„ახალგაზრდა ადვოკატები“ - თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გეგმის შესყიდვისა და კონკურსის პროცესში თანასწორობა დაირღვა

28 აპრილი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის სახელმწიფო შესყიდვის პროცესის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ არსებობს ლეგიტიმური ვარაუდი, რომლითაც საბუთდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის სახელმწიფო შესყიდვასთან მიმართებით არსებული კავშირები და საერთო ინტერესები. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის მიერ „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესის მონიტორინგი და სამართლებრივი ანალიზი“ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის პროცესთან მიმართებით, ყურადღებას იმსახურებს ორი ფაქტობრივი გარემოება - შესყიდვების შესახებ კანონმდებლობაში შესული ცვლილებები და კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან გამარჯვებული ორგანიზაციის იურიდიულად დაფუძნებამდე. კერძოდ, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დაფუძნებულ იქნა 2015 წლის 30 ივნისს, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებული კონკურსიდან 41-ე დღეს. საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს, ხოლო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა - 2015 წლის 13 სექტემბერს. ასეთი ფაქტობრივი გარემოება ლეგიტიმურად აჩენს ვარაუდს, სახელმწიფო შესყიდვასთან გამარჯვებული კომპანიის ან მის წარმომადგენლობაზე უფლებამოისლი პირების წინასწარ არსებული კავშირებისა და საერთო ინტერესების თაობაზე.

ორგანიზაცია მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას. 2015 წლის 7 ივლისსა და 10 ოქტომბერს, თბილისის მერი ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის  „ფრაუნჰოფერის“ და „სითი ინსტიტუტ საქართველოს'' წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც გაცნობილ იქნა პროექტი „მომავლის ქალაქი“ და ამ პროექტის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა რვა საპროექტო წინადადება საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ყველა ის საკითხი და თემატური მიმართულება, რომელიც წარმოდგენილი იქნა „მომავლის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, არსებითად, ორგანულად და შინაარსობრივად წარმოადგენს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების მიზნებსა და ამოცანებს. როგორც 2015 წლის 7 ივლისის პრესკონფერენციაზე, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ერთ-ერთმა დირექტორმა, მამუკა სალუქვაძიმ განაცხადა: „მოგეხსენებათ, დღეს ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის განვითარებაზე მიდის საუბარი, კონკურსია გამოცხადებული და ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ამ პროექტის დაწყება თბილისში, რამეთუ სწორედ მოინახოს ის მნიშვნელოვანი და ძირითადი საფუძველი და კონცეფცია, რომლითაც განვითარდება ქალაქი. გასაგებია, რომ ის ჯგუფი, რომელიც ალბათ გაიმარჯვებს გენგეგმის განახლების კონკურსში, სწორედ აი, ამგვარ კონცეფციას უნდა დაეყრდნოს, რამეთუ არ შეიძლება ქალაქი ვითარდებოს სხვადასხვა კონცეფციებით. ქალაქი ერთი კონცეფციით უნდა ვითარდებოს და ძალიან კარგია, რომ ამ შემთხვევაში, ამის საშუალება ჩვენ გვეძლევა. აქედან გამომდინარე, ეს ორი პროექტი მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს ერთმანეთთან და ვფიქრობ, რომ ამის მოხერხება ძალიან ადვილი იქნება იმ შემთხვევაში, როცა ქალაქ თბილისის მერიაც ძალიან დაინტერესებულია ამ პროექტით“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აღნიშნული წინამძღვრებითა და გარემოებების გათვალისწინებით, სავსებით ობიექტურად დაისმის კითხვა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების წარმოდგენისთვის გამოცხადებული კონკურსის გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის თაობაზე, კონკურსში მონაწილე სუბიექტების თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრითობის შესახებ, როდესაც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მდგომარეობა თბილისის მთავრობასთან მჭიდრო კონტაქტებისა და მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ბუნებრივად აღმოჩნდა დომინანტური სტატუსით და საკონკურსო პროცესი მთლიანად აღმოჩნდა ცალმხრივი, რითაც მნიშვნელოვნად დაირღვა შეჯიბრითობისა და კონკურენციის პრინციპები. სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ნაკლები ყურადღება დაეთმო ორგანიზაციის გამოცდილებას და ყურადღება დაეთმო გამარჯვებული ორგანიზაციის კონტრაქტორ და პარტნიორ უცხოურ კომპანიებს, რომლებსაც ინსტიტუციური თანამშრომლობა უკვე აკავშირებდათ ქალაქ თბილისის მერიასთან პროექტ „მომავლის ქალაქის“ განხორციელების ფარგლებში და სახით. მოცემულ შემთხვევაში, ორგანიზაცია მიდის დასკვნამდე, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი გერმანულ-ქართული საერთო ინტერესების პროექტია, რომლის განხორციელებასაც ეროვნულ დონეზე უზრუნველყოფს „სითი ინსტიტუტი საქართველო“.

ორგანიზაცია ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ 2015 წლის 15 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის #2212 განკარგულების თანახმად, ხელი მოეწერა თანხმობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქაალქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორცილების შესახებ და 2 800 00 ლარის მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა საპროექტო წინადადების განმახორციელებლ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“. ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს შემდეგ სამართლებრივ გარემოებას. კერძოდ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუმცა ყურადღებას იმსახურებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების შესყიდვის პერიოდი და ამ პერიოდში კანონში შესული იმ ცვლილებების ანალიზი, რომელიც ტოვებს გარკვეულ ეჭვებს იმისთვის, რომ კანონმდებლობაში გამარტივებული შესყიდვის პროცესში შესული ცვლილებების დროსა და სივრცეში ამოქმედება გადავადდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი კანონი არ გაითვალისწინებდა ცვლილებების 2015 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესვლის საკითხს, საქართველოს მთავრობა, კანონის საფუძველზე, არ იქნებოდა უფლებამოსილი ერთპიროვნულად მიეღო გამარტივებული შესყიდვის თანხმობაზე განკარგულება და საჭიროებდა გაცილებით გართულებული, საჯარო და პროცედურულად გამართული წესით ასეთი თანხმობის დადასტურება. ამასთან, ახალი ცვლილებებით უკვე დაზუსტდა, რომ პირდაპირი შესყიდვის გამოყენება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საჯარო ინტერესებთან და მომსახურების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს რეალურ დროში, მკაფიო ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ პროცესში, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შემსრულებელი ორგანიზაციის გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობის ერთი აუცილებელი პირობა, რომელიც დაკავშირებულია საბანკო გარანტიების წარმოდგენასთან. მოცემულ შემთხვევაში, დაუდგენელია, გამარჯვებულმა კომპანიამ წარადგინა თუ არა საბანკო გარანტია, როდესაც მომსახურების ხელშეკრულება აღემატებოდა 200 000 ათასს ლარს. გამოცხადებულ ტენდერში, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საბანკო გარანტიის სახით, უნდა წარედგინა, მაქსიმუმ 140 000 ათასი ლარი და მინიმუმ 56 000 ათასი ლარი.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის 6 აპრილს მონიტორინგის პირველადი შეფასებითი ნაწილი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები ორგანიზაციის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია. ორგანიზაციამ დოკუმენტი მიაწოდა საკითხით დაინტერესებულ საჯარო და კერძო ინსტიტუციებს, დიპლომატიურ კორპუსს და მედიას. 



კომენტარები