„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტ „კანონშემოქმედის“ პარტნიორი გახდა

18 აპრილი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სტუდენტური პროექტ: „კანონშემოქმედი“ პარტნიორი გახდა. პროექტი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისთვის“ ინიციატივის ფარგლებში ტარდება, მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კანონპროექტების ინიცირებას, საჯაროდ განხილვას, საკანონმდებლო მუშაობის სპეციფიკის გაცნობასა და ამ მიმართულებით, არსებული ცოდნის გაღრმავებას. პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ იმუშაონ რელიგიური თანასწორობის, სისხლის სამართლის პოლიტიკის, ნარკო–დანაშაულის, გამოხატვის თავისუფლების, პრეზიდენტის არჩევის წესის, მოწმეთა დაკითხვის წესის, სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, მოამზადონ მათზე პარლამენტის მიმართ წარსადგენილი რეკომენდაციები.

„ახალგარზდა ადვოკატები“ პროექტის პარტნიორობის ფარგლებში, მასში მონაწილეებს საკანონმდებლო წინადადების მომზადების ტექნიკაზე ჩაუტარებს ტრენინგს, დააკვირდება სამუშაო პროცესს, შეარჩევს პროექტის ერთ საუკეთესო გამარჯვებულ მონაწილეს, მოკლევადიანი პერიოდით მოიწვევს სტაჟიორად, მასთან გააფორმებს შრომით ხელშეკრულებას და საშუალებას მისცემს რეალურ საქმეზე სასამართლო წარმომადგენლობისთვის. ამასთან, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს, პროექტის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო წინადადბიდან შეარჩიოს ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მიმართული იქნება კანონში არსებული უზუსტობების აღმოფხვრისკენ, შექმნას სამუშაო ჯგუფი და რეალურად მისცეს წარმოდგენილ წინადადებას საკანონმდებლო ინიციატივის სახე, რომელიც წარედგინება პარლამენტს.

პროექტი „კანონშემოქმედი“ ჩატარდება 2017 წლის 6 – 8 მაისს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მუდმივად მხარს უჭერს საგანმანათლებლო, პროფესიულ ინიციატივებში თანამონაწილეობას. ორგანიზაციისთვის აღნიშნული იქნება მეორე მასშტაბური პროექტი „Future Lawyers' Summit 2016“ შემდეგ, რომლის ოფიცილაური პარტნიორიც ხდება.

 



კომენტარები