„ახალგაზრდა ადვოკატები“ - მიწათსარგებლობის განახლებულ გეგმას ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის მყარი მექანიზმი არ გააჩნია

28 აპრილი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ დოკუმენტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების ნაკლებობაზე და საერთაშორისო კონვენციებისა და ქარტიების მავალდებულებელი ნორმების გაუთვალისწინებლობაზე საუბრობს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის მიერ „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესის მონიტორინგი და სამართლებრივი ანალიზი“ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას დაუთმობს იმ გარემოებას, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადებით წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშებში მსჯელობა არ არის დათმობილი საერთაშორისო კონვენციებისა და ქარტიების იმპლემენტაციაზე და შედარებით ანალიზზე. ცვლილებებს, რომელიც დოკუმენტი გვთავაზობს, არ ეფუძნება ისტორიული ქალაქის თუ სხვა ურბანული სივრცეების დაცვისთვის ეფექტური ინსტრუმენტების გამოყენებას, მათ შორის მკაფიო არ არის, რა ფორმით უნდა მოხდეს ისტორიული დედაქალაქის - თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა და ამ სივრცეში, რამდენად გაზიარებულია დადგენილი საერთაშორისო სტანდარტები.

ორგანიზაცია, ამ თვალსაზრისით სრულად იზიარებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტაციაში სათანადოდ არ არის ასახული კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები. კერძოდ, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, „დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისას სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი ფასეულობებისა და სხვა დამცავი ზონებისა და მათი რეჟიმების გათვალისწინება“. იქედან გამომდინარე, რომ უკვე არსებობს ქ. თბილისის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომელიც წარმოადგენს მრავალდისციპლინური მიდგომის საფუძველზე შემუშავებულ სპეციალურ კომპლექსურ სამეცნიერო-კვლევით დოკუმენტს, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათში არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ამსახველ ინფორმაციულ და ანალიტიკურ მასალას და შეიცავს რეკომენდაციებს მათი დაცვისათვის აუცილებელი ქალაქთმშენებლობითი და გეგმარებითი რეგლამენტაციის შესახებ, მეორე მხრივ საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარადგინა თბილისის ისტორიული ნაწილი, სადაც დადგენილია თბილისის ისტორიული ნაწილის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი (ბუფერული) ზონები, რაც მოითხოვს შესაბამისი რეგულაციების დაწესებას, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი სრულად და სიზუსტითღ ვერ ასახავს აღნიშნული ზონების დაცვის და შენარჩუნების საკითხებს.

ორგანიზაციის აზრით, განახლებული დოკუმენტი წინააღმდეგობაში და კონფლიქტში მოდის თბილისის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმით დადგენილ რეგულაციებთან. კერძოდ, მგგ-ის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების საზღვრების კორექტირების საპროექტო წინადადებაში გათვალისწინებულია რამდენიმე არეალის ე.წ. „განაშენიანების რეგულირების ზონის რეკომენდირებული გაფართოების საზღვრებში“ მოქცევა, რომელიც უნდა შეეხოთ მთაწმინდის კალთებს, მამა დავითის ეკლესიას და მის ზედა ნაწილს, მთაწმინდიას პარკის (უძრავი ძეგლის) ჩათვლით. იქედან გამომდინარე, რომ ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში ამჟამად მოქმედი რეჟიმი იცავს ამ ტერიტორიებს შეუსაბამო განაშენიანებისგან, არსებული რეჟიმი წარმოადგენს გარანტიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და უზრუნველყოფს ამ ადგილების ფასეულობის შენარჩუნებას, საპროექტო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებები კი იწვევს არსებული განაშენიანების ამკრძალავი რეჟიმის გაუქმებას და განაშენიანების დაშვებას, ამ არეალში მოქცეული კულტურული მემკვიდრეობის 5 ძეგლი - მთაწმინდის პლატოზე არსებული პარკი, მთაწმინდის პანთეონი, მამადავითის ეკლესიის სამრეკო, ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობა და მამადავითის ეკლესია, ყოვლად დაუშვებელი საფრთხის წინაშე ექცევა, რაზედაც ამ დრომდე, არც დისკუსია ყოფილა და არც საჯარო განცხადება.

ორგანიზაცია, ამასთან აღნიშნავს, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების საპროექტო წინადადებები, მართალია წარმოადგენს ღირებულ სტატისტიკურ-ინფორმაციულ და ანალიტიკური მსჯელობის დოკუმენტურ მასალას ქალაქის სამშენებლო, საკომუნიკაციო, სივრცითი მოწყობისა და ინტეგრირების საკითხებზე, მაგრამ მკაფიო წარმოდგენას ვერ იძლევა, თუ რა მეთოდოლოგიით უნდა განხორციელდეს დედაქალაქის ურბანული განვითარება და რამდენად წარმოადგენს ცვლილების ობიექტი საჯარო და კერძო ინტერესის პროპორციულობის შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, „ახალგაზრდა ადვოკატების“ რეკომენდაციას წარმოადგენს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის იმპლემენტაციამდე, მომზადდეს ანალიზი, რომელიც შეეხება საქართველოს კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ზემოქმედების ფარგლების მიზანშეწონილობასა და მათი თავიდან არიდების, საფრთხის აღმომფხვრელ წინაპირობებს.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის 6 აპრილს მონიტორინგის პირველადი შეფასებითი ნაწილი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები ორგანიზაციის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია. ორგანიზაციამ დოკუმენტი მიაწოდა საკითხით დაინტერესებულ საჯარო და კერძო ინსტიტუციებს, დიპლომატიურ კორპუსს და მედიას.  



კომენტარები