„ახალგაზრდა ადვოკატები“ - ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულთა ადვოკატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების მცდელობები დაუშვებელია

31 მაისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების მიმართ, პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო, მოდავე მხარის წარმომადგენელთა მხრიდან მუქარის შემცვლელი განცხადებების გაკეთებას განხორციელებული ზეწოლის მცდელობად აფასებს და ფაქტს პროფესიული საქმიანობის ხელშეშლად აფასებს. როგორც ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, 2017 წლის 30 მაისს, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურას ტოვებდა, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ინტერესების დამცველ მარიკა არევაძეს პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო, პროკურატურაში საჩივრის შეტანით დაემუქრა. გიორგი მაჭავარიანმა დაზარალებულთა ინტერესების დამცველები პროკურატურის მიმართ მცდარი ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა და დაზარალებულთა ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოქმედებებს ღია და აშკარა აგრესიის, დაშინებისა და მუქარის ნიშნები გააჩნდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ადვოკატი თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელია და დაუშვებელია მის მიმართ რაიმე სახის ზემოქმედება, მუქარა და დაშინების მცდელობის შემცვლელი მოქმედებების განხორციელება, რომელიც კანონით დასჯადია და უშუალოდ დაკავშირებულია პროფესიული საქმიანობის განხორციელების ჩამოცილებასთან. შესაბამისად, ორგანიზაცია დაუშვებლად მიიჩნევს თავისუფალი პროფესიის ადამიანების მიმართ დაინტერესებული პირების მხრიდან ურთიერთობის აკრძალულ ფორმას. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებს და მათ უფლებადამცველებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, დაუბრკოლებლად განახორციელონ კლიენტთა საუკეთესო ინტერესების დაცვა, ისევე, როგორც ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციამ მხოლოდ სამართლებრივი საშუალებებით შეძლოს ბრალეული ქმედების გამომრიცხველი ფაქტების მტკციება და დადასტურება. შესაბამისად, ორგანიზაცია არ არის უფლებამოსილი, წარმოებული დავის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები შეაფასოს, ვინაიდან დაზარალებულთა ინტერესებს კვალიფიციური ადვოკატები წარმოადგენენ. 



კომენტარები