულებით. საფიქრელია, რომ „აზოტს“ ყველა შესაძლებლობა აქვს არახელსაყრელი პერიოდის გადატანისა, რაც მისი არსებობის 50 წლის განმავლობაში,  არა ერთხელ ჰქონია. ეს ხომ ერთადერთი საწარმოა, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის მოთხოვნად აზოტოვან სასუქს აწარმოებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.   

მაშინ რატომ ხდება, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად ზომების მიღების ნაცვლად ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ გაანადგუროს უმაღლესი კლასის მქონე სპეციალისტებისგან შემდგარი კოლექტივი, ურომლისოდაც, „აზოტი“ მხოლოდ ძვირადღირებული დანადგარების საწყობი იქნება? რატომ არის დაკავებული რეალური სამუშაოს ნაცვლად, მხოლოდ კანონმდებლობის მრავალგზის დარღვევით.

რაც არ უნდა თქვან ქარხნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სწორედ კანონის დარღვევაა თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება, შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მათი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ხალხს არა თუ მომზადების, თავიანთი საქმეების და კრედიტების გარკვევის საშუალება არ მისცეს - ისინი უბრალოდ ქუჩაში გამოაგდეს! წარმოიდგინეთ - ერთ მშვენიერ დღეს მიდიხართ სამსახურში,  ხოლო შესასვლელში გეუბნებიან, რომ თქვენ აქ აღარ მუშაობთ და არც შიგნით გიშვებენ. სწორედ ეს შეემთხვა „რუსთავის აზოტის“ ასობით თანამშრომელს. რა, საქართველოში აღარ არსებობს შრომის კოდექსი? მართლაც რჩება შეგრძნება, რომ  ჩვენი სახელმწიფოსთვის აღარ არის ცნობილი, არც შრომითი ღირებულებები, და არც თავისი მოქალაქეების პატივისცემა.

არანაკლები კითხვები ჩნდება სხვა იურიდიული მომენტის მიმართაც - თვით მფლობელის შეცვლის ფაქტი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ახალმა მფლობელმა  კანონიერად და სამართლიანად იყიდა „რუსთავის აზოტი“ აუქციონზე „საქართველოს ბანკისგან“, მაგრამ რატომ არ იღებდა ამ აუქციონზე მონაწილეობას სხვა დაინტერესებული მხარეები ან გარე ინვესტორები?

განსაკუთრებით საეჭვოდ გამოიყურება ეს გარიგება იმ ფონზე, რომ კომბინატის  ახალი მფლობელი კომპანია, როგორც აღმოჩნდა, დარეგისტრირდა ყბადაღებულ აუქციონამდე სულ რაღაც სამი კვირით ადრე, 100 ლარის სასტარტო კაპიტალით. ფორმალური ბრალდებები სამართალდამცავი ორგანოების საქმეა, მაგრამ ის, რომ ამ ბანკის მიერ ჩატარებულმა აუქციონმა, სრულიად უსინდისოდ დაარღვია მრავალთა უფლებები, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

ამ ყველაფრის შემდეგ, უცნაურობად შეიძლება ჩაითვალოს Loyal Capital Group-ის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი შეყრილაძის ამასწინანდელი განცხადება, რომ „აზოტის“ ხელში ჩაგდებას რუსული კომპანია “Система” ცდილობს. ალბათ, რუსთავში მიმდინარე პროცესების შეფასება უნდა მოხდეს არა მხოლოდ ბიზნესის, შრომის კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის თვალსაზრისით, არამედ მორალის თვალსაზრისითაც. რადგანაც, კანონის უგულვებელყოფა ბოლოს ისევ იმ ქაოსში დაბრუნებით ემუქრება ჩვენს ქვეყანას, რომელიც, სამწუხაროდ, ყველას კარგად  გვახსოვს“ - ნათქვამია არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაში. 



კომენტარები