ცსკო, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, სამართლიან არჩევნებს ვერ უზრუნველყოფს

21 აგვისტო, 2012

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს საარჩევნო კოდექსს არღვევს,  ახდენს კანონმდებლობის ინტერპრეტაციას, მოქმედებს სამართლისა და კანონის პრინციპების უხეში დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოში მშვიდობიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

ორგანიზაციას ასეთი შეფასების საფუძველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების შესწავლის შემდეგ გაუჩნდა, რა დროსაც, ცსკომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს – „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ სარეგისტრაციო ნომერი – 7 გაუუქმა და განმარტა, რომ საარჩევნო ბლოკი აღნიშნული ციფრით მხოლოდ იმ შემთხვევაში იხელმძღვანელებდა, თუკი მასში შემავალი ყველა პოლიტიკური პარტია წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე იქნებოდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რომელიც მოკლებულია კანონში აღნიშნულ ყოველგვარ წინაპირობებს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119–ე მუხლში, რომელიც არეგულირებს საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრავს, არაფერია აღნიშნული საარჩევნო ბლოკის მხრიდან პარტიული ნომერაციის არჩევისას მასში შემავალი ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარსულ არჩევნებში მონაწილეობაზე. კოდექსის 119–ე მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, ცალსახად მითითებულია, რომ „თუ არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ.“

როგორც ცნობილია, კოალიციამ საარჩევნო ნომრად ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე „კონსერვატიული პარტიის“ საარჩევნო ნომერი – 7 გამოიყენა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების რეგისტრაციის მომენტისთვის კოალიციის სრულუფლებიან წევრს წარმოადგენდა. კოდექსის 119–ე მუხლის თანახმადვე, ცსკო–ში რეგისტრაციის დროს ბლოკის წესდებაში მითითებულ იქნა ბლოკის ნომერი – 7, დაფუძნდა საარჩევნო კამპანიის ფონდი, ხოლო ყოველივე ამასთან დაკავშირებით, ცსკო–ს მყისიერი, საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამს.

ცენტრალურის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შერჩევითი სამართლის პრინციპებით არის ნაკარნახევი და დისკრიმინაციულია.

ცსკო, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, სამართლიან არჩევნებს ვერ უზრუნველყოფს. მოცემული გადაწყვეტილება არ ემსახურება შექმნილი პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციას და ლეგიტიმურ მიზანს, მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, რომლითაც ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

 

 



კომენტარები