„ახალგაზრდა ადვოკატები“ კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხზე სამართლებრივ შეფასებას ვენეციის კომისიას უგზავნის

23 მაისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებით აკვირდება კონსტიტუციის  გადასინჯვის პროცესს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას სარეკომენდაციო წინადადებათა პაკეტით მიმართავს, რაც საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში ყველა იმ ძირეული საკითხის გათვალისწინებას გულისხმობს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების გზაზე უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ორგანიზაცია აგრეთვე კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნებითა და წინადადებებით ვენეციის კომისიას მიმართავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი ლაბაძის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში ყურადღება უნდა დაუთმოს საზოგადოებრივი ჩართულობას, რაც გულისხმობს ახალ დოკუმენტში საერთო, სახალხო ნების ასახვას. იმისათვის, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი იყოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, საჭიროა ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრების გათვალისწინება, როგორებიც არიან: პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, უმცირესობები და საკითხზე მომუშავე ექსპერტები. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს დასავლურ დემოკრატიებში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს კონსტიტუციის მე-4 თავში გათვალისწინებულ ცვლილებებზე, რაც საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებასა და მისი არჩევის წესს გულისხმობს. კერძოდ ახალი რედაქციით პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირი წესით საარჩევნო კოლეგიის მიერ რომელიც შედგება 300 ხმოსნისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი არის ნეიტრალური არბიტრი, მას უნდა გააჩნდეს ხალხის მანდატი და მიზანშეწონილი არ არის მისი არჩევა მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ. პრეზიდენტის უფლებამოსილების ნაწილში აღსანიშნავია კონსტიტუციურ კანონზე მისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევა. შეკავება-გაწონასწორების დოქტრინის მიხედვით, აუცილებელია პრეზიდენტის მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში, კერძოდ კონსტიტუციის მიღებაში. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოცემული დებულება წარმოადგენს ხარვეზსს, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას.

აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემოთავაზებულ ახალ პროექტში პრეზიდენტს ჩამოერთვა საომარი მდგომარეობის ერპიროვნულად გამოცხადების უფლებამოსილება, რაც გამომდინარეობდა გადაუდებელი აუცილებლობიდან, ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, საომარ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის თანხმობით, რაც თავისმხრივ გარკვეულ დროს საჭიროებს. ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებული ცვლილება რისკისშემცველია, რადგან შესაძლოა გაჭიანურდეს  საომარი მდგომარეობის გამოცხადება საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის დროს. აღსანიშნავია ეროვნული უშიშროების საბჭოს დებულების ამოღება კონსტიტუციიდან, რაც ამ ორგანოს გაუქმებაზე მიანიშნებს. უშიშროების საბჭო დღევანდელი მოცემულობით არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და შეიარაღაბული ძალების გენერალური შტაბის უფროსისგან შემდგარი ორგანო, რომელიც გეგმავს ეროვნულ სამხედრო სტრტრატეგიასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებას. ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო სტრატეგიის ეფექტური დაგეგმვის მიზნებიდან გამომდინარე, შენარჩუნდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინსტიტუტი ახალი კონსტიტუციის რედაქციაში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შევნიშნავთ, რომ შემოთავაზებული რედაქციით, საარჩევნო სუბიექტებად განიხილებიან მხოლოდ პოლიტიკური პარტიები,  რაც თავისთავად გამორიცხავს არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობას. მოცემული ცვლილება პოლიტიკურ პარტიებს ართმევს ერთი იდეოლოგიის გარშემო გაერთიანების საშუალებას, რაც თავისხმრივ ართულებს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილებას. გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციამ საარჩევნო სუბიექტად ისევე უნდა განსაზღვროს საარჩევნო ბლოკი, როგორც პოლიტიკური პარტია, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პარტიათა პლურალიზმსა და საპარლამენტო ცხოვრების განვითარებას.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ დადებითად აფასებს კონსტიტუციის პროექტში, ადამიანის უფლებების ნაწილში არსებულ ჩანაწერებს. კონკრეტულად  სოციალური სახელმწიფოს პრინციპის განსაზღვრას, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან კავშირის აღნიშვნასა და წვდომას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან. ასევე, ჩვენი მოსაზრებით და დასავლური პრაქტიკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია პარლამენტის წევრის ასაკობრივი ცენზის გაზრდა 25 წლამდე. ამასთან, საგულისხმო და აუცილებლად აღსანიშნავია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის ასაკობრივი და პროფესიური კვალიფიკაციის ცენზის გამკაცრება, რაც აშკარა ხარვეზს წარმოადგენს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით.

იმის გამო, რომ სპეციალიზებული სასამართლო მეტად მნიშვნელოვანი ლეგიტიმაციის მატარებელია, აუცილებელია, რომ მოსამართლეები  მაღალი კვალიფიკაციის იყვნენ, რადგან მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება უდიდეს გავლენას ახდენს საკანონმდევლო პროცესის ფორმირებაზე. აგრეთვე, აღსანიშნავია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გამარტივება, რაც ზრდის მთავრობის ანგარიშვალდებულებას და ამარტივებს კონტროლს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. რაც შეეხება კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურის გართულებას,  შემოთავაზებული ცვლილებით, კონსტიტუციაში შესწორების შეტანა შესაძლებელი იქნება, თუ ახალ პროექტს მხარს დაუჭერს ორი მოწვევის პარლამენტი სრული შემადგენლობის 2/3-ით. აღნიშნული ცვლილება კონსტიტუციას დაიცავს კონკრეტულ პოლიტიკურ რეალობაზე მორგებისგან და გახდება კონსტიტუციის სტაბილურობის გარანტი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროგრესულია მიოდგომა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ კომისია იქმნება განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე  საკითხის შესასწავლად, მიგვაჩნია, რომ მისი შექმნა პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 1/3-ის თანხმობით სრულიად მიზანშეწონილია საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურობის მაღალი ხარისხისთვის, რაც საპარლამენტო უმცირესობებს საშუალებას აძლევს უფრო მეტი გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს ხალხის ნების გამომხატველი დოკუმენტი, ორგანიზაცია დადებითად აფასებს  ოჯახის ცნების დეფინიციის კონსტიტუციაში განსაზღვრას. იმის გათვალისწინებით, რომ ცნობილი და გაცხადებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლების აზრი, რაც დადასტურდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დეფინიციის არსებობა სრულიად ლეგიტიმურია და სარგებლოს ხალხის მხარდაჭერით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების თანახმად:

  • ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს  პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებას, რადგან ნეიტრალური არბიტრი უნდა იყოს სახალხო მანდატის მფლობელი;
  • ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს საპარლამენტო არჩევნებში გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად გადანაწილებას, რადგან გამარჯვებულ პარტიას არ ერგოს შეუსაბამო და დაუმსახურებელი რაოდენობის მანდატები;
  • ორგანიზაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საარჩევნო ბარიერის 4%-მდე დაწევას, რათა უფრო მეტ პარტიას მიეცეს საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის საშუალება და მიღწეული იქნეს პარტიული და წარმომადგენლობითი პლურალიზმი;
  • ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საარჩევნო ბლოკი კვლავ უნდა განიხილებოდეს საარჩევნო სუბიექტად, ხოლო მათთვის საარჩევნო ბარიერი უნდა განისაზღვროს 7%-ით;
  • ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემის სრულ გაუქმებამდე, უნდა მოხდეს მაჟორიტარული სისტემის ხარვეზული მხარეების შესწავლა, აღმოფხვრა და მეტი საკანონმდებლო უფლებამოისლების განსაზღვრა მაჟორიტარი პარლამენტის წევრების რეალური პოლიტიკური საქმიანობისთვის, რაც საერთო გაგებით, სისტემის არსებობა, დაკავშირებულია ადგილებზე მუნიციპალური პოლიტიკის განვითარებასთან;
  • ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია, რომ პრეზიდენტს უნდა შეუნარჩუნდეს ვეტოს უფლება კონსტიტუციურ კანონზე, რადგან პრეზიდენტს უნდა შეეძლოს კონტროლი გაუწიოს საკანონმდებლო პროცესს;
  • ორგანიზაცია აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს, სახელწიფოს მეთაურის მიერ, საჭიროების შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამარტივებას, რათა საფრთე არ შეექმნას ქვეყნის უშიშროებას, თავდაცვისუნარიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას;
  • ორგანიზაციას მიაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება, რომლის მიზანი და ამოცანაა შეიმუშაოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია და ეფექტური სამხედრო ორგანიზება.


კომენტარები