„ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „ფრესკოსთან“ სასამართლო დავაში ჩართვაზე განცხადებას ავრცელებს

10 მაისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” კომპანია „ფრესკოს“ მიმართ სამართლებრივ დავაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით ჩართვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას აცნობებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლე ასმათ კოხრეიძის მონაწილეობით, განიხილება შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელი ახალგაზრდა უფლებადამცველის, გიორგი ლაბაძის მიმართ. დავის საგანს წარმოადგენს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცილისწამების შემცვლელი, ცრუ ინფორმაციის უარყოფა, სასარჩელო მოთხოვნებს კი, გიორგი ლაბაძის მიმართ დავალების განხორციელება „ფეისბუქის“ კუთვნილ გვერდზე: „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ უარყოს 2017 წლის 7 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, გახმაურებული ცნობები კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა: „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებით“ გამოქვეყნებული წერილების ნამდვილობა, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება და კომპანიის მხრიდან სარჩელის წარმოებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ანაზღაურება. ამასთან, კომპანია სასამართლოს წინაშე აყენებს შუამდგომლობას საქმეზე მოწმის სახით იქნეს დაკითხული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი, საფუძვლად კი აღნიშნულია, რომ მოწმე დაწვრილებით განმარტავს, თუ რა სურათი დახვდა არაგეგმიური შემოწმებისას კომპანიაში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ დავის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღებას დაუთმობს სარჩელის აღძვრის რამდენიმე მოტივაციას. კერძოდ, კომპანია აღნიშნავს, რომ „მაშინ, როდესაც ქვეყნის საერთო ეკონომიკური მდგომარეობა ისედაც კრიზისშია და ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ რეჟიმშია ქვეყანა გადასული, მაშინ, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება და იხურება არაერთი კომპანია, რის შედეგადაც დღითიდღე იზრდება დაუსაქმებელი ადამიანების რიცხვი, აბსოლუტურად გაუმართლებელია მოგონილი და დაუდასტურებელი ინფორმაციების გამოყენებით შეუტიო ისეთ ძლიერ კომპანიას, როგორიცაა შპს "ფრესკო შოპინგ ცენტრი“, რომელიც უზრუნველყოფს 1000-მდე ადამიანის დასაქმებას“, „მოპასუხე მხარე პასუხისმგებელი უნდა გახდეს მის მიერ გავრცელებულ ცილისწამებაზე და კომპანიის იმიჯის შელახვაზე, რაც მიგვაჩნია, რომ კეთდება ვიღაცის დაკვეთით“, „იგი იმდენად აქტიურად არის ჩართული პიროვნულად და არა როგორც რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ ეჭვიც კი გვიჩდება შესაძლოა მატერიალური დაინტერესება აქვს თუნდაც ჩვენი კონკურენტი კომპანიებისგან. აღნიშნულ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ იგი იღებს ინიციატივას, მოიძიოს თუნდაც ჩვენი ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც კომპანიის საზიანოდ ხან ტელეეკრანის, ხან კი ფეისბუქის საშუალებით ალაპარაკებს. მიუხედავად არაერთი მისი მოწოდებისა და გამოსვლებისა, მან ვერ ნახა ვერცერთი ამჟამად მომუშავე თანამშრომელი, რომელსაც დააპირისპირებდა ჩვენს კომპანიასთან ან აუგს ათქმევინებდა სამსახურის მიმართ“.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოების საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი სარჩელი სასამართლოში რეგისტრირებულია 2017 წლის 13 მარტს. ორგანიზაცია, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში არსებულ დავებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გამოცდილებას ფლობს, კომპანიის სამართლებრივ პრეტენზიებთან დაკავშირებით, არავითარ კომენტარს არ გააკეთებს და დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკითხს საზოგადოების მსჯელობის საგნად მიიჩნევს. იქედან გამომდინარე, რომ გიორგი ლაბაძე 2017 წლის 1 მაისიდან ორგანიზაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულებას ხელმძღვანელობს, ორგანიზაცია წარმოებულ დავას სტრატეგიული სამართალწარმოების საქმედ განიხილავს. გიორგი ლაბაძის ინტერესებს სასამართლოში უშუალოდ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი დაიცავს.  



კომენტარები