თბილისის სააპელაციო სასამართლო „პაპუაშვილის საქმეზე“ გადაწყვეტილებას 7 მარტს გამოაცხადებს

20 თებერვალი, 2017

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე გადაწყვეტილებას 2017 წლის 7 მარტს გამოაცხადებს.

სასამართლომ 20 თებერვლის სხდომაზე მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მოახდინა მტკიცებულებათა გამოკვლევა. პალატამ სხდომაზე იმსჯელა მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობაზე და ამ მიმართულებით მოისმინა უახლესი ცნობები. როლანდ ბლადაძის წარმომადგენლის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას წერილობითი ინფორმაციით, სამინისტრო დავის მხარეებთან მორიგებას ყველა მხარის ინტერესების დაცვისა და უფლების გათვალისწინებით, არ გამორიცხავს. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სამინისტროს მხრიდან კონტაქტის არარსებობა გიორგი პაპუაშვილთან. არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, როლანდ ბლადაძე და გიორგი პაპუაშვილი იზიარებენ იმ აზრს, რომ მორიგება შესაძლებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან სათანადო რეაგირებისა და კომუნიკაციის შემთხვევაში. შესაბამისად, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უკვე მიმართა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. როგორც სასამართლომ განმარტა, საქმეზე მორიგების დამტკიცება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულება იქნება. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა სხდომაზე სასამართლოს წარუდგინა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტიც, რომელიც სამინისტრომ  მოამზადა და რომლის ფარგლებშიც, პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმეზე მორიგება უნდა მომხდარიყო, თუმცა მთავრობის გაკრაგულების პროექტის იმპლემენტაცია, იმის გამო, რომ სამინისტროს არ გააჩნია კონტაქტი გიორგი პაპუაშვილთან, არ განხორციელებულა.

სასამართლოს დამასრულებელ სხდომას ესწრებოდა ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძე და მისი ოჯახის წევრები. როგორც მედიასთან კომენტარში როლანდ ბლადაძემ განაცხადა, გააჩნია პოზიტიური მოლოდინი, სახელმწიფო მორიგების მიმართულებით საქმიან ნაბიჯს გადადგამს და სამართლიანობა ქონების დაბრუნებით დასრულდება. მისი თქმით, გიორგი პაპუაშვილთან არავითარი პიროვნული შეუთავსებლობა არ გააჩნია და აღნიშნა, რომ მომავალი თაობის, შვილების ინტერესების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს საქმეში ყველა მხარის ინტერესების დაცვას. მედიასთან კომენტარი გააკეთა როლანდ ბლადაძის მეუღლე მარინა ესელიძემაც, რომლის განცხადებითაც, ოჯახი საქართველოში ჩამოვიდა და სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს. „მიხეილ სააკაშვილმა ჩემი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. მქონდა იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის პირობებში, მთავრობა წართმეულ სახლს დამიბრუნებდა. ეკონომიკის სამინისტრო ამ დავაში მხარეა. ძალიან შეუფერებელია სამინისტროს იურისტის გამონათქვამები, რაც დღეს პროცესზე მოვისმინე. ისინი ამართლებენ სისტემურ დანაშაულებებს. მე მინდა მივმართო პრემიერ მინისტრს, თქვენ დღეს ხართ სახელმწიფო და თქვენ გაქვთ ვალდებულება დამიბრუნოთ ჩემი სახლი. მინდა მივმართო სასამართლოს, რომ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება და არ დატოვოს ადამიანის ღირსება და უფლება შეურაცხყოფილი“ - განაცხადა მარინა ესელიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვას 5 თვე მოანდომა. პირველი სხდომა 2016 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა, სადაც როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - საქმის განხილვას ჩამოშორდნენ მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი. გადაწყვეტილება მოსამართლეთა აცილების შესახებ საქმის მომხსენებელმა მოსამართლე გიორგი გოგიაშვილმა მიიღო. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მტკიცება ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის მიკერძოების და საქმისადმი დაინტერესების შესახებ. მოსამართლეთა აცილების შემდგომ, საქმე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თამჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს, რომელმაც სააპელაციო საჩივრის განმხილველი ახალი შემადგენლობა დანიშნა. პალატის ამჟამინდელ შემადგენლობაში, თავიდანვე მონაწილეობდა მოსამართლე მირანდა ერემაძე, თუმცა 13 იანვრის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოსამართლე შეიცვალა. 13 იანვრის სხდომაზე არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმის განმხილველი პალატის უმრავლესობის აცილების თაობაზე. ამავე სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა და საქმეს დაურთო სხვადასხვა დოკუმენტაცია, რომელიც საერთო შეფასებით, ქმნის უტყუარ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ 2004-2007 წლებში, სახელმწიფომ არავითარი კანონისმიერი ღონისძიება არ განახორციელა სადავო ქონების გასვისებისგან თავშეკავების თაობაზე და დარღვეულ იქნა ქონების პრივატიზების მაშინდელი კანონმდებლობით დადგენილი წესები. ამასთან, პალატამ 31 იანვრის სხდომაზე დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის კიდევ ერთი შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო მოპასუხე გიორგი პაპუაშვილის 2016 წლის 2 მარტის სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი პაპუაშვილი 2007 წელსაც ფლობდა ინფორმაციას როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების თაობაზე, თუმცა გიორგი პაპუაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთან კონფლიქტში ვერ შევიდოდა. აღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ პირდაპირ მტკიცებულებას როლანდ ბლადაძის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, რომლითაც გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარება უნდა მოხდეს.

საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილეს მერაბ ლომიძემ (მომხსენებელი, თავმჯდომარე), თეა ძიმისტარიშვილმა და ამირან ძაბუნიძემ.

როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში საჩივარი შეიტანეს.

როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეზე გადაწყვეტილება 7 მარტს, 11:00 საათზე გამოცხადდება.



კომენტარები