ისტორია

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ახალგაზრდა ადვოკატები“ დაფუძნდა 2012 წლის 9 ივლისს. ორგანიზაციის დევიზია: „ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა“. ორგანიზაცია წარმოადგენს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას და დაფუძნების დღიდან ერთ-ერთი აქტიური პოზიციის მქონე ორგანიზაციაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროში, საზოგადოებრივი ინტერესებისა და ინსტიტუციური რეფორმების შეფასების პროცესში.
 
„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2012 წლიდან წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამუშაო ჯგუფის წევრ ორგანიზაციას. 2012 წლიდან არის არასამთავრობოთა ალიანსის: „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის” თანადამფუძნებელი და წევრი. 2013 წლიდან წარმოადგენს „სისხლის სამართლის რეფორმის საქართველოს ალიანსის“ წევრ ორგანიზაციას. 2014 წელს გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი. 2014 წელს გაწევრიანდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოში, ხოლო 2014 წლის 22 დეკემბრიდან, საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. „ახალგაზრდა ადვოკატები“, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ გადაწყვეტილებით, დასახელდა „2014 წლის ყველაზე აქტიურ უფლებადაცვით ორგანიზაციად“. 
 
„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2015 წლიდან ჩაერთო ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწესთან არსებულ სამუშაო ჯგუფში. 2015 წლიდან ორგანიზაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხებზე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფში. ამასთან, 2015 წლის თებერვალში, ორგანიზაცია აღმოჩნდა ერთ-ერთი წარმდგენი და მხარდამჭერი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა შესთავაზა. 2015 წლის აპრილიდან, ორგანიზაცია ჩაერთო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში. 2015 წლის 30 აპრილს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით, დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაციათა მუდმივმოქმედი ალიანსი: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“. 2015 წლის დეკემბრიდან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ გახდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 
 
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თანამშრომლობს პროფესიულ ჯგუფებთან, საჯარო დაწესებულებებთან, კერძო სექტორთან, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. ორგანიზაცია მიმართულია კვლევით საქმიანობაზე, ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, ამზადებს დასკვნებს, რეკომენდაციებს, საკანონმდებლო წინადადებებს, ჩართულია ახალგაზრდული პოლიტიკის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამართლებრივი რეფორმების შეფასებაში. ამ მიმართულებით, ორგანიზაცია 2013 წლიდან ახორციელებს ინიციატივას: „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“. ორგანიზაცია ახორციელებს უფასო იურიდიული კონსულტაციის პროგრამას. გამოსცემს პერიოდულ სამეცნიერო ჟურნალს და ამზადებს ყოველთვიური საქმიანობის მედია-დაიჯესტს. 
 
ორგანიზაციის პოზიცია არაერთხელ გამხდარა დისკუსიის საფუძველი მას შემდეგ, რაც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პრინციპული პოზიცია დაასაბუთეს 2003-2012 წლებში, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის, სისტემური დანაშაულებისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების კანონშეუსაბამო მოქმედებების თაობაზე. ორგანიზაციის მკვეთრი პოზიცია, ცალკეული ჯგუფების მხრიდან აღქმულია, როგორც მიკერძოებული დამოკიდებულება. შესაბამისად, ორგანიზაციის ბიოგრაფიის ნაწილია ცალკეული სასამართლო დავებიც, რომლიც მიზნად „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანი რეპუტაციის დაცვას და ცილისწამებით მიყენებული ზიანის აღდგენას გულისხმობს. 
 
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მოქმედებს წესდების, შინაგანაწესისა და შიდა ნორმატიული აქტების საფუძველზე. გააჩნია საქმიანობის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, რომელიც პერიოდულად ახლდება. 2015 წლის იანვრიდან, „ახალგაზრდა ადვოკატები“, კაბინეტურ მმართველობაზე გადავიდა. ორგანიზაციის ახალი წესდებით, შეიცვალა მმართველობითი რგოლი. ორგანიზაციას, სადამფუძნებლო საბჭოს ერთპიროვნული მმართველობის ნაცვლად, უხელმძღვანელებს ორი წლის ვადით არჩეული ხელმძღვანელი. ხელმძღვანელი აკომპლექტებს კაბინეტს (გუნდს), რომელიც ანგარიშვალდებულია სადამფუძნებლო საბჭოს და ყველა სხვა მესამე პირთან მიმართებით. 
 
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შემოსავლის წყაროა: საგრანტო პროექტები, შემოწირულობები და კანონით ნებადართული სხვა შემოსავლები.