- მე მაქვს პალატის დამოუკიდებლობის და კანონის, სამართლის, საზოგადოებისა და თაობათა წინაშე პასუხისმგებლობის იმედი. დღეს თქვენ ხართ როლანდ ბლადაძის წართმეული სახლის დამბრუნებლები ან სახელმწიფოში ის მესამე შტოს ხელისუფლება, რომელიც რჩება წარსულში, არ მინდა მჯეროდეს ჩადენილ სისტემურ დანაშაულებებთან. ბატონებო, მოდით, ერთად შევქმნათ ახალი ფურცელი ამ საქმეშიც და ისტორიის წინაშეც. დღეს ერთი ოჯახის და ერთი ადამიანის კანონიერად გადაწყვეტილი ბედი, დაცული უფლება და მომავალი, მერწმუნეთ, მთლიანად შეცვლის სისტემას, საზოგადოებასაც და შელახულ ღირსებას დაუბრუნებს მართლმსაჯულებას. თქვენ შეგიძლიათ აღადგინოთ სამართლიანობა და დაამკვიდროთ მხარეთა შორის ობიექტური თანასწორუფლებიანობა ამ დავის არსიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა 2017 წლის 20 თებერვლის დასკვნით სიტყვაში წარმოთქვა.
„ჩვენ ყველას გვაქვს სახლი, როლანდ ბლადაძეს კი 12 წლის წინ ჩამოერთვა სახლი იქ სადაც დაიბადა და გაიზარდა - აჭარაში. ჩვენ მთელი სხდომა ვისმენდით ფრაზებს „ჩამოერთვა“, „გადაეცა“. ამ ტერმინებში გონივრული განსჯის მიღმა მყოფი ადამიანიც უსამართლობის განცდით აღივსებოდა. დღეს, ამ სასამართლოს მოვალეობაა, ამ დავაში, ამ ისტორიაში და ამ საქმეში დაიცვას ადამიანის უფლებები და გააჩინოს ახალი ტერმინი - „დაბრუნება“. ჩვენ მხოლოდ ასეთი სასამართლო გვჭირდება, რომელიც სრულიად უთანასწორო ბრძოლაში დაიცავს სუსტს და მაგალითს მისცემს ძლიერს, რადგანაც, კანონის წინაშე, ჩვენ ყველანი ვართ თანასწორუფლებიანი“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
არჩილ კაიკაციშვილმა საქმეში არსებული მტკიცებულებების მნიშვნელობაზე მსჯელობა, საქმის განმხილველი თავმჯდმარე მოსამართლე მერაბ ლომიძის სიტყვებით დაასაბუთა:
„ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის დროს, სასამართლო ადგენს იურიდიულ ფაქტებს. ფაქტების დადგენის აუცილებლობა დადგენილია იმით, რომ სასამართლო იხილავს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობენ. სამართლებრივი ურთიერთობა კი უმთავრესად წარმოიშობა იურიდიული ფაქტების საფუძველზე. მაშასადამე, სასამართლო ვალდებულია დაადგინოს ისეთი ფაქტები, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკველ იურიდიულ შედეგს და რომლებზეც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლოში ამ იურიდიული ფაქტების დადგენა, ძირითადად, ხორციელდება მტკიცების გზით. მტკიცება ფაქტების შემეცნების საშუალებაა.
მტკიცებულებას სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით. კანონის ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იქედან, რომ პრაქტიკაში არ არსებობს ორი იდენტური საქმე. ყოველი საქმე, თუნდაც ძალიან მსგავსი, არ არის იდენტური. ამიტომ ის მტკიცებულება, რომელიც უტყუარია ერთ საქმეზე, შეიძლება არ იყოს უტყუარი სხვა საქმეზე“.
არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლე, როგორც სამართლის სპეციალისტი, მტკიცებულებების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ჯერ კიდევ 2000 წელს გამოთქვამდა თავის სამეცნიერო სტატიაში: „მტკიცებულებათა შეფასება“. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, აღნიშნულ სტატიას მოსამართლის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მხარემ შეძლო არქივის მოძიება, სამეცნიერო მასალის შესწავლა და როლანდ ბლადაძის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, სწორედ ამ ღირებულებებითა და პრინციპებით დასაბუთდა.
ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე გადაწყვეტილებას 2017 წლის 7 მარტს გამოაცხადებს.