"ახალგაზრდა ადვოკატების" სარეკომენდაციო წინადადებები თბილისის მგგ-ის მიღებაზე

28 აპრილი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადებათა დოკუმენტის სამართლებრივი შეფასების შედეგად, სარეკომენდაციო წინადადებათა პაკეტს აქვეყნებს, რომელითაც მოთხოვნილია, რომ მგგ-ის ახალი დოკუმენტი მაღალი ლეგიტიმაციის პირობებში, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულმა ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის თვითმმართველობამ უნდა მიიღოს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად: 

  1. ორგანიზაციას მიზანშეწონილად მიაჩნია ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის მოხდეს თბილისის მიწათარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო დოკუმენტის უზრუნველყოფა. ამ თვალსაზრისით, დოკუმენტი გამოქვეყნდეს და მოქალაქეებს მიეცეთ გონივრული ვადა წინადადებების, შეფასებებისა და ალტერნატიული ხედვების წარმოდგენისთვის;
  2. ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფორსირებულად, დაჩაქრებული წესით, საზოგადოებრივი აზრისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, არ მიიღოს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი, გასწორდეს და არსებულ საკანონმდებლო-რეგულაციის წესებთან შესაბამისობაში მოვიდეს დოკუმენტის ხარვეზული მხარეები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ობიექტებს შეექმნათ მეტი დაცულობის საფუძვლები;
  3. ორგანიზაცია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის მნიშვნელობისა და ცვლილებების მასშტაბურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს დოკუმენტის მისაღებობის საკითხზე თბილისის მოსახლეობის აზრის დადგენას. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაციას საჭიროდ მიაჩნია, დოკუმენტის მიმართ სამართლებრივი და პოლიტიკური დამოკიდებულება დადგინდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ქალაქ თბილისში მოსახლეობის საყოველთაო გამოკითხვით - პლებისციტის ჩატარების უზრუნველყოფით.
  4. ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნვეს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის კენჭისყრის საკითხი დადგეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული, ახალი ლეგიტიმაციის შედეგად ფორმირებული ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის თვითმმართველობის პირობებში.
  5. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის იმპლემენტაციამდე, აუცილებელია მომზადდეს ანალიზი, რომელიც შეეხება საქართველოს კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ზემოქმედების ფარგლების მიზანშეწონილობასა და მათი თავიდან არიდების, საფრთხის აღმომფხვრელ წინაპირობებს;
  6. ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია, სათანადო დასაბუთება მიეცეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტით შემოთავაზებული ისეთი ინსტიტუციური ცვლილებების მიზანშეწონილობას, რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებით სამ მოსალოდნელ ინფრასტრუქტურულ ცვლილებასთან - რკინიგზის გადატანა, აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოება, ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის (დაახლ. 150.0 ჰა) ათვისება მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებისთვის.
  7. ორგანიზაცია აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის იმპლემენტაციამდე, ცვლილებების სათანადო ფინანსური დოკუმენტის შექმნა, სადაც მკაფიო გახდება მგგ-ის ფინანსური მხარე, ასევე კერძო ინტერესების შეზღუდვის შემთხვევებისთვის წინასწარი, სრული და სამართლიანი  კომპენსაციის პირობები, სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვის შემთხვევაში ალტერნატიული წინადადებათა დასაბუთების და მათი ეკონომიკურად მომგებიან სივრცეები გადანაწილების საკითხი;
  8. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ინსპექტირების ან/და საზედამხედველო ჯგუფი, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს გეგმით გათვალისწინებული პირობების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულების თაობაზე და იმავდროულად, უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის შუალედური და საბოლოო ანგარიშების წარდგენას.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის 6 აპრილს მონიტორინგის პირველადი შეფასებითი ნაწილი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები ორგანიზაციის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია. ორგანიზაციამ დოკუმენტი მიაწოდა საკითხით დაინტერესებულ საჯარო და კერძო ინსტიტუციებს, დიპლომატიურ კორპუსს და მედიას.  



კომენტარები