როლანდ ბლადაძე წართმეულ ქონებაზე დავას საქართველოს უზენაესს სასამართლოში გააგრძელებს

4 მაისი, 2017

მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინება საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრდება. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ადვოკატემა, არჩილ კაიკაციშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება არამხოლოდ დაუსაბუთებელი, არამედ უკანონოა. ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, პირველად მოხდა, როდესაც უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერი შეძენისა და ფლობის სასარჩელო მოთხოვნის განხილვა მოხდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლომ, ამ თვალსაზრისით არ იმსჯელა როლანდ ბლადაძის მოთხოვნაზე, საქმე ხელახალი განხილვისთვის დაბრუნებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს და განსჯადობით განეხილა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. შესაბამისად, სასამართლომ თანაზომიერი სამართლებრივი დასაბუთება ვერ წარმოადგინა იმ სამართლებრივ უხერხულობასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში ერთ-ერთ ცენტრალური მნიშვნელობის საკითხს - განსჯადობას უკავშირდება, რითაც მოსამართლეებმა მიზანმიმართულად შელახეს როლანდ ბლადაძის ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლოს უფლება.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლომ სრული იგნორირება გაუკეთა საქმის კიდევ ერთ მთავარ გარემოებას - საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებას, რომლის საფუძველზეც როლანდ ბლადაძის მიმართ, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, გაუქმდა ძებნა და დაპატიმრების ბრძანება. სწორედ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზეა დადასტურებული გარემოება, როდესაც ბათუმში, როლანდ ბლადაძეს ერთადერთი საცხოვრებელი ბინა დანაშაულის არარსებობის პირობებში უკანონოდ ჩამოართვეს და პოლიტიკური გუნდის წევრს, იმჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გადასცეს. სასამართლომ როლანდ ბლადაძის უდანაშაულობა და ქონების ჩამორთმევის უკანონო აქტი შეფასების გარეშე დატოვა და პრიორიტეტი მიანიჭა ქონების ჩამორთმევის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში არსებობას და გიორგი პაპუაშვილის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერის უტყუარობის პრეზუმციას. სასამართლომ მიზანმიმართულად არ გაიზიარა იურიდიული სინამდვილე - 2004 წლის სასამართლო გაადწყვეტილების გაუქმებისთვის ქართულ კანონმდებლობაში სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, ვინაიდან მისი ბათილად ცნობისთვის 2009 წლის მდგომარეობით გავიდა 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო როლანდ ბლადაძემ 2013 წლის პროკურატურის დადგენილების საფუძველზე შეძლო დაემტკიცებინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში გიორგი პაპუაშვილი ჩამორთმეული ქონების არაკეთილსინდისიერი მფლობელი და მესაკუთრეა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოს პალატის შემადგენლობა უკიდურესად მიკერძოებული და გაუბედავი აღმოჩნდა და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ, მხარეს გააჩნია განსაკუთრებული ობიექტური მოლოდინი. მისივე თქმით, თუკი როლანდ ბლადაძის საქმეზე ეროვნულ დონეზე კანონიერი გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული, საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩივარი გაიგზავნება. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა მერაბ ლომიძემ, თეა ძიმისტარაშვილმა და ამირან ძაბუნიძემ მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლო უკიდურესად შეურაცხყოფილი დატოვეს და მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა კრიტიკას ვერ უძლებს. არჩილ კაიკაციშვილმა საქმეზე მიღებულ სასამართლოს განჩინებას პოლიტიკურად მოტივირებული, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიღებული მართლმსაჯულების აქტი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად.

სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობა ამ დრომდე პრინციპულად არ დგამს მოქალაქის უფლებებში აღდგენის ნაბიჯს. მთავრობამ ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინება, კანონით დადგენილ 21-დღიან ვადაში გასაჩივრდება.  



კომენტარები