„ახალგაზრდა ადვოკატები“ – ლისის ტბის წართმევის საქმეზე მამუკა ხაზარაძე უნდა დაიკითხოს

8 მაისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავარ პროკურატურას ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის დათმობის საქმეზე სწრაფი და ეფექტირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის მიმართავს და აღნიშნავს, რომ გამოძიების მიუკერძოებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, აუცილებელია მომჩივანი მხარის მიერ დასახელებული ყველა მოწმის დაკითხვა კანონის სრული დაცვით მოხდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პროკურატურის მთავარი ამოცანაა, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს 2006 წლის 4 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. 

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება უნდა დაჩქარდეს და  რამაზ ახვლედიანი დაზარალებულად იქნეს ცნობილი. იმავდროულად, დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირთა სამართლოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მოახდინეს რამაზ ახვლედიანის იძულება ქონების დათმობის მიზნით. იქედან გამომდინარე, რომ მხარის მაღალი იურიდიული ინტერესია, საქმეზე ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და გამოძიებისთვის საქმეზე ყოველმხრივი მტკიცების მიწოდება, მოცემულ ეტაპზე, საჭიროდ მიგვაჩნია, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხოს იმ პირთა წერე, რომლებსაც უშუალო შემხებლობა ჰქონდათ ქონების დათმობის პროცესთან და დაადასტურებენ რამაზ ახვლედიანის მიმართ განხორციელებულ უკანონო მოქმედებებსა და იძულებას, რაც გამოძიებას საშუალებას მისცემს აღადგინოს მოქალაქის დარღვეული უფლებები და დაიცვას მისი ჭეშმარიტი ინტერესები. 

როგორც პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა განაცხადა, საგამოძიებო უწყებამ უნდა დაკითხოს ბიზნეს-პარტნიორი, დღეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. რამაზ ახვლედიანის თქმით, მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვით უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ბიზნეს-მოწილე და პარტნიორი იმ პროცესის შესახებ, რომელიც ქონების დათმობის პერიოდს უკავშირდება. რამაზ ახვლედიანმა არაერთხელ სთხოვა მამუკა ხაზარაძეს, რომ ჩართულიყო და გარკვეულიყო საკითხში, თუ რამ გამოიწვია ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი აგრესიული მოქმედებები და ქონების დათმობის სურვილი, როდესაც განწყობა სახელმწიფოსთან მხარეებს გააჩნდათ სათანამშრომლო. მამუკა ხაზარაძე მაშინ ირიბ პასუხს სცემდა, რომ პრობლემების შემთხვევაში, რამაზ ახვლედიანს კონსტიტუცია დაიცავდა. მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ემსახურება მნიშვნელოვან იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ  ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე გახდა სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები. შესაბამისად, მისი დაკითხვა საქმის ყოველმხრივ შესწავლისა და გამოძიებისთვის, არის არსებითად მნიშვნელოვანი. 

ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საქმეს ამჟამად განიხილავს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. მოწმის სახით დაიკითხა რამაზ ახვლედიანიც. რაც შეეხება სასამართლოში მიმდინარე პროცესს. მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დააკმაყოფილა რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნები პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ქონების ჩამორთმევის ფაქტი გაფორმდა და საქმეს ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლო, თავმჯდომარე მოსამართლე გიორგი ტყავაძის მეშვეობით განიხილავს. დავის მხარეები, „ლისი ლეიქ დეველოპმენტთან“ ერთად, პრეზიდნეტის ადმინისტრაცია და ქ. თბილისის მერიაა. ამასთან, ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში შეიმუშავა რეკომენდაციები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ. კვლევა მიეწოდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსს, რომელთაგანაც, მნიშვნელოვანი გამოხმაურებები მომზადდა.



კომენტარები