თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის სამართლებრივი ანალიზი

28 აპრილი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადებათა დოკუმენტის სამართლებრივი ანალიზი და საკითხის მონიტორინგი მოამზადა. კვლევის ფარგლებში, მომზადდა დასკვნა და რეკომენდაციები.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის სამართლებრივი დასკვნა

ორგანიზაციამ შეისწავლა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის იურიდიული მნიშვნელობა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების მიმდინარე პროცესის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და ყურადღებას დაუთმობს იმ არსებითი მნივნელობის საკითხების შეფასებას, რომელთა წარმოჩენაც და მათზე ფართო დისკუსია მიგვაჩნია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემდგომი სანდოობისა და ეფექტურ დოკუმენტად ქცევის აუცილებელ პირობად. ამ თვალსაზრისით, ყურადღება უნდა დაეთმოს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების წარმოდგენილი საპროექტო მომსახურების საერთაშორისო კონკურსის ჩატარებას, კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოცდილებას, წარმოდგენილი საპროექტო მომსახურების კვარტალური ანგარიშების მიზნებსა და ამოცანებს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული პროექტის  შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და მისი შემდგომი განხორციელების ფინანსურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

ორგანიზაცია საპროექტო მომსახურების – ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების მიზნით, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ 2015–2016 წლებში წარმოდგენილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების სამი კვარტალური ანგარიშის შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ ეტაპზე, დოკუმენტი ჩატარებული საქმიანობიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს საზოგადოების ჩართულობის პროცესის შედეგს და მას აშკარად აკლია საჯარო დისკუსიის კომპონენტი. მსგავსი მიდგომა კანონის მოთხოვნაა და აშკარაა მისი უგულებელყოფა. საჯაროობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს შემუშავებული დოკუმენტის ხელმისაწვდომობის ფაქტი. საპროექტო წინადადების თაობაზე სრული ინფორმაცია არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. სწორედ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა განიხილოს, მიიღოს და დაამტკიცოს დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა. ამასთან, საპროექტო წინადადების მუშაობის პროცესზე სრულყოფილი ინფორმაცია არ გვხდება ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. პროცესზე საზოგადოების ინფორმირებას გააჩნია მხოლოდ ფრაგმენტული ხასიათი, ახალი ამბების სააგენტოებსა და ბეჭდვურ მედიაში მხოლოდ ვრცელდება განცხადებები და ინტერვიუები პროცესის მომხრე თუ განსხვავებული აზრის მქონე მხარეების ინტერესების გათვალისწინებით, რაც ვერ იძლევა ნატურალურ, მკაფიო, დოკუმენტურ წარმოდგენას საპროექტო წინადადების მომზადების და შესრულებული სამუშაოს სათანადო ანალიზისთვის. პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, რასაც მოწმობს დოკუმენტის ავტორთა ჯანსაღი პრეტენზიაც - წარმოდგენილი წინადადებები იქცეს საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტად, თუმცა ორგანიზაცია შენიშნავს, რომ დოკუმენტის საჯაროობის მიმართ ღირსი ინტერესი არც კონკურსში გამარჯვებულ ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მხრიდანაც გამოვლენილა. კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს (cityinstitute.ge) ფუნქციური დატვირთვა არ გააჩნია. ფუნქციურია მხოლოდ ორგანიზაციის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი. ასეთ პირობებში, კიდევ უფრო მეტად მართებულად დაისმის საკითხი, თუ რამდენად საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტია დედაქალაქის გენერალური გეგმის განახლებული პროექტი. ამასთან, საჯაროდ არ არსებობს და ავტორ ორგანიზაციას არც დღემდე მოუწოდებია საზოგადოების სხვადასხვა ფენის თუ დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობის საკითხზე ან მათი მონაწილეობის ხარისხზე, არც ერთი შეხვედრის ან განხილვის ოქმი. ის ფაქტი, რომ ავტორი ორგანიზაციის მხრიდან შექმნილ იქნა საზოგადოებრივი დარბაზი ან/და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოხდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების (1-4  ეტაპის) გამოფენა, საკმარისი არგუმენტი არ არის. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საპროექტო წინადადებების შესრულების გამოფენა არ ნიშნავს განახლებული დოკუმენტის საზოგადოებრივი გაცნობის უზრუნველყოფას. მიგვაჩნია, რომ თითოეულ დაინტერესებულ მოქალაქეს დასრულებული სამუშაოები შედეგი კი არ უნდა შეეფასებინა, არამედ დოკუმენტის შექმნის პროცესში, თანამონაწილეობის უფლება უნდა გამხდარიყო უზრუნველყოფილი და პროცესს თან ჰქონოდა განსხვავებული მოსაზრებების წარმოჩენის პრეტენზიაც. ამ მიმართულებით, თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებსაც. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს მხრიდან საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებისა და საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის საკითხებზე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით. საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის ვალდებულებისთვის, კოდექსის III თავით განსაზღვრული წესებისთვის, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოადგენენ საჯარო დაწესებულებას, თუმცა მონიტორინგის პროცესში დაუდგენელი აღმოჩნდა, არსებობს თუ არა ქ. თბილისის მერის ან/და ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტი, რომლითაც თვითმმართველობის ორგანოებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას დააკისრებდა. მათ, ნებისმიერ შემთხვევაში, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისთვის მომზადებული საპროექტო წინადადებების დეტაკლური გასაჯაროება და საზოგადოების ინფორმირება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული საჯარო ინტერესის პრინციპის დაცვით აკისრიათ, ვინაიდან და რადგანაც, ისეთი კატეგორიის პროექტების შემუშავებისას, რომელთა განხორციელებაც უშუალოდ აისახება ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, პირველადი კონცეფციის შექმნის პროცესიდანვე უნდა განხორციელდეს კვლევებისა თუ სხვადასხვა სოციალური გამოკითხვების საფუძველზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლით, მისი ანალიზით და დოკუმენტში შემდგომი გათვალისწინებით.

ამასთან, ორგანიზაცია დოკუმენტის საჯაროობის კომპენენტის მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილავს არა ავტორი ორგანიზაციის მხრიდან დოკუმენტის შექმნაზე მუშაობის პროცესში პარტნიორი ორგანიზაციების თუ დამხმარე სპეციალისტების მონაწილეობით გამართულ თემატურ შეხვედრებს ან/და გამოფენების მოწყობას, არამედ პროცესში და თემატურ დისკუსიაში საჯარო უწყებების მონაწილეობის საკითხს. ამ თვალსაზრისით, მონიტორინგმა შეისწავლა დედაქალაქის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის საკითხი. სამწუხაროდ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის პროცესში არ გამოიკვეთა საქართველოს მთავრობის (შესაბამისი სამინისტროების, გარდა ეკონომიკისა და კულტურის სამინისტრების), არც საქართველოს პარლამენტის (შესაბამისი კომიტეტების) და არც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობა და თანამშრომლობის ფორმატი. შესაბამისად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, დოკუმენტის საჯაროობა და ხელმისწავდომობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. 

ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს 2015 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონკურსის პირობებს, გამარჯვებული კომპანიის გამოცდილების თავსებადობას საკონკურსო მოთხოვნებთან და სახელმწიფო გამარტივებული შესყიდვის მიზანშეწონილების საკითხს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერის თანახმად, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დაფუძნებულ იქნა 2015 წლის 30 ივნისს, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებული კონკურსიდან 41-ე დღეს. საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს, ხოლო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა - 2017 წლის 13 სექტემბერს. ასეთი ფაქტობრივი გარემოება ლეგიტიმურად აჩენს ვარაუდს, სახელმწიფო შესყიდვასთან გამარჯვებული კომპანიის ან მის წარმომადგენლობაზე უფლებამოისლი პირების წინასწარ არსებული კავშირებისა და საერთო ინტერესების თაობაზე. ორგანიზაცია მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას. 2015 წლის 7 ივლისსა და 10 ოქტომბერს, თბილისის მერი ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის  „ფრაუნჰოფერის“ და „სითი ინსტიტუტ საქართველოს'' წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც გაცნობილ იქნა პროექტი „მომავლის ქალაქი“ და ამ პროექტის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა რვა საპროექტო წინადადება საკითხებზე: ქალაქის ურბანული პროცესები და მართვა, ენერგიის განახლებადი წყაროები, CO2-ის შემცირების, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და უსაფრთხოების დაცვა, ენერგოეფექტური ქალაქის მოდელი და სხვა. აღსანიშნავია, რომ ყველა ის საკითხი და თემატური მიმართულება, რომელიც წარმოდგენილი იქნა „მომავლის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, არსებითად, ორგანულად და შინაარსობრივად წარმოადგენს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების მიზნებსა და ამოცანებს. როგორც 2015 წლის 7 ივლისის პრესკონფერენციაზე, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ერთ-ერთმა დირექტორმა, მამუკა სალუქვაძიმ განაცხადა: „მოგეხსენებათ, დღეს ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის განვითარებაზე მიდის საუბარი, კონკურსია გამოცხადებული და ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ამ პროექტის დაწყება თბილისში, რამეთუ სწორედ მოინახოს ის მნიშვნელოვანი და ძირითადი საფუძველი და კონცეფცია, რომლითაც განვითარდება ქალაქი. გასაგებია, რომ ის ჯგუფი, რომელიც ალბათ გაიმარჯვებს გენგეგმის განახლების კონკურსში, სწორედ აი, ამგვარ კონცეფციას უნდა დაეყრდნოს, რამეთუ არ შეიძლება ქალაქი ვითარდებოს სხვადასხვა კონცეფციებით. ქალაქი ერთი კონცეფციით უნდა ვითარდებოს და ძალიან კარგია, რომ ამ შემთხვევაში, ამის საშუალება ჩვენ გვეძლევა. აქედან გამომდინარე, ეს ორი პროექტი მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს ერთმანეთთან და ვფიქრობ, რომ ამის მოხერხება ძალიან ადვილი იქნება იმ შემთხვევაში, როცა ქალაქ თბილისის მერიაც ძალიან დაინტერესებულია ამ პროექტით“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზ/აღნიშნული წინამძღვრებითა და გარემოებების გათვალისწინებით, სავსებით ობიექტურად დაისმის კითხვა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების წარმოდგენისთვის გამოცხადებული კონკურსის გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის თაობაზე, კონკურსში მონაწილე სუბიექტების თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრითობის შესახებ, როდესაც ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მდგომარეობა თბილისის მთავრობასთან მჭიდრო კონტაქტებისა და მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ბუნებრივად აღმოჩნდა დომინანტური სტატუსით და საკონკურსო პროცესი მთლიანად აღმოჩნდა ცალმხრივი, რითაც მნიშვნელოვნად დაირღვა შეჯიბრითობისა და კონკურენციის პრინციპები. სწორედ ზ/აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ნაკლები ყურადღება დაეთმო ორგანიზაციის გამოცდილებას და ყურადღება დაეთმო გამარჯვებული ორგანიზაციის კონტრაქტორ და პარტნიორ უცხოურ კომპანიებს, რომლებსაც ინსტიტუციური თანამშრომლობა უკვე აკავშირებდათ ქალაქ თბილისის მერიასთან პროექტ „მომავლის ქალაქის“ განხორციელების ფარგლებში და სახით. მოცემულ შემთხვევაში, ორგანიზაცია მიდის დასკვნამდე, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი გერმანულ-ქართული საერთო ინტერესების პროექტია, რომლის განხორციელებასაც ეროვნულ დონეზე უზრუნველყოფს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“. ამასთან, მონიტორინგის პროცესში ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო იმ გარემოებას, რომ პროექტ: „მომავლის ქალაქის“ ნაწილობრივ დამფინანსებელ ორგანიზაცის KFW-სა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაში გამარჯვებულ კომპანიის პარტნიორ, ასევე გერმანულ ორგანიზაციას Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MbH-ს შორის ჩამოყალიბებულია სათანამშრომლო გარემო და მათ ერთობლივი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს ეროვნული საავტომობილო გზების შეფასებისა და აღრიცხვის მომზადებული დოკუმენტი. ამასთან, პროექტი „მომავალი ქალაქი“, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25%-იანი და გერმანული ორგანიზაცია KFW-ს 75%-იანი ფინანსური კონტრიბუციით უნდა განხორციელებულიყო, მონიტორინგისთვის დაუდგენელია, კვლავ ხორციელდება თუ არა, ვინაიდან „მომავლის ქალაქის“ კონცეფციის ყველა მიმართულება უკვე წარმოდგენილი და გაერთიანებულია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტი წინადადების იმ დოკუმენტში, რომელიც გამარჯვებულმა ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ 2015-2017 წლებში შექმნა და წარმოადგინა, მის დამასრულებელ ნაწილზე ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა.

ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმოს ქართული სასამართლოს განმარტებებს სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საჯარო მმართველობით ფუნქციას წარმოადგენს, რომლის სამართლებრივი შედეგები აისახება, როგორც მმართველობის კანონიერებაზე, ისე სახელმწიფო სახსრების რაციონალურ განაწილებასა და ხარჯებზე, სახელმწიფოს, როგორც კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობის პარტნიორის იმიჯის ჩამოყალიბებაზე. ასევე, თავად სამეწარმეო სუბიექტებისათვის ჯანსაღი კონკურენციის პირობების შექმნის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარების, კანონიერი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფაზე

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმე: №ბს-667-642 (კ-13) განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების, როგორც მმართველობითი ფუნქციის კანონიერი განხორციელება გარკვეული ასპექტით პასუხობს საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 30.2 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აღნიშნული ვალდებულება მოიცავს, როგორც კერძო, ისე საჯარო სფეროში, როგორც ნორმატიულ (საკანონმდებლო), ნორმატიულ-ადმინისტრაციულ (კანონქვემდებარე და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, პროცედურები, ადმინისტრაციული ხელშეკრულებები), სამართლიან და თანასწორობაზე დაფუძნებულ მაღალი სტანდარტების დადგენას. ასევე, დადგენილი ნორმების პრაქტიკულ ვითარებაში სამართლიან და კანონშესაბამისი აღსრულების დამკვიდრებას. სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულების ჯეროვანი შესრულება განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, რამდენადაც სახელმწიფო მისი ადმინისტრაციული ორგანოების სახით სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე, სამართლებრივი პროცესის შემოქმედი. შესაბამისად, მის კანონიერებაზე და პირის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი სუბიექტია. სახელმწიფო შესყიდვების კანონიერება თავისი სამართლებრივი შედეგებით გავლენას ახდენს, როგორც მმართველობის საჯაროობის, მიუკერძოებლობისა და კანონიერების ხარისხზე, მის მიმართ ნდობისა და ავტორიტეტის ჩამოყალიბების ტემპებზე, საზოგადოების განწყობის ფორმირებაზე, ასევე პრაქტიკაში დამკვიდრებული კლანური ეკონომიკის, გავლენიანი ჯგუფების ბიზნეს ინტერესების, კორუფციული გარიგებების სქემების გატარების ნაცვლად ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე, კონკურენტული გარემოსა და კანონიერი სამეწარმეო ურთიერთობების ტენდენციის შექმნაზე. სახელმწიფო შესყიდვების კანონიერების როლი და გავლენა განმსაზღვრელია საჯარო მმართველობის სამართლებრივი იმიჯისათვის, რამდენადაც სახელმწიფოს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო ამოცანების შესასრულებლად მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესაძენად, რამდენადაც მმართველობითი საქმიანობის ეფექტიანი შესრულება სხვადასხვა მატერიალური სახის საჭიროებებზეა დამოკიდებული, საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა კი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს, რის უზრუნველსაყოფად კანონით მკაცრად რეგლამენტირებული წესები, პრინციპები და სტანდარტებია დადგენილი, რომლის შესრულებას მინიმუმამდე დაჰყავს პროცედურის და მისი შედეგების გაუმჭირვალობა, ინტერესთა კონფლიქტის, კორუფციული სქემების დაშვების შესაძლებლობა.

მოცმეულ შემთხვევაში, ორგანიზაცია ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ 2015 წლის 15 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის #2212 განკარგულების თანახმად, ხელი მოეწერა თანხმობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქაალქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორცილების შესახებ და 2 800 00 ლარის მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა საპროექტო წინადადების განმახორციელებლ ორგანიზაცია ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“. ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს შემდეგ სამართლებრივ გარემოებას. კერძოდ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუმცა ყურადღებას იმსახურებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების შესყიდვის პერიოდი და ამ პერიოდში კანონში შესული იმ ცვლილებების ანალიზი, რომელიც ტოვებს გარკვეულ ეჭვებს იმისთვის, რომ კანონმდებლობაში გამარტივებული შესყიდვის პროცესში შესული ცვლილებების დროსა და სივრცეში ამოქმედება გადავადდა.

როგორც ცნობილია, 2015 წლის 21 მაისს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების შესყიდვისთვის გამოცხადებული კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს, ხოლო გამარჯვებული გამოცხადდა 2015 წლის 13 სექტემბერს. ამ პერიოდში, კერძოდ, 2015 წლის 24 ივლისს, „შესყიდვების შესახებ კანონში“ განხორციელდა ცვლილება და კანონს დაემატა მე-101 მუხლის შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უნდა შეუთანხმოს სააგენტოს“. განხორციელებული ცვლილებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს დაევალა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა, რომელიც დაარეგულირებდა სახელმწიფო შესყიდვის წესებსა და პირობებს. კანონის მოთხოვნის თანახმად, 2015 წლის 17 აგვისტოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ მიიღო #13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“, თუმცა ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმოს იმ მოცემულობას, რომ კანონში განხორციელებული ზ/აღნიშნული ცვლილებიც და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - ბრძანებაც ძალაში შევიდა 2015 წლის 1 ნოემბრიდან. რაც შეეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებას, უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობას მიიღო #2212 განკარგულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ გამარტივებული შესყიდვის თანხმობის თაობაზე და ამავე დღეს, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებაც 2 800 000 ლარის მომსახურებაზე. იმ შემთხვევაში, თუკი კანონი არ გაითვალისწინებდა ცვლილებების 2015 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესვლის საკითხს, საქართველოს მთავრობა, კანონის საფუძველზე, არ იქნებოდა უფლებამოსილი ერთპიროვნულად მიეღო გამარტივებული შესყიდვის თანხმობაზე განკარგულება და საჭიროებდა გაცილებით გართულებული, საჯარო და პროცედურულად გამართული წესით ასეთი თანხმობის დადასტურება. ამასთან, ახალი ცვლილებებით უკვე დაზუსტდა, რომ პირდაპირი შესყიდვის გამოყენება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საჯარო ინტერესებთან და მომსახურების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს რეალურ დროში, მკაფიო ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ პროცესში, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შემსრულებელი ორგანიზაციის გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობის ერთი აუცილებელი პირობა, რომელიც დაკავშირებულია საბანკო გარანტიების წარმოდგენასთან. მოცემულ შემთხვევაში, დაუდგენელია, გამარჯვებულმა კომპანიამ წარადგინა თუ არა საბანკო გარანტია, როდესაც მომსახურების ხელშეკრულება აღემატებოდა 200 000 ათასს ლარს. გამოცხადებულ ტენდერში, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საბანკო გარანტიის სახით, უნდა წარედგინა, მაქსიმუმ 140 000 ათასი ლარი და მინიმუმ 56 000 ათასი ლარი.

ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს იმ გარემოებას, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადებით წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშებში მსჯელობა არ არის დათმობილი საერთაშორისო კონვენციებისა და ქარტიების იმპლემენტაციაზე და შედარებით ანალიზზე. ცვლილებებს, რომელიც დოკუმენტი გვთავაზობს, არ ეფუძნება ისტორიული ქალაქის თუ სხვა ურბანული სივრცეების დაცვისთვის ეფექტური ინსტრუმენტების გამოყენებას, მათ შორის მკაფიო არ არის, რა ფორმით უნდა მოხდეს ისტორიული დედაქალაქის - თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა და ამ სივრცეში, რამდენად გაზიარებულია დადგენილი საერთაშორისო სტანდარტები. ორგანიზაცი, ამ თვალსაზრისით სრულად იზიარებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტაციაში სათანადოდ არ არის ასახული კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები. კერძოდ, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, „დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისას სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი ფასეულობებისა და სხვა დამცავი ზონებისა და მათი რეჟიმების გათვალისწინება“. იქედან გამომდინარე, რომ უკვე არსებობს ქ. თბილისის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომელიც წარმოადგენს მრავალდისციპლინური მიდგომის საფუძველზე შემუშავებულ სპეციალურ კომპლექსურ სამეცნიერო-კვლევით დოკუმენტს, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათში არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ამსახველ ინფორმაციულ და ანალიტიკურ მასალას და შეიცავს რეკომენდაციებს მათი დაცვისათვის აუცილებელი ქალაქთმშენებლობითი და გეგმარებითი რეგლამენტაციის შესახებ, მეორე მხრივ საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარადგინა თბილისის ისტორიული ნაწილი, სადაც დადგენილია თბილისის ისტორიული ნაწილის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი (ბუფერული) ზონები, რაც მოითხოვს შესაბამისი რეგულაციების დაწესებას, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი სრულად და სიზუსტითღ ვერ ასახავს აღნიშნული ზონების დაცვის და შენარჩუნების საკითხებს. მეტიც, წინააღმდეგობაში და კონფლიქტში მოდის თბილისის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმით დადგენილ რეგულაციებთან. კერძოდ, მგგ-ის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების საზღვრების კორექტირების საპროექტო წინადადებაში გათვალისწინებულია რამდენიმე არეალის ე.წ. „განაშენიანების რეგულირების ზონის რეკომენდირებული გაფართოების საზღვრებში“ მოქცევა, რომელიც უნდა შეეხოთ მთაწმინდის კალთებს, მამა დავითის ეკლესიას და მის ზედა ნაწილს, მთაწმინდიას პარკის (უძრავი ძეგლის) ჩათვლით. იქედან გამომდინარე, რომ ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში ამჟამად მოქმედი რეჟიმი იცავს ამ ტერიტორიებს შეუსაბამო განაშენიანებისგან, არსებული რეჟიმი წარმოადგენს გარანტიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და უზრუნველყოფს ამ ადგილების ფასეულობის შენარჩუნებას, საპროექტო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებები კი იწვევს არსებული განაშენიანების ამკრძალავი რეჟიმის გაუქმებას და განაშენიანების დაშვებას, ამ არეალში მოქცეული კულტურული მემკვიდრეობის 5 ძეგლი - მთაწმინდის პლატოზე არსებული პარკი, მთაწმინდის პანთეონი, მამადავითის ეკლესიის სამრეკო, ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობა და მამადავითის ეკლესია, ყოვლად დაუშვებელი საფრთხის წინაშე ექცევა, რაზედაც ამ დრომდე, არც დისკუსია ყოფილა და არც საჯარო განცხადება.

ორგანიზაცია დამატებით აღნიშნავს, რომ ICOMOS-ის გენერალური ანსამბლეის მიერ 1987 წელს მიღებული ვაშინგტონის საერთაშორისო ქარტია ისტორიული ქალაქების და სხვა ურბანული სივრცეების დაცვის შესახებ ითვალისწინებს და სახელმძღვანელოდ ხდის ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ისტორიული ქალაქების დაცვის, კონსერვაციისა და რესტავრაციისთვის, ამასთან მათი განვითარებისა და თანამედროვე ცხოვრებასთან ადაპტაციისთვის არის საჭირო. ქარტიის თანახმად, ხელი უნდა შეეწყოს მოქალაქეების მონაწილეობას და მათი ქალაქის დაცვაში ჩართვას, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს. არასდროს შეიძლება იმის დავიწყება, რომ ისტორიული ქალაქების შენარჩუნების პრობლემა პირველ რიგში მის მაცხოვრებლებს ეხება. ისტორიული ქალაქების ან ურბანული არეალების შენარჩუნების გეგმარება მულტიდისციპლინარული ერთობლივი მუშაობის შედეგად უნდა იქმნებოდეს. კონსერვაციის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ყველა განმსაზღვრელ ფაქტორს, როგორიცაა არქეოლოგია, ისტორია, არქიტექტურა, ტექნიკა, სოციოლოგია და ეკონომიკა. გეგმარების მთავარი მიზნები მკაფიოდ უნდა იქნეს განსაზღვრული, ისევე, როგორც მათი რეალიზებისთვის საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და ფინანსური საფუძვლები. გეგმარების მიზანი უნდა იყოს ჰა



კომენტარები